მგლების იმედი მანჯუკიჩია

AutoSharing Option
გადარჩენა, პლეი ოფი მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსანთან თუ ელიტიდან გავარდნა? გერმანიის 2009 წლის ჩემპიონი „ვოლფსბურგი“ სენსაციური ტრიუმფიდან 2 წლის შემდეგ, უკანასკნელი ტურის წინ მძიმე მდგომარეობაშია. შაბათს, ბუნდესლიგის საფინიშო ტურში „მგლები“ „ჰოფენჰაიმს“ სტუმრობენ და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ემუქრებათ. მართალია, მწვრთნელ-მენეჯერის პოსტზე დაბრუნებულმა ფელიქს მაგათმა რაღაც-რაღაცების გამოსწორება შეძლო, მაგრამ იმდენი მაინც ვერ მოახერხა, რომ ვოლფსბურგელებისთვის გადარჩენა ბოლო ტურამდე გაენაღდებინა. შესაბამისად, გუნდი, რომელიც ორი წლის წინ გერმანიის ჩემპიონი იყო, ახლა მე-15 ადგილის დაკავებაზე ოცნებობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ახლა კარგ
ფორმაშია და რომლის იმედიც მთელ ვოლფსბურგს აქვს, 24 წლის ხორვატი თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩია, რომელსაც მაგათის წინამორბედები, ჯერ სტივ მაკლარენი, მერე კი პიერ ლიტბარსკი არასწორ პოზიციაზე ათამაშებდნენ, ფელიქსის ხელში კი, როგორც იქნა, გოლების გატანა დაიწყო. შესაძლოა, მანჯუკიჩი „ვოლფსბურგის“ გადარჩენის მთავარი გარანტი გახდეს.

33-ე ტურამდე ვოლფსბურგელებს სამმატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ და იმ სამი შეხვედრიდან ორი მოიგეს კიდეც (4:1 კიოლნთან და 1:0 ვერდერთან), რამაც ყველას აფიქრებინა, რომ გერმანიის 2009 წლის ჩემპიონს ბოლო ტურში ნერვიულობა აღარ მოუწევდა, მაგრამ წარმატებულ სერიას საკუთარ მოედანზე „კაიზერსლაუტერნთან“ წაგება მოჰყვა. „მგლები“ „ფოლკსვაგენარენაზე“ 1:2 დამარცხდნენ და მანჯუკიჩი მართლა ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელმაც მაგათს იმედი დაუტოვა - მარიომ მე-6 წუთზევე შეძლო „კაიზერსლაუტერნის“ კარში გოლის გატანა. სხვა საქმეა ის, რომ ვოლფსბურგელებს ეს გოლი არ ეყოთ.

ეს მანჯუკიჩის მეექვსე გოლი გახლდათ ამ სეზონის მეორე წრეში. გეთანხმებით, ეს არ არის საუცხოო შედეგი (მით უმეტეს თავდამსხმელისთვის), მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ წინა ზაფხულში ნაყიდ ხორვატს ფორვარდს პირველ წრეში ერთი გოლიც არ გაუტანია, მივხვდებით, რომ მანჯუკიჩმა მაგათის ხელში აშკარად პროგრესი განიცადა. ამ ყველაფერიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ „ვოლფებს“ იანვარს აქეთ ედინ ჯეკო აღარ ჰყავთ, მანჯუკიჩი, რომელიც 21 მაისს 25 წლის ხდება, დღესდღეობით „ვოლფსბურგის“ მთავარი იმედია.

მანჯუკიჩი გერმანულ კლუბში წინა ზაფხულში, ზაგრების „დინამოდან“ გადავიდა. ხორვატიის ნაკრების 18-გზის მოთამაშეს, „დინამოს“ რიგებში 110 მატჩში 52 გოლი ჰქონდა გატანილი და მისგან ბუნდესლიგაშიც გოლებს ელოდებოდნენ, მაგრამ მისი ვოლფსბურგული კარიერა ძალიან ცუდად დაიწყო, რაც მეტწილად „მგლების“ ყოფილი მწვრთნელის, სტივ მაკლარენის ბრალია. მარიო ცენტრალური თავდამსხმელია, რომელიც მუდმივად საჯარიმოში უნდა მოძრაობდეს, ინგლისელი სპეციალისტი კი 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში ხან მარცხენა, ხანაც მარჯვენა გარემარბად ათამაშებდა.

როგორც ჩანს, მანჯუკიჩს სწორედ მაგათი სჭირდებოდა იმისათვის, რომ გოლების გატანა დაეწყო და კითხვაზე, რა მოუხერხა მარიოს ისეთი, რომ ხორვატი ფორვარდი ასე რადიკალურად შეიცვალა უკეთესობისკენ, „დესპოტმა ფელიქსმა“ ჩვენს გერმანელ კოლეგებს ძალიან მარტივად უპასუხა: „არც არაფერი... უბრალოდ, ყველა ფეხბურთელს აქვს თავისი საყვარელი პოზიცია და მარიო ახლა სწორედ ასეთ პოზიციაზე თამაშობს.“

ამრიგად, შაბათს „ვოლფსბურგი“ სწორედ მანჯუკიჩმა უნდა გადაარჩინოს, რადგან ისევე, როგორც ქომაგებს, სხვა ლიდერების იმედი აღარც მაგათს აქვს. მაგალითად, გერმანელი ექსპერტები ასი პროცენტით დარწმუნებულები არიან იმაში, რომ მაგათი ზაფხულში დიეგოს თავიდან მოიშორებს, რადგან ასეთ არამშრომელ და ზარმაც მოთამაშეებს ვერ იტანს. რაც მთავარია, „ვოლფსბურგის“ ბედი „ვოლფსბურგის“ ხელშია, რასაც გავარდნის სხვა კანდიდატებზე, მიონხენგლადბახის „ბორუსიასა“ და მით უმეტეს ფრანკფურტის „აინტრახტზე“ ნამდვილად ვერ ვიტყვით.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული