მოკლედ, ნოიერის მოსალოდნელმა ტრანსფერმა კონკრეტული ფორმა მიიღო. „ბილდის“ ინფორმაციით, „ბაიერნი“ მზადაა, გერმანიის ნაკრების მეკარეში მინიმუმ 18 მილიონი ევრო გადაიხადოს და ამ თანხას უმატებს სხვადასხვა გადასახადებს, რაც
„დიახ, ჩვენ საკმაოდ ნაყოფიერი მოლაპარაკება გვქონდა. მიუნხენელებმა ახლა უკვე უკეთესი პირობები შემოგვთავაზეს, მაგრამ გადაწყვეტილი ჯერ მაინც არაფერია,“ - ეს ჰელდტის სიტყვებია. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ეს იყო „ბაიერნისა“ და „შალკეს“ ბოსების მესამე შეხვედრა აპრილის შემდეგ. პირველი მოლაპარაკებები რუმენიგეს, „ბაიერნის“ ფინანსურ დირექტორ კარლ ჰოპფნერსა და „შალკეს“ მხრიდან ჰელდტსა და ფინანსურ დირექტორ პეტერ პეტერს შორის დიუსელდორფში შედგა. მეორე შეხვედრა კი მიუნხენში, „ბაიერნისა“ და „შალკეს“ მატჩის (4:1 მიუნხენელების სასარგებლოდ) შემდეგ, პრეზიდენტების ული ჰიონესისა და კლემენს ტიონიესის მონაწილეობით გაიმართა.
გუსტავო და როისი ნოიერის ტრანსფერში?
იყო საუბრები იმის შესახებ, რომ „შალკე“ ნოიერის სანაცვლოდ მინიმუმ 25 მილიონ ევროს ითხოვდა, რაზეც „ბაიერნის“ მენეჯერმა ნერლინგერმა თქვა, ეს უბრალოდ სასაცილო თანხაა, ამდენს ნაღდად არ გადავიხდითო. ახლა ირკვევა, რომ შესაძლოა, მიუნხენელებმა გელზენკირხენელებს ფულთან ერთად, ფეხბურთელიც შესთავაზონ და პირველი კანდიდატი იანვარში „ჰოფენჰაიმიდან“ ნაყიდი ლუის გუსტავოა.
ბავარიელებმა „ჰოფენჰაიმს“ ბრაზილიელში 15 მილიონი გადაუხადეს და ყველამ იცის, რომ ეს უკანასკნელი რალფ რანგნიკის ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელია - „პროფესორი რალფი“ გუსტავოს „ჰოფენჰაიმში“ სამი წლის მანძილზე წვრთნიდა და გუნდიდან სწორედ იმის გამო წავიდა, რომ ხელმძღვანელებმა ლუისი გაუყიდეს. „შპორტ ბილდის“ ცნობით, შესაძლოა, ნოიერის ტრანსფერში სხვა პუნქტიც ჩაიდოს - კერძოდ ის, რომ „ბაიერნი“ თავს დაანებებს „გლადბახის“ 21 წლის გარემარბ მარკო როისს, რათა ეს უკანასკნელი „შალკემ“ იყიდოს.
ვინ შეცვლის ნოიერს შალკეში?
გერმანული პრესა წერს, რომ „შალკეს“ ბოსები ნოიერის შემცვლელად სამ კანდიდატს მოიაზრებენ - „ვერდერის“ კიპერ ტიმ ვიზეს, „ჰანოვერის“ მეკარე რონ-რობერტ ცილერსა და ჰოლანდიის ნაკრების კარის დარაჯ მაარტენ სტეკელენბურგს. 22 წლის ჰანოვერელი 4 მილიონი ევრო ღირს და ამ მხრივ ყველაზე იაფი ვარიანტია, სტეკელენბურგი და ვიზე კი, გელზენკირხენელებს მინიმუმ სამჯერ ძვირი დაუჯდებათ. ჰოლანდიელით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „არსენალიც“ არიან დაინტერესებულები და თუ მაარტენის ყიდვა სერიოზულად მოისურვეს, „შალკეს“ მათთვის კონკურენციის გაწევა გაუჭირდება. თანაც, გელზენკირხენული კლუბი სახელფასო ფონდის 70-დან 50 მილიონამდე შემცირებას გეგმავს, სტეკელენბურგი კი ნამდვილად არ არის დაბალანაზღაურებადი კადრი.
ჩვენი გერმანელი კოლეგები იმასაც წერენ, რომ რაულის „შალკედან“ აბარგება გამორიცხული აღარაა. მართალია, ვეტერანმა ესპანელმა თქვა, რომ 2012 წლამდე გაფორმებულ კონტრაქტს 2013 წლამდე სიამოვნებით გააგრძელებს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რანგნიკის საყვარელი ტაქტიკა 4-3-3-ია, რომელშიც რაული ვერ ჯდება.