უბალაკოდ, მაგრამ როისით!

AutoSharing Option
გუშინ გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც 29 მაისს ურუგვაის (ამხანაგური მატჩი), 3 ივნისს ავსტრიას და 7 ივნისს აზერბაიჯანს (ორივე ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრაა) დაუპირისპირდება. როგორც მოსალოდნელი იყო, სიაში ისევ არ არის კაპიტანი მიხაელ ბალაკი. სამაგიეროდ, იოგიმ მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ ახალგაზრდა გარემარბ მარკო როისს უხმო, რომელსაც ბუნდესგუნდში დებიუტი ექნება.

„მიხაელ ბალაკი გამოძახებულთა სიაში არ არის, რაც მასთანაც შევათანხმე. ბოლო დღეებში ბალაკს ხშირად ვესაუბრებოდი, მარტში კი შევხვდი კიდეც,“ - ასე განმარტა ლიოვმა ბალაკის გამოუძახებლობა მიუხედავად იმისა,
რომ ეს უკანასკნელი ტრავმირებული დიდი ხანია აღარ არის. თუმცა ბალაკის გამოუძახებლობა სიურპრიზი არავისთვის ყოფილა. მართალია, სანამ 34 წლის ნახევარმცველი ტრავმირებული იყო, ლიოვი ამბობდა, როგორც კი ფორმაში ჩადგება, აუცილებლად ვუხმობო, მაგრამ როგორც ხედავთ, მიხაელზე მაინც უარს ამბობს. არადა, სამი ხედირა ტრავმირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ უცნობია, ვინ ითამაშებს მეორე საყრდენად, ბასტიან შვაინშტაიგერის გვერდით. ხედირა გამოძახებულია, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილ შეხვედრებში მისი ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშაა. დიდი შანსია, რომ ლიოვმა შვაინშტაიგერის გვერდით ბალაკის თანაკლუბელი სიმონ როლფესი ათამაშოს.
სამაგიეროდ, გერმანიის ნაკრებში დებიუტისთვის ემზადება „გლადბახის“ უნიჭიერესი გარემარბი მარკო როისი. ლიოვს ეს უკანასკნელი ორჯერ უკვე ჰყავდა გამოძახებული, მაგრამ როისს ორივეჯერ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ბუნდესგუნდში მისი დებიუტი დღემდე არ შემდგარა. „როისი შესანიშნავ ფორმაშია და ამიტომაც გამოვიძახე. ვფიქრობ, უკვე დროა, რომ გერმანიის ნაკრებში ითამაშოს,“ - ამბობს იოგი.

ლიოვს ცენტრალურ მცველ პერ მერტეზაკერსა და მარჯვენა მცველ ჟერომ ბოატენგზე უარის თქმა მოუხდა - ორივეს ტრავმები აწუხებს. მართალია, მერტეზაკერი „ვერდერში“ თამაშობს, მაგრამ ამას გამაყუჩებლებით ახერხებს, რის გამოც გერმანიის ნაკრებში პერის თამაში სარისკო იყო. სიაში არ არის „ჰამბურგის“ მცველი ჰაიკო ვესტერმანიც, რომლის გამოძახებას ჩვენი გერმანელი კოლეგები ვარაუდობდნენ. გამოძახებულთა შორის ყველაზე მეტი ფეხბურთელი „ბაიერნიდანაა“ (შვიდი), ჩემპიონი „დორტმუნდიდან“ კი იოგიმ მხოლოდ 4 ფეხბურთელს უხმო. გერმანიის ნაკრები 26 მაისს ფრანკფურტში შეიკრიბება, ახლა კი გადახედეთ საბოლოო სიას:

მეკარეები: მანუელ ნოიერი (შალკე), რენე ადლერი (ლევერკუზენი), ტიმ ვიზე (ვერდერი).

მცველები: დენის აოგო (ჰამბურგი), ჰოლგერ ბადშტუბერი (ბაიერნი), არნე ფრიდრიხი (ვოლფსბურგი), მატს ჰუმელსი (ბორუსია დ), ფილიპ ლამი (ბაიერნი), მარსელ შმელცერი (ბორუსია დ), კრისტიან ტრეში (შტუტგარტი).

ნახევარმცველები: სვენ ბენდერი (ბორუსია დ), სამი ხედირა (რეალი), მარიო გიოტცე (ბორუსია დ), ტონი კროოსი (ბაიერნი), მესუთ იოზილი (რეალი), თომას მიულერი (ბაიერნი), ლუკას პოდოლსკი (კიოლნი), მარკო როისი (ბორუსია მ), სიმონ როლფესი (ლევერკუზენი), ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი).

თავდამსხმელები: მარიო გომესი (ბაიერნი), ანდრე შიურლე (მაინცი), მიროსლავ კლოზე (ბაიერნი)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული