კაპიტნების დაკადაკა

AutoSharing Option
ხვალ, „აინტრახტთან“ ბოლო ტურის მატჩის შემდეგ, დორტმუნდის „ბორუსიას“ ვერცხლის სინს გადასცემენ. წესის მიხედვით, გერმანიის ჩემპიონობისთვის განკუთვნილი ჯილდო პირველად გუნდის კაპიტანმა უნდა აღმართოს, „ბორუსიაში“ კი ამ მხრივ ცოტა უცნაური მდგომარეობაა.

საქმე ისაა, რომ გუნდის არჩეული კაპიტანი სებასტიან კელი ფაქტობრივად მთელი სეზონის განმავლობაში ტრავმირებული იყო, რომლის არყოფნაში, კაპიტნის სამკლავური მეკარე რომან ვაიდენფელერს ეკეთა. კელმა მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ ექვს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (აქედან, თავიდან ბოლომდე მხოლოდ ერთხელ ითამაშა), ბოლოს კი, BVB-ს ფორმა 19 მარტს, „მაინცთან“ თამაშის დროს ეცვა. 31 წლის საყრდენი ნახევარმცველი
მოედანზე გასვლას ხვალაც ვერ შეძლებს. მიუხედავად ამისა, ის არ ნებდება და უნდა, რომ „ვერცხლის სინი“ თვითონ აღმართოს.

„ვაიდენფელერთან ამ თემაზე არ მისაუბრია, მაგრამ ვფიქრობ, კითხვის ნიშანი არც უნდა ყოფილიყო, რადგან გუნდის კაპიტანი მე ვარ. შესაბამისად, სინის პირველად აღმართვის პატივიც მე უნდა მხვდეს წილად. მერე რა, რომ მთელი სეზონის განმავლობაში ტრავმირებული ვიყავი. გუნდი არასდროს მიმიტოვებია. რომ არა ტრავმა, ფაქტია, რომ მუდმივად ვითამაშებდი,“ - აცხადებს კელი „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. აქ მხოლოდ მის ბოლო წინადადებაში შეიძლება ეჭვის შეტანა, რადგან ჯანმრთელიც რომ ყოფილიყო, დიდი შანსია, მაინც სათადარიგო ფეხბურთელის სტატუსი ჰქონოდა, რადგან საეჭვოა, კელს ნური შაჰინისთვის ან სვენ ბენდერისთვის ეჯობნა.

ვაიდენფელერმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება იუარა, „ბორუსიას“ მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე კი ამბობს: „გერმანიის საფეხბურთო ლიგის წესების მიხედვით, სინი იმ მოთამაშემ უნდა აღმართოს, რომელიც ბოლო შეხვედრაში კაპიტანი იქნება, ეს კი რომან ვაიდენფელერია.“

ბოლო სიტყვა ლიგის პრეზიდენტ რაინჰარდ რაუბალზეა, რომელიც კელს აკრიტიკებს, მესმის, რომ „ვერცხლის სინის“ აღმართვა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის უდიდესი პატივია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გუნდისთვის ესოდენ მნიშვნელოვან, საზეიმო მომენტში ამ ამბავმა დავა გამოიწვიოსო. როგორც ჩანს, დავას ვაიდენფელერი მოიგებს...


კაგავა ბრუნდება
ამასობაში, „დორტმუნდის“ იაპონელი გამთამაშებელი შინჯი კაგავა საბოლოოდ გამოჯანმრთელდა და ხვალ გუნდის განაცხადში იქნება. მართალია, ეს უკვე ბოლო ტურია, მაგრამ ახალგაზრდა ფლეიმეიკერი მოედანზე გასვლას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. შეგახსენებთ, რომ კაგავამ ბუნდესლიგის პირველი წრე იდეალურად ჩაატარა, მაგრამ იანვარში, აზიის თასზე მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც 2011 წელს ბუნდესლიგაში არცერთი თამაში არ ჩაუტარებია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული