პეტერსენის აგენტი ლარს-ვილჰელმ ბაუმგარტენი აცხადებს, რომ ნილსის თაობაზე საერთო ჯამში 14 გუნდიდან დაუკავშირდნენ, საიდანაც 10 ბუნდესლიგის წარმომადგენელია და
პეტერსენმა მეორე ბუნდესლიგაში 24 გოლის გატანა შეძლო და ბომბარდირის წოდება გარანტირებული აქვს და ამ მიღწევით მან შარშანდელი შედეგი ორმაგად გააუმჯობესა. თუმცა მეორე ბუნდესლიგა მაინც მეორე ბუნდესლიგაა და ექსპერტები ჯერ კიდევ ეჭვობენ, შეძლებს თუ არა „კოტბუსის“ ფორვარდი იმას, რომ ელიტაშიც ასეთივე შედეგიანი იყოს. თავად ფეხბურთელი აცხადებს, რომ პირველი ბუნდესლიგისთვის უკვე მზადაა. ასეა თუ ისე, ექსპერტები პეტერსენს „ჰამბურგში“ გადასვლას უფრო ურჩევენ, რადგან „ბაიერნისგან“ განსხვავებით, HSV-ს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრების გაცილებით უკეთესი შანსი ექნება. თანაც, „ჰამბურგის“ მწვრთნელი მიხაელ იონინგი ხომ სწორედ ტალანტების აღმოჩენისა და მათი განვითარების ნიჭით დაჯილდოვებული სპეციალისტის სახელითაა ცნობილი.
პეტერსენი ტიპური ცენტრფორვარდია, რომელიც მუდმივად საჯარიმოშია. კონტრშეტევების დროს უმეტესად უმაქნისია, რადგან დიდი სისწრაფით არ გამოირჩევა და არც ისეთი ტექნიკურია, რომ მცველი იოლად მოატყუოს. დამთხვევა ნამდვილად არ არის ის, რომ ამ სეზონში არცერთი გოლი არ გაუტანია სისწრაფის ხარჯზე ან საჯარიმოს გარედან. „ერთ მატჩში ბურთთან 100 კონტაქტი არასდროს მქონია, - იცის პეტერსენმა, - სამაგიეროდ, შესანიშნავი საგოლე ალღო მაქვს და ვიცი, როდის სად უნდა გავიხსნა. იმისათვის, რომ გოლები გავიტანო, მჭირდება გუნდი, რომელიც შემტევ ფეხბურთს ითამაშებს და ნახევარმცველები, რომლებიც პასებით მომამარაგებენ.“
ამ თვალსაზრისით მას ნაღდად „ბაიერნი“ ურჩევნია, სადაც ფრანკ რიბერი, არიენ რობენი, თომას მიულერი და ბასტიან შვაინშტაიგერი მისთვის პასებს არ დაინანებენ, მაგრამ უღირს რეკორდმაისტერში გადასვლა - გუნდში, სადაც პირველი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი მარიო გომესი თამაშობს? ხელფასის თვალსაზრისით ნამდვილად უღირს, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა? „ვიცი, რომ „ბაიერნში“ გადასვლის შემთხვევაში თავიდან სკამზე ჯდომა მომიწევს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ მეშინია,“ - ამბობს პეტერსენი.
ასეთ მდგომარეობაში მყოფი თავდამსხმელი, რომელიც „ბაიერნში“ გადავიდა და იმედები ასი პროცენტით გაამართლა, მხოლოდ ერთი იყო: 1984 წელს როლანდ ვოლფარტი მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირი გახდა (დუისბურგის ფორმით 30 გოლი გაიტანა) და მერე რეკორდმაისტერს მიაშურა, სადაც გოლების გატანა თავიდანვე დაიწყო. მეორე მხრივ, მარიო გომესი სწორედ პეტერსენის სტილის თავდამსხმელია. ის „ბაიერნში“ თავის დროზე უკვე შემდგარი გოლეადორის სახელით გადავიდა და მიუხედავად ამისა, მიუნხენური გრანდისთვის შესაგუებლად ძალიან დიდი დრო დასჭირდა - გომესმა გოლების გატანა მხოლოდ ამ სეზონშიღა დაიწყო.
ნილს პეტერსენი საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალი კვირის დასაწყისში მიიღებს. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ უარს „ჰამბურგს“ შეუთვლის და „ბაიერნში“ გადასვლას გარისკავს, რადგან მიუნხენურ გრანდში გადაბარგების შანსი სხვა დროს შეიძლება აღარ მიეცეს...