"აინტრახტი" თუ ცვაიტრახტი?

AutoSharing Option
კიოლნში, ბრემენში, შტუტგარტსა და კაიზერსლაუტერნში შვებით ამოისუნთქეს - 33-ე ტურმა ოთხივე ქალაქის გუნდს მომდევნო სეზონშიც ელიტაში თამაში გაუნაღდა. სამაგიეროდ, მეორე ბუნდესლიგის „ბუზი „ზანკტ პაულის“ დააჯდა, ვოლფსბურგში, მიონხენგლადბახსა და განსაკუთრებით ფრანკფურტში კი ნერვიულობა გრძელდება.

„ბაიერნმა“ პროგრამა მინიმუმი შეასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა, რაც „ჰანოვერის“ დამსახურებაცაა - როგორც მოსალოდნელი იყო, მირკო სლომკას გუნდმა რეკორდმაისტერის წნეხს ბოლომდე ვერ გაუძლო, თუმცა სადამდეც გაუძლო, „ჰანოვერისთვის“ ესეც დიდი მიღწევაა. მომავალ სეზონში „მაინცს“ ევროპის ლიგაში ვიხილავთ, ბრავო! ამასთან, „ზანკტ პაულის“ მწვრთნელი ჰოლგერ სტანისლავსკი და „ნიურნბერგის“ ნახევარმცველი
მარეკ მინტალი ქომაგებს ცრემლებით დაემშვიდობნენ.

თუმცა ზემოთ ნახსენები თითოეული მოვლენა ფრანკურტში მომხდარმა ამბავმა გადაფარა - „კიოლნთან“ წაგების შემდეგ, „აინტრახტის“ ფანთა განსაკუთრებით რადიკალურმა ბანდამ თავი ვეღარ გააკონტროლა და მოედანზე შეიჭრა. 10 ქომაგი დაშავდა, 6 კი პოლიციამ დააკავა. მართალია, კრისტოფ დაუმის გუნდს ჯერ კიდევ აქვს გადარჩენის თეორიული შანსი, მაგრამ ვაი ასეთ შანსს...

თქვენ წინაშეა ბუნდესლიგის 33-ე ტურის გამოხმაურება Tops & Flops-ის სახით.

Flop

დაქანცული ჩემპიონი

შეიძლება ვინმემ იფიქროს, გაჩემპიონებულმა „დორტმუნდმა“ „ვერდერს“ 3 ქულა უბრალოდ აჩუქაო, მაგრამ ასე არ არის. „ბორუსიამ“ ბრემენში ძალიანაც მოინდომა, მაგრამ იურგენ კლოპის ბიჭებს უდიდესი დაღლა ეტყობოდათ - როგორც ჩანს, ჩემპიონობა ზედმეტად დიდხანს იზეიმეს. პრინციპში, BVB-ს ვერ გავამტყუნებთ, მაგრამ გულშემატკივრებს, რომლებიც „ბორუსიას“ ბრემენში გაჰყვნენ, ძალიან უნდოდათ, რომ მათ საყვარელ გუნდს მე-12 გასვლითი მატჩიც მოეგო, რაც ბუნდესლიგის ახალი რეკორდი იქნებოდა. ბრემენელებს კი ეს მოგება გადარჩენის გასანაღდებლად სჭირდებოდა. სხვათა შორის, „ბორუსია“ ბოლო ტურში „აინტრახტს“ ხვდება, რომელსაც სამი ქულა „ვერდერზე“ ათჯერ მეტად დასჭირდება და ვნახოთ, „აჩუქებს თუ არა“ BVB სამ ქულას ფრანკფურტულ კლუბსაც.


Flop
ჰანოვერი თავის ადგილზე
მორჩა, „ჰანოვერი“ თავის ადგილზე მოჯდა. თუმცა, შეგვეძლო, სხვანაირადაც გვეთქვა, მაგალითად ასე: ბრავო, „ჰანოვერი“ ევროპის ლიგაში ითამაშებს! უბრალოდ, გააჩნია, როგორ შევხედავთ „წითლების“ მიერ ჩატარებულ სეზონს. ფაქტია, რომ მირკო სლომკას გუნდს ბოლოსწინა ტურამდე ჰქონდა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი, რაც უდიდესი სენსაცია იქნებოდა, მაგრამ „ბაიერნთან“ ბრძოლა, როგორც მოსალოდნელი იყო, წააგო. სამაგიეროდ, „ჰანოვერი“ ევროპის ლიგაში ითამაშებს, რასაც სეზონის წინ ვერავინ წარმოიდგენდა. საბოლოო ჯამში, „ჰანოვერის“ კრიზისი სეზონის მიწურულს მაინც Flop-ად უნდა შეფასდეს, რადგან შანსი იყო, მაგრამ „წითლებმა“ ვერ ივარგეს. მეტიც ბოლო ტურში, შეიძლება, მეოთხე ადგილიც დაკარგონ.

Flop
მაგათის მხდალები
„ასეთ სიტუაციაში თავი ფეხბურთელებმა ჩაიგდეს და ახლა თვითონ იფიქრონ, როგორ უნდა გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან,“ - ეს ფელიქს მაგათის სიტყვებია, რითაც „ვოლფსბურგის“ მწვრთნელმა შეგირდებისგან თავი ძალიან შორს დაიჭირა. ეს კი, ვფიქრობთ, გუნდს კარგს არაფერს მოუტანს. საკუთარ მოედანზე „კაიზერსლაუტერნთან“ წაგება (1:2) იმას ნიშნავდა, რომ „წითელი ეშმაკები“ გადარჩნენ, „ვოლფსბურგი“ კი ბოლო ტურის წინ მე-15 ადგილზეა და 34-ე ტურში „ჰოფენჰაიმს“ უნდა ესტუმროს.

„აინტრახტი“, „გლადბახი“, „ვოლფსბურგი“ - ამ ტრიოდან ერთი ნაღდად გავარდება, ერთს კი პლეი ოფში მოუწევს ბრძოლა (მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსანთან). თუ „მგლები“, უფრო სწორად, „მხდლები“ ელიტიდან გავარდებიან, ძვირადღირებული ფეხბურთელების კრებული დაიშლება და მაგათი ყველაფერს თავიდან, ნულიდან დაიწყებს - „ფეისბუქზე“ კი მისი პირველი სტატუსი ასეთი იქნება: „მოგესალმებით, მეორე ბუნდესლიგა არც ისე ცუდი ყოფილა...“

Flop
ფრანკფურტს მეორე ბუნდესლიგა არ ეკადრება
საუკეთესო შანსი, „ზანკტ პაულის“ მეორე ბუნდესლიგაში გაჰყვეს, „აინტრახტს“ აქვს. ფრანკფურტში კი ძალიან ამაყი ხალხი ცხოვრობს - ეს ხომ გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი და უმთავრესი ქალაქია ბერლინთან და ჰამბურგთან ერთად. თუკი მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითება და ანგარიში 1:8 მოკრძალებული „ზანკტ პაულის“ ქომაგებმა შედარებით მშვიდად მიიღეს, ფრანკფურტში ფანების ასოციალურმა ნაწილმა ნერვები ვერ მოთოკა და ქაოსი მოაწყო. არადა, „აინტრახტი“ ჯერ არ გავარდნილა - ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდება რომ გავარდეს! მოედანზე შეცვენილებმა დაამტვრიეს და დალეწეს ყველაფერი, რაც ხელში მოხვდათ - სარეკლამო ბანერები, კამერები და ა.შ. ფეხბურთელებმა ძლივს მოასწრეს კატაკომბებში გაუჩინარება და სისხლი რომ არ დაიღვარა, ეს პოლიციასთან ერთად, „აინტრახტის“ პრეზიდენტ პეტერ ფიშერის დამსახურებაცაა, რომელიც რადიკალებთან მივიდა და დიდხანს ამშვიდებდა. ისინი კი ყვიროდნენ, ამ კაცის გარდა ყველამ დაახვიეთ, „აინტრახტი“ ჩვენ ვართ და კიდევ ფიშერი, დანარჩენები კი ლაჩრები ხართო.

Top
მაინცი ევროპაში მიდის
თომას ტუხელს მისალოცად აქვს საქმე - ბუნდესლიგის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელს მოკრძალებული „მაინცი“ ევროპაში მიჰყავს. ამ გუნდმა არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროტურნირის საგზური სპორტული წარმატებით. თუ გახსოვთ, „მაინცი“ 2005 წელსაც თამაშობდა უეფას თასზე, მაგრამ მაშინ ფეარ პლეის რეიტინგის წყალობით გავიდა და თან წილისყრაზეც გაუმართლა, ახლა კი, ბრძოლით მოიპოვა ევროპის საგზური.

ერთი ეგაა, რომ ტუხელის გუნდი ზაფხულში ორ წამყვან ფეხბურთელს დაკარგავს: ლუის ჰოლტბი „შალკეში“ ბრუნდება (განათხოვრებული იყო), ანდრე შიურლე კი „ლევერკუზენისთვის“ შეუტევს. ასე რომ, ტუხელმა რაღაც უნდა მოიფიქროს...

Top
ბაიერნი დაწყნარდა
„ზანკტ პაულის“ ჩაქოლვის (8:1) შემდეგ, მიუხედავად უტიტულობისა, „ბაიერნში“ ბოლოს და ბოლოს ისევ ყველაფერი კარგადაა. რეკორდმაისტერმა მესამე ადგილი და ჩემპიონთა ლიგაში თამაში გაინაღდა, რაც არსებული რეალობიდან გამომდინარე, მიუნხენური გრანდისთვის კარგი შედეგია. უფრო მეტიც: დროებითი მწვრთნელის, ანდრის იონკერის ხელში „ბაიერნს“ ბოლო ტურში ვიცე-ჩემპიონობის შანსიც კი გაუჩნდა. ბავარიული გიგანტი „ლევერკუზენს“ მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება და თუ „ფარმაცევტები“ ბოლო ტურში წააგებენ, ხოლო „ბაიერნი“ კი მოიგებს, არიენ რობენი და კომპანია მეორე ადგილს დაიკავებენ, რადგან ბურთების შეფარდება +40 აქვთ, „ლევერკუზენს“ კი +19. მარიო გომესმა კი ფაქტობრივად გაინაღდა საუკეთესო ბომბარდირის წოდება - მის ანგარიშზე 27 გოლია.

Top
ფინკემ იცის, რა და როგორ...
2:0 ფრანკფურტში და მშვიდი ძილი - „კიოლნს“ სანერვიულო აღარაფერი აქვს. „თხებმა“ ფოლკერ ფინკეს ხელმძღვანელობით მეორე თამაშიც მოიგეს და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე აღარ ემუქრებათ. არადა, ფინკე ამბობს, სულაც არ მინდოდა, რომ მწვრთნელის პოსტზე აღმოვჩენილიყავიო. ვინ იცის, იქნებ ფოლკერი ამ თანამდებობაზე დარჩეს კიდეც - იქნებ მოენატრა მწვრთნელის როლი. ყოველ შემთხვევაში, „კიოლნის“ სპორტული დირექტორია და სწორედ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ვინ უხელმძღვანელებს „თხებს“ მომავალ სეზონში.

Top
იმედი გლადბახს
შესაძლოა, დამთხვევა იყოს ის, რომ მაიკ ჰანკემ თავისი პირველი მიონხენგლადბახური გოლი მხოლოდ ბოლოსწინა ტურში, მწვანე ბუცებით გაიტანა, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ მწვანე ფერი იმედთან ასოცირდება. იმედი კი, ერთადერთი რამ იყო, რაც „გლადბახს“ თუნდაც სამი კვირის წინ ჰქონდა დარჩენილი.

მიონხენგლადბახელებმა თითქმის მთელი სეზონი ბოლო ადგილზე გაატარეს და მათი ელიტიდან გავარდნაც თითქოს გარდაუვალი იყო, ახლა კი, ბოლო ტურის წინ, „გლადბახის“ ბედი მხოლოდ „გლადბახის“ ხელშია.

ჰანკეს, მარკო როისსა და კომპანიას მე-16 ადგილზე აღზევება ძალიან უხარიათ - ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ საკმარისია კიდევ ერთი მოგება და გუნდი მინიმუმ პლეი ოფს გაინაღდებს და მერე გადარჩენისთვის ორ გადამწყვეტ დუელში ან „ბოხუმს“ დაუპირისპირდება, ანაც „ფიურტს“. ბოლო ტურში კი, ლუსიენ ფავრის გუნდი „ჰოფენჰაიმს“ ესტუმრება...

XXXIII ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი, 3-1-3-3)
მარკ ანდრე ტერ შტეგენი (ბორუსია მ, 2) - ნიკოლჩე ნოვესკი (მაინცი, 1), პეტრი პასანენი (ვერდერი, 3), მიკაელ სილვესტრი (ვერდერი, 1) - კრისტიან ტიფერტი (კაიზერსლაუტერნი, 5) - არიენ რობენი (ბაიერნი, 4), ლუის ჰოლტბი (მაინცი, 3), ფრანკ რიბერი (ბაიერნი, 5) - მაიკ ჰანკე (ბორუსია მ, 3), მარიო გომესი (ბაიერნი, 6), ანდრე შიურლე (მაინცი, 4)

33-ე ტურის სიმბოლური ნაკრებში დორტმუნდის „ბორუსიას“ ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდა, რაც, დაგვეთანხმებით სენსაციაა - ასეთი რამ ამ სეზონში მხოლოდ მეორედ მოხდა. სამაგიეროდ, სიმბოლურში გამოჩნდნენ „ვერდერის“ მოთამაშეები და თანაც მცველები (!): მიკაელ სილვესტრი და პეტრი პასანენი.

ტურის გმირი
ლუის ჰოლტბი (მაინცი)
გელზენკირხენში, „ფელტის არენა აუფ შალკეს“ დიქტორმა მაინცის გამთამაშებლის გვარი რომ გამოაცხადა, მთელმა სტადიონმა ტაში დაუკრა - ხომ იცით, 20 წლის ლუის ჰოლტბი სეზონის დასრულებისთანავე „შალკეში“ დაბრუნდება. შაბათს კი მან კიდევ ერთხელ მოხიბლა არა მარტო მაინცელი ან გელზენკირხენელი ქომაგები, არამედ მთელი საფეხბურთო გერმანია - ჰოლტბის ანგარიშზე ორი საგოლე პასი და ერთი გოლია.

საუკეთესო ფეხბურთელები
33 ტურის შემდეგ, „კიკერის“ შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.61
2. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 2.62
3. ნური შაჰინი ბორუსია (დ) 2.63
4. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.69
5. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.72
6. მანუელ ნოიერი შალკე 2.76
7. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.77
8. ტომ შტარკე ჰოფენჰაიმი 2.81
9. ოლივერ ბაუმანი ფრაიბურგი 2.84
10. მარსელ შმელცერი ბორუსია (დ) 2.86

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. მარიო გომესი ბაიერნი 31 27 5 32
2. თომას მიულერი ბაიერნი 33 12 13 25
3. ფრანკ რიბერი ბაიერნი 26 7 17 24
4. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 31 22 1 23
5. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 32 6 15 21
6. მილოვოე ნოვაკოვიჩი კიოლნი 27 16 5 21
7. არიენ რობენი ბაიერნი 13 12 9 21
8. არტურო ვიდალი ლევერკუზენი 32 10 11 21
9. ლუკას ბარიოსი ბორუსია (დ) 31 14 6 20
10. დიდიე ია კონანი ჰანოვერი 27 13 7 20
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული