ჰამითი "რეალში", კლოზე "იუვეში"?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საგზურის განაღდების შემდეგ, მიუნხენის „ბაიერნი“ სატრანსფერო ციებ-ცხელებაში ჩაება, ოღონდ, ჯერ კონკრეტულად მხოლოდ მიუნხენიდან წამსვლელ მოთამაშეებზეა საუბარი. ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ 22 წლის მეკარე თომას კრაფტი ბერლინის „ჰერტაში“ გადავა, 21 წლის ნახევარმცველი მეჰმეთ ექიჩი, რომელიც „ნიურნბერგშია“ განათხოვრებული, ბრემენის „ვერდერს“ უნდა და ეს ტრანსფერიც თითქმის გადაწყვეტილია (უბრალოდ, „ვერდერს“ ექიჩიში „ჰამბურგიც“ ეცილება). ამასობაში, მადრიდის „რეალმა“ „ბაიერნის“ რეზერვისტი ნახევარმცველის, ჰამით ალთინთოფის გადაბირება მოისურვა, მიროსლავ კლოზეს კი დორტმუნდის „ბორუსიასა“ და ტურინის „იუვენტუსში“ ეპატიჟებიან.

გუშინ დილას კრაფტმა ჩვეულებრივად ივარჯიშა და თორმეტის ნახევარზე გულშემატკივრებს ავტოგრაფებიც ჩამოურიგა.
ვარჯიშის შემდეგ კი ახალგაზრდა მეკარე ბერლინში გაფრინდა, ოღონდ ეს ვიზიტი გასაიდუმლოებული იყო, თუმცა „ბილდის“ ჟურნალისტებს ხომ არაფერი გამოეპარებათ. „ჰერტას“ მთავარმა მწვრთნელმა მარკუს ბაბელმა რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ გაიმეორა, კრაფტი ძალიან მაგარი მეკარეა, რომელიც მაგრად გვჭირდება და იმედი მაქვს, რომ მომავალ სეზონში „ჰერტას“ კარს დაიცავსო - შეგახსენებთ, ლევან კობიაშვილის გუნდმა უკვე გაინაღდა პირველი ბუნდესლიგის საგზური და ერთწლიანი მეორელიგელობის შემდეგ ისევ ელიტაში ბრუნდება. „ბილდის“ ინფორმაციით, კრაფტი „ჰერტასთან“ ოთხწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და წელიწადში ერთ მილიონ ევროს აიღებს.

მოგვიანებით, თვითონ თომასმაც არ დამალა, რომ ბერლინელებთან შეთანხმებას მიაღწია: „ჰერტა“ დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე გუნდია, ბერლინი კი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია. ამ გუნდში თამაში ჩემთვის დიდი პატივი იქნება“, - უთხრა კრაფტმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

მიუნხენიდან წასვლა გადაწყვეტილი აქვს მეჰმეთ ექიჩისაც, რომელიც ამ სეზონში „ნიურნბერგშია“ განათხოვრებული. გუშინ, „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ნერლინგერმა და მისმა ბრემენელმა კოლეგამ კლაუს ალოფსმა მოლაპარაკებები გამართეს. აღსანიშნავია, რომ ექიჩისთვის „ჰამბურგიც“ იბრძვის.

კლოზეს „ბაიერნთან“ კონტრაქტი რომ უმთავრდება, ეს ამბავი მკითხველებს დიდი ხანია ვაცნობეთ. შეგახსენებთ მხოლოდ იმას, რომ აქედან გამომდინარე, თუ ახალი ხელშეკრულება არ გააფორმა, მირო ზაფხულში უფასო იქნება. კლოზემ უკვე შეუთვალა უარი „ჰოფენჰაიმს“. მისი გადაბირება დორტმუნდის „ბორუსიას“, „ტოტენჰემსა“ და „იუვენტუსს“ სურთ. ჩვენი გერმანელი კოლეგების აზრით, მირო არჩევანს „იუვესა“ და „ბორუსიას“ შორის გააკეთებს.

რაც შეეხება ჰამით ალთინთოფს: 28 წლის თურქ ნახევარმცველს კლოზეს დარად კონტრაქტი უმთავრდება. მისდამი ყველაზე დიდ ინტერესს თურქული გრანდები იჩენენ, მაგრამ სხვადასხვა გერმანული გაზეთები წერენ, რომ ჰამითის გადაბირება მადრიდის „რეალმა“ მოინდომა - სამეფო გუნდი კი, როგორც ხვდებით, უკონკურენციო იქნება.

ვინ მოვა? საკითხავი აი, ეს არის

აი, პოტენციური ბაიერნელების სიაში კი განსაკუთრებული სიახლე ჯერ არ არის. დაცვის ცენტრისთვის ჟერომ ბოატენგი (მანჩესტერ სიტი) და ჟუანი (რომა) განიხილებიან, ნახევარდაცვისთვის არტურო ვიდალი (ლევერკუზენი), მეორე მეკარეობისთვის კი ჰაინც მიულერი (მაინცი) და გერჰარდ ტრემელი (ზალცბურგი). მიუნხენური გრანდის შეფებს ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის დამზღვევი გარემარბების შეძენა სურთ, რომლებიც ფრანგს ან ჰოლანდიელს დაშავების ან დისკვალიფიკაციის შემთხვევაში ჯეროვნად შეცვლიან და მიზანში ორი ფეხბურთელი ჰყავთ ამოღებული: მარკო როისი (მიონხენგლადბახის „ბორუსია“) და ივო ილიჩევიჩი (კაიზერსლაუტერნი). ფაქტია ისიც, რომ თუ განახორციელა, რეკორდმაისტერი ამ ტრანსფერებითაც არ დაკმაყოფილდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული