THE SHOW MUST GO ON!

AutoSharing Option
ბუნდესლიგის ბოლო ტურში დიდი ინტრიგა აღარ იყო, რის გამოც გადავწყვიტეთ, რომ ტურის გამოხმაურების ნაცვლად, მთლიანად სეზონის გამოხმაურება შემოგვეთავაზებინა. ცხადია, ისევ Tops & Flops-ის სახით. თუ მთელ სეზონს გადავავლებთ თვალს, ქება-დიდებას ჩემპიონი „დორტმუნდი“, „მაინცი“, „ჰანოვერი“, მარიო გომესი და კრისტიან ტიფერტი იმსახურებენ. ვფიქრობთ, მკითხველებიც დაგვეთანხმებიან იმაში, რომ სეზონის მთავარი იმედგაცრუებები ფელიქს მაგათი, ლუის ვან გაალი და მიხაელ ბალაკი იყვნენ. მათთან ერთად, კრიტიკის ღირსია ფრანკფურტის „აინტრახტი“ და ბრემენის „ვერდერი“. უფრო სწორად, „ვერდერის“ სატრანსფერო პოლიტიკა.

ვფიქრობთ, ვერც რვაფეხა პაული (ცოცხალიც რომ ყოფილიყო) და ვერც
თვით ნოსტრადამუსი შეძლებდნენ იმ ყველაფრის წინასწარმეტყველებას, რაც ბუნდესლიგის რიგით 48-ე სეზონში მოხდა. დომინანტის რანგში ჯერ „მაინცი“ მოგვევლინა და მთელ საფეხბურთო ევროპას პირი დააღებინა, მერე კი დორტმუნდის „ბორუსიამ“ შეძლო დაწინაურება და ბოლომდე პირველ ადგილზე დარჩა. სეზონის წინ „დორტმუნდს“ ჩემპიონობის ფავორიტად არავინ მოიხსენიებდა, იმ გუნდებმა კი, რომლებსაც ლოგიკურად პირველობისთვის უნდა ებრძოლათ (ბაიერნი, შალკე) კრახი განიცადეს. შესაძლო ფავორიტებიდან მხოლოდ „ლევერკუზენმა“ დატოვა მეტ-ნაკლებად კარგი შთაბეჭდილება და „ვიცე-კუზენის“ მეტსახელი კიდევ ერთხელ გაამართლა. ცხადია, მთავარი იმედგაცრუება მაინც „ბაიერნი“ გახლდათ, სადაც შარშან წარმატებულმა ლუის ვან გაალმა სეზონის ჩამთავრება ვეღარ შეძლო - გააგდეს. სამაგიეროდ, სასიამოვნოდ გაგვაოცეს „ჰანოვერმა“, „ფრაიბურგმა“ და „ნიურნბერგმა“ - გუნდებმა, რომლებსაც ლოგიკურად გადარჩენისთვის უნდა ებრძოლათ, ელიტაში ადგილი ადრევე გაინაღდეს, „ჰანოვერი“ 33-ე ტურამდე ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოდა. „შალკემ“, „ვერდერმა“, „ჰამბურგმა“, „შტუტგარტმა“ და განსაკუთრებით „ვოლფსბურგმა“ კი, თავი შეირცხვინეს.

მარიო გომესი, ფეხბურთელი, რომელსაც ვან გაალი სეზონის წინ სათადარიგოთა სკამზე მოიაზრებდა, საუკეთესო ბომბარდირი გახდა; მიხაელ ბალაკი, რომელიც „ლევერკუზენის“ ლიდერი უნდა ყოფილიყო, დიდხანს სათადარიგოთა სკამზე იჯდა; მართალია, ფელიქს მაგათს არაფრის რცხვენია, მაგრამ წესით, უნდა რცხვენოდეს; „აინტრახტი“ კი ამ სეზონის ნომერ პირველი „ფლოპია“ - გუნდი, რომელმაც კარგად დაიწყო და კატასტროფულად დაამთავრა.

მოკლედ, თქვენ წინაშეა ბუნდესლიგის მთელი სეზონის გამოხმაურება გამოხმაურება  Tops & Flops-ის სახით.

Flop 5
ვერდერის სატრანსფერო პოლიტიკა

იმედია, ბრემენის „ვერდერის“ ხელმძღვანელებმა ახლა მაინც ისწავლეს ჭკუა. ყოველ შემთხვევაში იმას მაინც მიხვდებოდნენ, რომ ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდმა სეზონის წინ უმთავრესი ფეხბურთელი არ უნდა გაყიდოს. ცხადია, მესუთ იოზილის ტრანსფერს ვგულისხმობთ, რომელიც ბრემენელებმა „რეალს“ დაუთმეს. თუმცა, ზურგს საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებდათ და ეგონათ, რომ ახლაც შეძლებდნენ დანაკლისის შევსებას, რადგან ადრე „ვერდერი“ ამას უმტკივნეულოდ ახერხებდა ხოლმე: მაგალითად, შეელია მიკუს, იყიდა დიეგო, შეელია დიეგოს, იყიდა იოზილი, მაგრამ ნახეთ, შეელია იოზილს და იყიდა... ბუნდესლიგის ამ სეზონის ნომერ პირველი იმედგაცრუება მარკო არნაუტოვიჩი! თუკი აქამდე „ვერდერის“ ისტორიაში მხოლოდ ერთი ასეთი „ფლოპი“ იყო (კარლოს ალბერტო), ამ სეზონის შემდეგ ერთბაშად რამდენიმეა: არნაუტოვიჩი, სილვესტრი, ავდიჩი, ვესლი... თან ვერც აარონ ჰანტი და მარკო მარინი განვითარდნენ, ლიდერები ნალდო და პისარო უმეტესად ტრავმირებულები იყვნენ და ამ ყველაფრიდან გამომდინარე რა გასაკვირია, რომ ბრემენულმა კლუბმა მხოლოდ გადარჩენისთვის იბრძოლა.

Flop 4
ეჰ, მიშა, მიშა...

ცხადია, შეგვიძლია გაუთავებლად ვამტკიცოთ, მიხაელ ბალაკს ის უმძიმესი ტრავმა რომ არ მიეღო, „ფლოპებში“ არ მოხდვებოდაო, მაგრამ სიმართლეს თვალებში ბალაკის თავგადაკლულმა ფანებმაც უნდა ჩახედონ. „ჩელსიდან“ გამოდგებული მიხაელი „ლევერკუზენში“ იმ იმედით დაბრუნდა, რომ გაცილებით მოკრძალებულ კლუბში ძველ დიდებას დაიბრუნებდა, მაგრამ მოიშუშა თუ არა მუნდიალის წინ მიღებული ტრავმა, ჰანოვერელმა პინტუმ ისეთი უთავაზა, პირველი წრე იქვე დაამთავრებინა. მიუხედავად ამისა, ბალაკმა მაინც შეძლო იმდენი თამაშის ჩატარება, რომ მასზე რეალურად მსჯელობა შევძლოთ. 17 მატჩში მისი მონაგარი ასეთია: არცერთი გოლი, მხოლოდ ერთი საგოლე პასი, 3 გაფრთხილება და მოგებული ორთაბრძოლების მხოლოდ 44-პროცენტიანი მაჩვენებელი. შესაბამისად, არც ის უნდა გვიკვირდეს, რომ 34 წლის მიხაელმა უკვე ფაქტობრივად საბოლოოდ დაკარგა ადგილი გერმანიის ნაკრებში, სადაც ძალიან მაგარი ახალგაზრდა კონკურენტები ჰყავს (შვაინშტაიგერი, ხედირა, სვენ ბენდერი, როლფესი). ამბობენ, მიხაელს პირად ცხოვრებაშიც პრობლემები აქვსო და ისე, მის უიღბლობას იმდენად არ აქვს საზღვარი, რომ სხვა მის ადგილზე ნაღდად დაფიქრდებოდა ნომრის (13) შეცვლაზე - ცრუმორწმუნე შეიძლება არ იყო, მაგრამ იმდენი უიღბლობა, რაც ბალაკის კარიერას სდევს, ნაღდად არ გაგონილა...

Flop 3
დინოზავრი და ფეისბუქი

სეზონის ყველაზე სასაცილო მოვლენა უდავოდ ფელიქს მაგათის სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გაწევრიანება გახლდათ. ამ ქსელით მილიონობით ადამიანი სარგებლობდ, უბრალოდ, ბუნდესლიგის ერთერთი უკანასკნელი დინოზავრი მაგათი ნაღდად არის ინტერნეტ-ტიპაჟი და ეს უბრალოდ იმიტომ გააკეთა, რომ „შალკეს“ ფანებს დაახლოვებოდა. „ფეისბუქის“ მოხმარებისას გადაღებულ ვიდეოს რომ უყუროთ, თქვენც ბევრს იცინებთ, რადგან ფელიქსს ამ დროს ისეთი ჰაბიტუსი აქვს, როგორიც ალექსანდრე მაკედონელს ექნებოდა, მისთვის ვინმეს აიპოდი რომ ეჩვენებინა...
თავი დავანებოთ „ფეისბუქს“ და ფელიქსს სპორტული თვალსაზრისითაც მაგრად არ გაუმართლა. ვიცე-ჩემპიონმა „შალკემ“ ბუნდესლიგაში ძალიან ცუდად იასპარეზა და მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ჰყავდა გაყვანილი, გუნდიდან გააგდეს. მერე კი „ვოლფსბურგში“ დაბრუნდა, რომელიც ძლივს იხსნა გავარდნისგან. მოკლედ, ეს არ იყო მაგათის წელი.

Flop 2
იყო ჰოლივუდი, გახდა ბოლივუდი

„ბაიერნს“ გერმანიაში Fჩ Hოლლყწოოდ-საც უწოდებენ - ეს უბრალოდ შეგახსენეთ, სანამ გავიმეორებდით, რომ რეკორდმაისტერი მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა. ამით ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ „ბაიერნისთვის“ მესამე ადგილი სერიოზულ წარუმატებლობას ნიშნავს. თუმცა მიუნხენელებმა ერთი მაინც შეძლეს - ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს და ოცნებობენ იმაზე, რომ 2012 წელს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში გავიდნენ, რომელიც მიუნხენში უნდა გაიმართოს.
ხელმძღვანელებსა და ვან გაალს შორის გაუგებრობა რომ იყო, ეს მარკ ვან ბომელის გაყიდვის დროსაც დადასტურდა, რომელიც ლიდერისა და კაპიტნის რანგში მოკრძალებულმა ფილიპ ლამმა შეცვალა. გომესი მხოლოდ იმიტომ გახდა ბომბარდირი, რომ ივიცა ოლიჩი იყო ტრავმირებული (ასე რომ არ ყოფილიყო, ვან გაალი ხორვატს ბოლოდე სათადარიგოთა სკამზე აყურყუტებდა). მოკლედ, ვან გაალი წარსულია, მომავალ სეზონში კი „ბაიერნს“ ული ჰიონესის ძმაკაცი იუპ ჰაინკესი მიხედავს. რამდენ ხანს გაძლებს „დონ იუპი“ ამჯერად? საკითხავი აი, ეს არის.

Flop 1
ფრანკფურტის ცვაიტრახტი

სად არის ახლა მიხაელ სკიბე? ამ კაცის ხელმძღვანელობით „აინტრახტი“ ხომ მეშვიდე ადგილზე იყო! პირველი წრის მეშვიდე პოზიციაზე დამთავრება იმას ნიშნავდა, რომ ფრანკფურტელებს ევროპის ლიგის საგზურისთვის უნდა ებრძოლა, მაგრამ... მეორე წრის დასაწყისში გაუჭირდათ, მერე გასავარდნ ზონას მიუახლოვდნენ და შეფ ჰერიბერტ ბრუხჰაგენს გაახსენდა, რომ კრისტოფ დაუმი აქამდე არასდროს გავარდნილა ბუნდესლიგიდან. მან სკიბე გააგდო და კრისტოფი დანიშნა. ამ უკანასკნელის ხელში „აინტრახტმა“ 7 თამაში ჩაატარა, ვერცერთი მოიგო და სწორედ დაუმის ხელში ჩაეშვა გასავარდნ ზონაში, რომელსაც თავი ვეღარ დააღწია. ბოლოს კლუბის ფანებიც აიჭრნენ და არეულობები მოაწყვეს... ეს ქომაგები ბუნდესლიგაში არავის მოენატრება. გულახდილად ვთქვათ, არც მაიკ ფრანცი მოგვენატრება!

Top 5

ტიფერტის ეშმაკური პასები

ტიფერტი? ეგ სად თამაშობს? ჰო, ჰო, კაიზერსლაუტერნში. და რატომ უნდა დაემსახურებინა „ტოპებში“ მოხვედრა ისეთ ფეხბურთელს, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ თუ ვახსენეთ? მიზეზი მარტივია: კრისტიან ტიფერტი ბუნდესლიგის საუკეთესო მეპასეა! 29 წლის ნახევარმცველმა 33 მატჩში 17 საგოლე გადაცემა გააკეთა (ორი გოლი), რითაც უდავოდ „ლაუტერნის“ ლიდერად უნდა შევრაცხოთ. ყველაზე მეტი საგოლე პასის გაკეთება კი ცოტას არ ნიშნავს.
17 პასი ცოტად გეჩვენებათ? რატომ? ევროპის წამყვანი ჩემპიონატებიდან, ტიფერტზე მეტი საგოლე პასები მხოლოდ ლიონეკ მესიმ (ბარსელონა), მესუთ იოზილმა (რეალი) და ნანიმ (მანჩესტერ იუნაიტედი) გააკეთეს. იტალიის სერია A-დან კი მისთვის არავის უჯობნია.

Top 4

გერმანელი ტორერო

მთლად უტიტულოდ დარჩენა „ბაიერნისთვის“ სრული ფიასკო იქნებოდა და ასე რომ არ მოხდა, მიუნხენელები მარიო გომესს უნდა უმადლოდენ, რომელიც 28 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა - თუ შეიძლება, რომ ბომბარდირობას გუნდის ტიტული ეწოდოს. უკანასკნელი ბაიერნელი, რომელსაც ეს მიღწევა ჰქონდა, იტალიელი ლუკა ტონი გახლდათ, რომელიც ვან გაალს ასევე არ ეხატებოდა გულზე. გომესი კი ფაქტობრივად მარტო იმიტომ ათამაშა, რომ ივიცა ოლიჩი მთელი სეზონის მანძილზე ტრავმირებული იყო, მიროსლავ კლოზე კი გომესზე მეტად არ უყვარს...

Top 3

ვინ თქვა, ჰანოვერი გავარდებაო?!

ერთი წლის წინ „ჰანოვერს“ მთელი გერმანია მასხრად იგდებდა, რადგან წინა სეზონში ამ გუნდმა ყველაზე მეტი, 67 გოლი გაუშვა და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას მხოლოდ პლეი ოფში გადაურჩა. შესაბამისად, არცაა გასაკვირი, ამ სეზონში „წითლებს“ გავარდნის ერთერთ მთავარ კანდიდატებად რომ რაცხავდნენ. მაგრამ მწვრთნელმა მირკო სლომკამ და მენეჯერმა იორგ შმადტკემ ძალიან კარგად და ჭკვიანურად იმუშავეს - „ჰანოვერმა“ კი კინაღამ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. საბოლოოდ, „ჰანოვერისთვის“ ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებაც უდიდესი მიღწევაა.
ნახევარდაცვაში სერჟიო პინტუ არავის ახარებდა, მეტოქე გუნდების შეტევებს შლიდა, რის შემდეგაც ჰანოვერელები მწარედ იკბინებოდნენ კონტრშეტევებზე, დიდიე ია კონანი კი შეტევებს გოლებით აგვირგვინებდა. „ჰანოვერი“ იყო საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მიაღწიოს გუნდმა მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მაქსიმალურ მიზანს.


Top 2

მაინცის ფენომენი

იმიჯის თვალსაზრისით, ამ სეზონში ყველაზე მაგრად, რა თქმა უნდა, დორტმუნდის „ბორუსიამ“ იხეირა, მაგრამ სადაც დორტმუნდელები თავისას დაიკვეხნიან, იქ არც „მაინცი“ უნდა დაავიწყდეთ. ანდრე შიურლეს და ლუის ჰოლტბის სეზონის წინ არავინ იცნობდა, ახლა კი ვარსკვლავები არიან და იდეალური შანსი აქვთ, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებში ითამაშონ. საერთოდაც, სანამ დორტმუნდი მოწოდების სიმაღლეზე დადგებოდა, „მაინცმა“ ძალიან დიდხანს და ყველასათვის მოულოდნელად იბატონა. ეს ყველაფერი პირველ რიგში გუნდის მთავარი მწვრთნელის, თომას ტუხელის დამსახურებაა, რომელიც ძალიან ჰგავს დორტმუნდელ კოლეგა იურგენ კლოპს. რაც ყველაზე საინტერესოა, „მაინციც“ ევროპის ლიგაში ითამაშებს.

Top 1

ღირსეული ჩემპიონები

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დორტმუნდის „ბორუსიამ“ გერმანიის ნაკრებს ამ სეზონში ხუთი ახალი ვარსკვლავი აჩუქა - მარიო გიოტცე, მარსელ შმელცერი, მატს ჰუმელსი, სვენ ბენდერი და კევინ გროსკროიტცი. რაც ყველაზე საინტერესოა, ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან! ფენომენალური სეზონი ჩაატარა ნური შაჰინმა, რომელიც მომავალი სეზონიდან მადრიდის „რეალში“ ითამაშებს და სეზონის მთავარი აღმოჩენა კი BVB-ს იაპონელი გამთამაშებელი შინჯი კაგავა გახლდათ, რომელმაც სამწუხაროდ მხოლოდ პირველი წრე ითამაშა და მერე უმძიმესი ტრავმა მიიღო, მაგრამ ის 17 მატჩიც საკმარისი იყო იმისათვის, რომ მთელი გერმანია გაეოცებინა.
„ბორუსიას“ იდეალური სეზონი ჰქონდა, ეს არა მარტო 75 ქულიდან, არამედ აბსოლუტურად ყველა სტატისტიკური მონაცემიდან ჩანს. გუნდის საშუალო ასაკი კი სულ რაღაც 22 წელია.

სეზონის სიმბოლური ნაკრები (კიკერი, 4-3-1-2)

რომან ვაიდენფელერი (ბორუსია დ) - ფილიპ ვოლშაიდი (ნიურნბერგი), მატს ჰუმელსი (ბორუსია დ), ნევენ სუბოტიჩი (ბორუსია დ), მარსელ შმელცერი (ბორუსია დ) - კრისტიან ტიფერტი (კაიზერსლაუტერნი), არტურო ვიდალი (ლევერკუზენი), ნური შაჰინი (ბორუსია დ) - მარიო გიოტცე (ბორუსია დ) - პაპის დემბა სისე (ფრაიბურგი), მარიო გომესი (ბაიერნი)


საუკეთესო ფეხბურთელები
34 ტურის შემდეგ, „კიკერის“ შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.61
2. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 2.62
3. ნური შაჰინი ბორუსია (დ) 2.64
4. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.70
5. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.72
6. მიხაელ რენზინგი კიოლნი 2.74
7. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.76
8. მანუელ ნოიერი შალკე 2.79
9. ტომ შტარკე ჰოფენჰაიმი 2.82
10. არტურო ვიდალი ლევერკუზენი 2.85


გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. მარიო გომესი ბაიერნი 32 28 5 33
2. თომას მიულერი ბაიერნი 34 12 13 25
3. ფრანკ რიბერი ბაიერნი 25 7 17 24
4. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 32 22 1 23
5. ლუკას ბარიოსი ბორუსია (დ) 32 16 6 22
6. მილოვოე ნოვაკოვიჩი კიოლნი 28 17 5 22
7. არიენ რობენი ბაიერნი 14 12 10 22
8. არტურო ვიდალი ლევერკუზენი 33 10 12 22
9. თეოფანის გეკასი აინტრახტი 34 16 5 21
10. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 33 6 15 21

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული