აუგსბურგი: პირველად ელიტაში

AutoSharing Option
ბერლინის „ჰერტას“ შემდეგ, პირველი ბუნდესლიგის საგზური კიდევ ერთმა გუნდმა გაინაღდა: ეს გახლავთ მიუნხენთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქის, აუგსბურგის გუნდი ასეთივე სახელწოდებით FC Augsburg, შემოკლებითFCA. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ „აუგსბურგს“ პირველ ბუნდესლიგაში აქამდე არასდროს უასპარეზია.

„ფრანკფურტთან“ მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ, რამაც აუგსბურგელებს ელიტის საგზური ფაქტობრივად გაუნაღდა, ლუდით გაწუწული მწვრთნელი იოს ლუჰუკაი საპრესკონფერენციო დარბაზში იჯდა და როგორც ყოველთვის, დიდხანს ფიქრობდა, რა და როგორ ეთქვა. სწორედ ამ დროს, დარბაზში ფეხბურთელები შევარდნენ - მათ წინ თავდამსხმელი ნანდო რაფაელი მოუძღოდათ, რომელმაც ლუდის უდიდესი
კათხა შემოიტანა და თანაგუნდელებთან ერთად ყველა გაწუწა - მწვრთნელიც, პრესატაშეც და ჟურნალისტებიც.

მერე რაფაელი მიკროფონს მივარდა და იყვირა: „ამიერიდან მე ვარ აქ მთავარი ბოსი და ახალი მწვრთნელიც, იოსს შეუძლია შვებულებაში წავიდეს!“ მალევე რაფაელს მიკროფონი ხელიდან ნახევარმცველმა იბრაჰიმა ტრაორემ გამოგლიჯა და ჩასძახა: „ლიონელ მესი ყოველდღე მირეკავს და მეკითხება, ასეთ რაღაცებს მოედანზე როგორ აკეთებთ, შენნაირი ფინტები არც კი დამესიზმრებაო. ყოველდღე მირეკავს ჟოზე მოურინიოც და მეხვეწება, „რეალში“ გადმოდი, ძალიან გვჭირდებიო, მაგრამ მე სულ უარს ვეუბნები.“ მოკლედ, აუგსბურგელები ხუმრობდნენ და ზეიმობდნენ, როგორც შეეძლოთ...

„ჩვენ აბსოლუტურად დამსახურებულად გადავდივართ პირველ ბუნდესლიგაში და ამ დღეებში ყველა ბარსა თუ ღამის კლუბს მოვივლით, ყველა შესაძლო სასმელს დავლევთ,“ - ეს კი თავდამსხმელ მიხაელ თურკის სიტყვებია. გასაკვირი არაფერია - „აუგსბურგი“ პირველად ითამაშებს ელიტაში.

„ეს ამ გუნდისთვის და ამ ქალაქისთვის ძალიან დიდი წარმატებაა, - აცხადებს მწვრთნელი ლუჰუკაი, - ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება. სეზონის წინ ამაზე მხოლოც ვოცნებობდი. ეს პირადად ჩემთვის უფრო დიდი წარმატებაა, ვიდრე მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ პირველ ბუნდესლიგაში გადაყვანა, რაც 2008 წელს მოვახერხე. საქმე იმაშია, რომ „გლადბახი“ უდიდესი ისტორიისა და ტრადიციების მქონე გუნდია, „აუგსბურგისგან“ კი ამას არც არავინ ელოდა და არც არავინ ითხოვდა.“

ამრიგად, „აუგსბურგი“ 51-ე გუნდია, რომელიც პირველ ბუნდესლიგაში იასპარეზებს. მართალია, გუნდს მეორე ადგილი ოფიციალურად ჯერ არ გაუნაღდებია, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ ლუჰუკაის ბიჭებმა მეორე ადგილი დათმონ, რადგან ბოლო ტურის წინ მესამეადგილოსან „ბოხუმს“ სამი ქულით უსწრებენ, ბურთების შეფარდების მხრივ კი 20 გოლით სჯობნიან - ხომ ხვდებით, უტოპიაა ის, რომ „აუგსბურგმა“ ბოლო ტურში 0:10 წააგოს, „ბოხუმმა“ კი მინიმუმ 11:0 მოიგოს. შვაბები ბოლო ტურში „ჰერტას“ ხვდებიან და მოკლედ, ბერლინელები და აუგსბურგელები ერთად იზეიმებენ.

„უკვე დღეიდან პირველ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლას ვიწყებთ. „ფრაიბურგს“, „მაინცს“ და „ჰანოვერს“ უნდა მივბაძოთ. იმედია, ელიტიდან აღარასოდეს გავვარდებით,“ - ეს გუნდის მენეჯერის, ანდრეას რეტიგის სიტყვებია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
აუგსბურგელები ბავარიელები არიან და არა შვაბები,ვინაიდან ქალაქი აუგსბურგი ბავარიის მიწაზეა და არა ბადენ-ვიურტემბერგის,სადაც შვაბები ცხოვრობენ.
achiles
10:30 10-05-2011
0
შენ წარმოიდგინე და შვაბები ბავარიის მიწაზეც ცხოვრობენ... აუგსბურგი კი ბავარიის მიწაზე მდებარე შვაბური რეგიონის ცენტრია.
Giorgipirweli
11:03 10-05-2011
0

სიახლეები პოპულარული