გომესმა შეიგნო

AutoSharing Option
წინა უქმეებზე, „ზანკტ პაულისა“ და „ბაიერნის“ მატჩში მარიო გომესმა ანგარიში 7:1 რომ გახადა, ეს მიუნხენელთა თავდამსხმელისთვის ბუნდესლიგაში რიგით მე-100 გოლი იყო. აქედან, გომესს 37 გოლი რეკორდმაისტერის ფორმით აქვს გატანილი, 63 კი ყოფილი გუნდის, „შტუტგარტის“ შემადგენლობაში შეაგდო. ამ სეზონში კი გომესს 27 გოლი დაუგროვდა და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საუკეთესო ბომბარდირის წოდებისთვის ბრძოლაში პირველობა გაინაღდა. სიმბოლურია ის, რომ ბოლო ტურში გომესი სწორედ „შტუტგარტის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

ამ შეხვედრაში მარიოს ამბიცია ბომბარდირის სტატუსის საბოლოოდ გაფორმება იქნება, ზოგადად „ბაიერნის“ მიზანი კი მეორე ადგილის დაკავებაა.
თუმცა 27 გოლის მარიოს ფაქტობრივად აძლევს იმის გარანტიას, რომ ბოლო ტურში უპირველესი მდევარი, ფრაიბურგელი პაპის დემბა სისე ვეღარ გადაასწრებს. სისესთან დუელი თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში დაძაბულად მიმდინარეობდა, მაგრამ მარტო ბოლო ოთხ მატჩში გომესმა 8 გოლის გატანა შეძლო და ფრაიბურგელს ახლა ხუთი გოლით უსწრებს.

თუკი მარიო იმდენს მოახერხებს, რომ „შტუტგარტთან“ ზედიზედ მესამე ჰეთ-თრიკსაც შეასრულებს, 30 გოლი დაუგროვდება, რაც იმის მაუწყებელი იქნება, რომ ბუნდესლიგის ისტორიაში ბოლო 34 წლის განმავლოვაში, საუკეთესო ბომბარდირმა პირველად შეძლო 30 გოლის გატანა. ასეთი შედეგი ბოლოს, რა თქმა უნდა, მიულერს ჰქონდა, ოღონდ არა გერდს, არამედ დიტერს (1976/77 წლების სეზონში), რომელიც „კიოლნის“ ღირსებას იცავდა.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია, რაც გომესი ბუნდესლიგის ერთ-ერთ საუკეთესო და სტაბილურ გოლეადორად მიიჩნევა, საუკეთესო ბომბარდირობას აქამდე ვერაფრით ახერხებდა - ხან ვინ სჯობნიდა, ხან ვინ. გერმანიის ნაკრებში კი, მარიო უფრო არასტაბილური იყო, მნიშვნელოვან შეხვედრებში გოლების გატანას ვერ ახერხებდა და დღემდე მიიჩნევა, რომ ბუნდესგუნდის პირველი ცენტრფორვარდი მაინც მიროსლავ კლოზეა და არა გომესი - ის კლოზე, რომელსაც „ბაიერნში“ გომესის დუბლიორის როლი აქვს.

გომესმა „ბაიერნში“ პირველი სეზონი ჩააგდო, რის გამოც მაგრადაც აკრიტიკებდნენ და ბევრმა ექსპერტმა რეკორდმაისტერის მიერ შტუტგარტისთვის გადახდილი ბუნდესლიგისთვის სარეკორდო თანხა, 35 მილიონი ევრო, წყალში გადაყრილ ფულად მონათლა. ამ სეზონში კი უკვე სულ სხვა, გაცილებით შედეგიანი გომესი ვიხილეთ, რომელიც მიუხედავად „ბაიერნის“ წარუმატებლობებისა, გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ხდება. შესაბამისად, მისთვის კომპლიმენტებს არც ბუნდესმწვრთნელი იოახიმ ლიოვი იშურებს: „ის ფაქტი, რომ 33 ტურის შემდეგ 27 გოლი აქვს გატანილი, გომესის გოლეადორულ ნიჭზე იდეალურად მეტყველებს და მისი შესაძლებლობების დამადასტურებელი საბუთია. რაც ყველაზე მთავარია, მარიო თავდაჯერებული გახდა და საკუთარი ძალები ირწმუნა. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის წინ მუდმივად ძირითად შემადგენლობაში თამაშს არავინ პირდებოდა, დაამტკიცა, რომ უმაღლესი კლასის თავდამსხმელია,“ - აცხადებს ლიოვი.

ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილის არქონა ზედმეტად რბილი ნათქვამია - გომესის მდგომარეობა კი უფრო რთული იყო. თვითონ განსაჯეთ: სეზონის წინ, მარიო „ბაიერნის“ რიგით მესამე ცენტრფორდვარდად მიიჩნეოდა, მირო კლოზე და ივიცა ოლიჩი მასზე წინ იდგნენ. ამიტომაც იყო, რომ გომესი აგვისტოში სერიოზულად ფიქრობდა „ბაიერნიდან“ გაქცევაზე და კინაღამ „ლივერპულში“ ამოყო თავი. მერე კი, ოლიჩმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და გაირკვა, რომ მთელი სეზონის განმავლობაში ვერ ითამაშებდა, კლოზე კი ცუდ ფორმაში იყო, რითაც გომესმა ასი პროცენტით ისარგებლა და პირველი ცენტრფორვარდის სტატუსი მიიღო. გარდამტეხი მე-8 ტური გამოდგა, რომელშიც გომესმა „ჰანოვერთან“ შეხვედრაში (3:0) ჰეთ-თრიკი შეასრულა. ამით მან ერთი მხრივ უმძიმესი წნეხი მოიშორა, მეორემხრივ კი თავდაჯერება მოემატა. საფინალო სასტვენის შემდეგ, მრავალგზის გაკრიტიკებული მარიო ფანებთან არ მისულა - პირდაპირ კატაკომბებში გაუჩინარდა, რაც ძალიან იშვიათი შემთხვევაა. მატჩის გმირები გულშემატკივრებთან ხომ პირველები მირბიან ხოლმე.

იმ შეხვედრის შემდეგ გომესმა თქვა, იმედი მაქვს, რომ კრიტიკოსებისგან ახლაც მივიღებ რჩევებსო, „ზიუდდოიჩე ცაითუნგი“ კი „ბაიერნი“-„ჰანოვერის“ მიმოხილვაში წერდა: „ვისაც ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ მარიო გომესმა ერთ შეხვედრაში სამი გოლის გატანა შეძლო, აჰა, კიდევ ერთხელ ნახეთ ტექნიკური მონაცემები...“
საერთო ჯამში, გომესმა ამ სეზონში ხუთჯერ შეძლო ჰეთ-თრიკის შესრულება. ერთი წლის წინ კი, ყველა იმას ამბობდა, გომესს გოლების გატანა მარტო „შტუტგარტში“ შეეძლო, გუნდში, სადაც ყველა ნახევარმცველი მხოლოდ მასზე მუშაობდა და გუნდში, რომელსაც მეტოქეები დაცვაში ისე არ უდგებიან, როგორც „ბაიერნსო“.
ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ თვითონ მარიო გომესმა უნდა იცოდეს, რატომ ვერ გაჰქონდა გოლები „ბაიერნში“ ამ სეზონამდე. ხოლო ის ფაქტი, რომ მარიო სწორედ „ბაიერნში“ ხდება ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი და აღწევს ისეთ წარმატებას, რაც „შტუტგარტის“ რიგებში ამ გუნდის საჩემპიონო სეზონშიც (2007 წელს) ვერ მოახერხა, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მან ბოლოს და ბოლოს შეიგნო და შეისისხლხორცა, რა როლი აქვს მიუნხენურ გრანდში - მეტოქის კარის წინ თუ საერთოდ გუნდში.


მარიო გომესის გოლები ბუნდესლიგაში
ამ ცხრილით ნათლად დაინახავთ მარიო გომესის შედეგიანობას 2003 წლიდან დღემდე. შეგახსენებთ, რომ მას ბუნდესლიგაში დებიუტი სწორედ 2003/2004 წლების სეზონში ჰქონდა. რაკი მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირობა გომესს ოფიციალურად ჯერ არ გაუნაღდებია, ცხრილში ამ სეზონის ბომბარდირის ვინაობა მაინც კითხვის ნიშნით დავწერეთ. სხვა სეზონებში, კი შეგიძლიათ, მისი შედეგები საუკეთესო ბომბარდირების შედეგებს შეადაროთ.

სეზონი გოლი საგ. პასი თამაში ბომბარდირი (გუნდი)/გოლი
2010/2011 27 5 31 მარიო გომესი ("ბაიერნი")/27
2009/2010 10 5 29 ედინ ჯეკო (ვოლფსბურგი)/22
2008/2009 24 8 32 გრაფიტე (ვოლფსბურგი)/28
2007/2008 19 3 25 ლუკა ტონი (ბაიერნი)/24
2006/2007 14 8 25 თეოფანის გეკასი (ბოხუმი)/20
2005/2006 6 3 30 მიროსლავ კლოზე (ვერდ.)/25
2004/2005 0 0 8 მარეკ მინტალი (ნიურნბ.)/24
2003/2004 0 0 1 აილტონი (ვერდერი)/28


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული