ნოიერს სილა გააწნეს

AutoSharing Option
კვირას „შალკეს“ ფეხბურთელები გერმანიის თასის მოგებას ზეიმობდნენ და გელზენკირხენში თასით ხელდამშვენებულებმა დიდი მსვლელობაც მოაწყვეს, რომლის დროსაც გასაოცარი, მაგრამ არცთუ ალოგიკური რამ მოხდა. მანუელ ნოიერს, რომელმაც წინა კვირაში საჯაროდ განაცხადა, რომ „შალკესთან“ კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს, ერთერთმა გულშემატკივარმა სახალხოდ ალიყური უთავაზა.

მივყვეთ დეტალურად: ნაშუადღევს, ხუთის ნახევარზე, „შალკეს“ კოლონა კურტ შუმახერის ქუჩაზე მიემართებოდა. პირველ ავტომობილში ნოიერი და მისი შემცვლელი, „შალკეს“ მეორე მეკარე მათიას შობერი ისხდნენ, მომღერალ ფანებს ესალმებოდნენ, ხელს ართმევდნენ, ავტოგრაფებს არიგებდნენ. ერთ მომენტში მანუელს ბეისბოლისკეპიანი კაცი მიუახლოვდა და საჩვენებელი თითი სახესთან
მიუტანა. ნოიერი ოდნავ განზე გადგა, მაგრამ კაცი არ მოეშვა და ლანძღვა დაუწყო. მანუელმა უკან არ დაიხია და უპასუხა, მერე კი, როცა კაცმა მარცხენა ხელი სახესთან მიუტანა, თავი სწრაფად გაწია, თუმცა გაბრაზებულ გულშემატკივარს დარტყმა მეორე ხელით ჰქონდა ჩაფიქრებული და ნოიერს
მარჯვენით მაგარი სილა გააწნა, რის შემდეგაც, მანუელი დაბნეული სახით განერიდა, მანქანაში დაბრუნდა...

ორი აზრი არ არსებობს, ნოიერმა ეს ალიყური იმის გამო დაიმსახურა, რომ „შალკესთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა, რის შემდეგაც, გერმანიის ნაკრების მეკარე უმძიმესი წნეხის ქვეშაა მოქცეული. თუმცა ჯერ მაინც არაა ოფიციალურად დადასტურებული ის, რომ მანუელი მიუნხენის „ბაიერნში“ გადადის. გულშემატკივრების ერთი ნაწილი ნოიერს კონტრაქტზე უარის თქმას პატიობს, მეორე ნაწილი კი აკრიტიკებს. ამასობაში, ვითარება ოდნავ შეიცვალა და გამორიცხული აღარაა, რომ ნოიერი „შალკეში“ დარჩეს. საქმე იმაშია, რომ გელზენკირხენული კლუბის ბოსი კლემენს ტიონიესი მისი შენარჩუნებისთვის თავდაუზოგავად იბრძვის და როგორც ჩვენი გერმანელი კოლეგები იტყობინებიან, მზადაა, მანუელს 4-წლიანი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში წელიწადში 7 მილიონი ევრო გადაუხადოს. ტიონიესმა ბრძოლა მას მერე დაიწყო, რაც „გაზპრომს“ ახალ სასპონსორო ხელშეკრულებაზე მოურიგდა. მან ისიც თქვა, ვლადიმირ პუტინმა „შალკეს“ შესახებ ყველაფერი იცის და ნოიერის ფანიაო...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული