წყალში გადაყრილი მილიონები

AutoSharing Option
გუშინდელ ნომერში ბუნდესლიგის ყველა დროის საუკეთესო ტრანსფერები ჩამოვთვალეთ, დღეს კი, ყველაზე დიდ იმედგაცრუებებს გავიხსენებთ.

თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა, გასული სეზონის მთავარ იმედგაცრუებად ბრემენის „ვერდერის“ ავსტრიელი თავდამსხმელი მარკო არნაუტოვიჩი დაასახელეს - ფორვარდი, რომელიც „მუსიკოსებმა“ ერთი წლის წინ დიდი ზარ-ზეიმით იყიდეს. „ვერდერს“ არნაუტოვიჩის ტრანსფერი 10 მილიონი ევრო დაუჯდა (მარკო ბრემენში „ტვენტედან“ გადავიდა), ავსტრიელს კი ერთი ევროს საქმეც კი არ გაუკეთებია. არადა, ბრემენული კლუბის ხელმძღვანელები ადრე შესანიშნავ ტრანსფერებს ახორციელებდნენ ხოლმე, ამ ბოლო დროს კი, სპორტულ დირექტორ კლაუს ალოფსს ყნოსვა აშკარად
აღარ უვარგა.

ბუნდესლიგის ისტორიაში ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც გუნდა ამა თუ იმ ფეხბურთელში მილიონები გადაიხადა, ძალიან მაღალი ხელფასი დაუნიშნა, ხოლო ფანებმა უდიდესი იმედები დაამყარეს, მოთამაშემ კი კლუბს და ქომაგებს მოედნიდან სამაგიერო ვერ გადაუხადა.

მოდით, გავიხსენოთ გერმანიის პირველობის ყველაზე უიღბლო ტრანსფერები. საინტერესოა, თქვენ თუ გეხსომებათ ყოველი მათგანი. მაშ ასე: ბუნდესლიგის ყველა დროის 20 ყველაზე ფლოპ-ტრანსფერი.

ხუან პაბლო სორინი
(ჰამბურგი)
სორინი „ჰამბურგში“ 2006 წლის მუნდიალის შემდეგ გადავიდა და ჩრდილოგერმანელებმა მის სანაცვლოდ „ვილიარეალს“ 3 მილიონი ევრო ჩაუთვალეს. ის მაშინ არგენტინის ნაკრების კაპიტანი გახლდათ (76 მატჩი ეროვნულ გუნდში). ხუანს თვეში 300 000 ევროს უხდიდნენ და ასე განსაჯეთ, ბოლო სეზონში მოედანზე მხოლოდ 119 წუთი გაატარა. გამოდის, რომ ორი წლის განმავლობაში 7 მილიონი ევრო ფაქტობრივად ტყუილად მიიღო და როცა კონტრაქტი გაუწყვიტეს (2008), „ჰამბურგი“ იძულებული გახდა, კომპენსაციის სახით 1.5 მილიონი გადაეხადა.

იან შიმაკი
(ლევერკუზენი)
2002 წელს, „ლევერკუზენმა“ „ჰანოვერს“ ამ ფეხბურთელის სანაცვლოდ 6.5 მილიონი ევრო გადაუხადა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, შიმაკი „ბაიერიდან“ 550 000 ევროს სანაცვლოდ გაიყიდა (!) - მოთამაშის ასეთი სწრაფი და დიდი გაუფასურება ოდესმე გსმენიათ? ერთ დროს ახალ მარადონად წოდებულმა ფლეიმეიქერმა მას მერე პრაღაშიც ითამაშა და მეორე ბუნდესლიგაშიც, სადაც გასულ სეზონში, ქართველებთან ერთად იენის „კარლ-ცაისის“ ღირსებას იცავდა. მასზე მოთხოვნა ისევ გაჩნდა - შიმაკი „შტუტგარტში“ გადავიდა, მაგრამ იმედები იქაც ვერ გაამართლა. ამ სეზონში იანი „მაინცის“ საკუთრება გახლდათ, მაგრამ ისევ იმედგაცრუება.

ალექს ალვეში
(ჰერტა)
ეს თავდამსხმელი ბერლინის „ჰერტამ“ 2000 წელს, „კრუზეიროდან“ გადაიბირა. ბერლინელებმა ალექს ალვეშში 7.6 მილიონი გადაიხადეს. ერთადერთი ხეირიანი რამ, რაც ამ ფეხბურთელმა „ჰერტაში“ თამაშის პერიოდში გააკეთა, გახლდათ ის, რომ „კიოლნს“ გაუტანა გოლი, რომელიც ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა 2000 წლის საუკეთესო გოლად აღიარეს.

იორგ ალბერტცი
(ჰერტა)
ეს იყო ფეხბურთელი, რომელზეც „ჰამბურგის“ ფანები უდიდეს იმედებს ამყარებდნენ. HშV-მ იორგ ალბერტცი 2001 წელს, გლაზგოს „რეინჯერსიდან“ 5 მილიონ ევროდ იყიდა. მაგრამ თავდამსხმელმა (ხაზს ვუსვამთ: თავდამსხმელმა) 2 წლის მანძილზე მხოლოდ 6 გოლის გატანა შეძლო და 2003 წელს „შანხაიში“ გაუშვეს. უფასოდ!

კარლოს ალბერტო
(ვერდერი)
ბრაზილიელი კარლოს ალბერტო ბრემენის „ვერდერის“ ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი იყო და ამავე დროს, გუნდის ყველა დროის ყველაზე დიდი შეცდომა გახდა! 2007 წელს „კორინთიანსმა“ ამ ნახევარმცველის სანაცვლოდ 8.5 მილიონი ევრო მიიღო. „მუსიკოსებს“ ამდენი ფული მანამდე არცერთ მოთამაშეში არ ჰქონდათ გადახდილი. კარლოს ალბერტოს ხელფასიც დიდი დაუნიშნეს: 2 მილიონი წელიწადში. მაგრამ მან „ვერდერში“ მხოლოდ სკანდალები მიიტანა და სულ რაღაც 2-ჯერ ათამაშეს ძირითად შემადგენლობაში! სხვათა შორის, მარკო არნაუტოვიჩს აქვს შანსი, რომ კარლოს ალბერტოს გადაუჯოკროს...

კარლ დელჰეი
(ბაიერნი)
ეს უკანასკნელი 1980 წელს მიონხენგლადბახის „ბორუსიიდან“ „ბაიერნში“ გადავიდა და რეკორდმაისტერმა მასში 650 000 ევრო გადაიხადა, რაც იმ დროისათვის ბავარიული კლუბისთვის რეკორდი გახლდათ. ფეხბურთელმა 5 წელიწადში 7 გოლის გატანა შეძლო...

ზოლტან შებეშენი
(ლევერკუზენი)
„ლევერკუზენმა“ ეს ფეხბურთელი 2001 წელს „ვოლფსბურგიდან“ 6 მილიონად შეიძინა. 32 მატჩის შემდეგ, შებეშენმა კარიერა დაასრულა! დღესდღეისობით, „შტუტგარტერ კიკერსში“ მუშაობს, სადაც ბავშვებს წვრთნის.

იგორ ბელანოვი
(გლადბახი)
ეს უკანასკნელი მიონხენგლადბახის „ბორუსიაში“ 1989 წელს 1 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა. ეს გახლდათ პირველი ფეხბურთელი ბუნდესლიგაში საბჭოთა კავშირიდან. ორწელიწადნახევრის განმავლობაში მან მხოლოდ 4 გოლი გაიტანა და რა გასაკვირია, რომ 1991 წელს გაუშვეს.

დარკო პანჩევი
(დიუსელდორფი)
1995 წელს, უეფას თასის მფლობელი დარკო პანჩევი „ინტერიდან“ დიუსელდორფში გადაბარგდა და გერმანულ კლუბს მისი შეძენა 600 000 ევრო დაუჯდა. პანჩევის შედეგი: 14 თამაში, 2 გოლი.

მარკო რაიხი
(კიოლნი)
2001 წელს, 3 მილიონად „კაიზერსლაუტერნიდან“ „კიოლნში“ გაიყიდა და მას მერე მოედანზე 90 წუთი მხოლოდ 4-ჯერ გაატარა.

იური ჯორკაეფი
(კაიზერსლაუტერნი)
1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, 1999 წელს ოტო რეჰაგელმა 1.8 მილიონის სანაცვლოდ „ინტერიდან“ „კაიზერსლაუტერნში“ წაიყვანა. „წითელი ეშმაკების“ რიგებში ჯორკაეფმა 55 თამაშში 14 გოლი გაიტანა და იმედგაცრუებად შეირაცხა.

თომას ბერთოლდი
(ბაიერნი)
თომას ბერთოლდი 1991 წელს „რომადან“ „ბაიერნში“ უფასოდ გადაბარგდა და იმის გამო, რომ ძალიან ძვირფასი ფეხბურთელი იყო, უდიდესი ხელფასი დაუნიშნეს. უკვე მეორე სეზონში, მას რეკორდმაისტერის რიგებში არცერთი შეხვედრა აღარ ჩაუტარებია და ფეხბურთიდან გოლფში გადაინაცვლა.

იონ დალ ტომასონი
(შტუტგარტი)
2005 წელს, „შტუტგარტის“ თავკაცმა ჯოვანი ტრაპატონიმ დაჟინებით მოითხოვა დანიელი თავდამსხმელის, იონ დალ ტომასონის შეძენა, რომელიც იმხანად „მილანის“ ღირსებას იცავდა. შვაბებმა „როსონერის“ 7.5 მილიონი ევრო გადაუხადეს და ტომასონი იყიდეს. თანაც, დანიელს წელიწადში 4.5 მილიონი დაუნიშნეს. ტომასონმა VFB-ში 30 თამაში ჩაატარა და მხოლოდ 8 გოლი გაიტანა.

ვიქტორ იკპება
(დორტმუნდი)
1999 წელს დორტმუნდის „ბორუსიამ“ (მაშინ BVB-ს ძალიან ბევრი ფული ჰქონდა და კარგადაც ფლანგავდა) „მონაკოს“ ვიქტორ იკპებას სანაცვლოდ 7.5 მილიონი გადაუხადა. ნიგერიელმა თავდამსხმელმა ორწელიწადნახევრის განმავლობაში მხოლოდ 3 (!) გოლი გაიტანა და მერე არაბეთში გადაიხვეწა...

ალან მაკინელი
(ბაიერნი)
1989 წელს „ბაიერნს“ მისი შეძენა 1.65 მილიონი დაუჯდა. სამი წლის მანძილზე მაკინელიმ ოდენ 10 გოლს მოუყარა თავი. რეკორდმაისტერის ფანებმა მას ამის გამო „მაკნული“ შეარქვეს.

ანიბალ მატენალი
(შალკე)
2001 წელს „შალკემ“ ამ არგენტინელ მცველში 4.8 მილიონი გადაიხადა და უაღრესად ნიჭიერი ანიბალ მატელანი „ბოკა ხუნიორსიდან“ იყიდა. ფეხბურთელს წელიწადში 1.3 მილიონი დაუნიშნეს. 43 თამაშის შემდეგ, მან "შალკე" უფასოდ დატოვა.

ბენიამინ ლაუთი
(ჰამბურგი)
ბენი ლაუთი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ გერმანელ ფეხბურთელად მიიჩნეოდა, როცა „ჰამბურგმა“ 2004 წელს „მიუნხენ 1860-ს“ მასში 4.1 მილიონი ევრო გადაუხადა. ორწელიწადნახევრის მანძილზე ლაუთმა მხოლოდ 10 გოლი გაიტანა. მერე "ჰანოვერში" გაუშვეს, მაგრამ ვეღარც იქ გამოიჩინა თავი. ბენი ახლა ისევ „მიუნხენ 1860-შია“ და სხვათა შორის, ნორმალურად თამაშობს. თუმცა არა ისე, როგორც მისგან მთელი საფეხბურთო გერმანია ელოდა.

ანდრეს დ'ალესანდრო
(ვოლფსბურგი)
2003 წელს, „ვოლფსბურგმა“ ყველასათვის მოულოდნელად, ძალიან ხმაურიანი ტრანსფერი გაჩარხა: „მგლებმა“ 9 მილიონ ევროდ იყიდეს არგენტინელი სუპერ-ტალანტი ანდრეს დ’ალესანდრო, რომელზეც ევროპული გრანდები ნადირობდნენ. არგენტინელს წელიწადში 1.8 მილიონი დაუნიშნეს. ტრანსფერმა ვერ გაამართლა - დ’ალესანდრო ვერ შედგა შესანიშნავი ფლეიმეიქერი.

ბენტ კრისტენსენი
(შალკე)
1991 წელს „შალკემ“ ამ ფეხბურთელში 2.5 მილიონი გადაიხადა. კრისტენსენი გელზენკირხენულ კლუბში „ბრონდბიუდან“ გადავიდა. 2 წლის განმავლობაში მის ანგარიშზე მხოლოდ 8 გოლი იყო.

ლუიზაო
(ჰერტა)
2002 წელს, როცა მსოფლიოს ჩემპიონი ლუიზაო „ჰერტაში“ უფასოდ გადავიდა, ბერლინში უდიდესი ზეიმი გაიმართა. მაგრამ ჩამრგვალებულმა თავდამსხმელმა 26 შეხვედრაში სულ რაღაც 4 გოლის გატანა შეძლო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული