სად არიან დღეს ჩემპიონთა ლიგის 2001 წლის გამარჯვებულები?

AutoSharing Option
ზუსტად ათი წლის წინ მიუნხენის „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო (რეკორდმაისტერმა ფინალში „ვალენსია“ დაამარცხა) და მას მერე, ბავარიელებს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში აღარ გაუმარჯვიათ.

„ბაიერნის“ მაშინდელი გმირებიდან, რამდენიმე მათგანი ფეხბურთს დღემდე თამაშობს. დანარჩენებიდან, ზოგი სატელევიზიო ექსპერტია, ზოგი სკაუტი, ზოგიც ბავშვთა გუნდის მწვრთნელი. მოდით, ერთად გადავხედოთ „ბაიერნის“ უკანასკნელ სუპერგმირებს და ვნახოთ, ვინ რითია დაკავებული დღესდღეობით.

ოლივერ კანი
2001 წლის ფინალის მთავარი გმირი სწორედ ოლივერ კანი გახლდათ, რომელმაც პენალტების სერიაში ზაჰოვიჩის, კარბონისა და პელეგრინოს თერთმეტმეტრიანები მოიგერია. მაშინ „ტიტანი“ კარიერის პიკში და საუკეთესო
ფორმაში იყო, წლის ბოლოს კი მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ აღიარეს. 2002 წელს კანმა ლომის წვლილი შეიტანა გერმანიის ნაკრების წარმატებაში - ბუნდესგუნდი ბევრისთვის მოულოდნელად, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ოლიმ აქტიური სპორტული კარიერა 2008 წელს დაამთავრა, რის შემდეგაც ფეხბურთს ჩამოშორდა. მას მერე კანი ტელეკომპანია ძDF-ის ექსპერტია, ცოტა ხნის წინ კი სამწვრთნელო კურსებზე სიარული დაიწყო. ამბობს, რომ როცა იქნება, ფეხბურთში აუცილებლად დაბრუნდება, ოღონდ უფრო მენეჯმენტში, ვიდრე სამწვრთნელო სკამზე.

სამუელ კუფური
ეს უკანასკნელი 2001 წელს რეკორდმაისტერის ცენტრალური მცველი გახლდათ - ხან თომას ლინკესთან, ხან პატრიკ ანდერსონთან და ხანაც სამივესთან ერთად, დაცვაში მშვენიერ ხაზს ქმნიდა. კუფური 1999 წელსაც „ბაიერნის“ მოთამაშე გახლდათ და „მანჩესტერ იუნაიტედთან“ წაგებული მტკივნეული ფინალის შემდეგ ბევრიც იტირა, ზოგადად კი, მიუნხენური გრანდის ღირსებას 1993 წლიდან იცავდა. 2005 წელს განელი მცველი „რომაში“ გადავიდა, რის შემდეგაც „ლივორნოსა“ და „აიაქსის“ ფეხბურთელობაც მოასწრო, მაგრამ სერიოზული ტიტულები აღარ მოუგია. „ბაიერნში“ კი, გარდა ჩემპიონთა ლიგაში ტრიუმფისა, შვიდჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი. კუფურმა კარიერა 2009 წელს, სამშობლოში დაასრულა და ახლაც, ოჯახთან ერთად განაში ცხოვრობს. სამუელს ავეჯის ბიზნესი აქვს.

პატრიკ ანდერსონი
მაშინდელი „ბაიერნის“ დაცვის ბურჯი, რომელმაც „ვალენსიასთან“ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, ბუნდესლიგის ბოლო ტურში, „ჰამბურგთან“ ბოლო წამებზე გატანილი გოლით რეკორდმაისტერი გააჩემპიონა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში მან პენალტის გატანა ვერ შეძლო (სანტიაგო კანისარესმა აუღო). ანდერსონმა მიუნხენური გრანდი იმ სეზონის შემდეგ დატოვა - 15 მილიონად „ბარსელონაში“ გაიყიდა. კატალონიურ გრანდში კი შვედი ვერაფრით გაბედნიერდა და ორი წლის შემდეგ შვედეთში დაბრუნდა. პატრიკმა კარიერა 2005 წელს დაასრულა - უმძიმესმა ტრავმამ იძულებული გახადა, ბუცები ლურსმანზე ჩამოეკიდა. 2008 წლიდან ანდერსონი შვედური კლუბის, „მალმიოს“ სპორტული დირექტორია.

თომას ლინკე
„ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების მცველმა პენალტების სერიაში მიუნხენელთა ბოლო თერთმეტმეტრიანი უნაკლოდ შეასრულა, ერთი წლის შემდეგ კი, ბუნდესგუნდთან ერთად მუნდიალის ფინალშიც გავიდა. ლინკემ „ბაიერნი“ 2005 წელს, შვიდწლიანი მოღვაწეობის შემდეგ დატოვა და ზალცბურგის „რედ ბულში“ გადაბარგდა, სადაც გუნდის კაპიტანი იყო და ავსტრიის ჩემპიონი გახდა. 2007 წელს ლინკე მიუნხენურ გრანდში დაბრუნდა, თუმცა მხოლოდ მეორე გუნდში თამაშობდა და კარიერაც მალევე დაასრულა. მოგვიანებით ის „რედ ბულის“ მენეჯმენტში დასაქმდა, იანვრიდან „ლაიპციგის“ სპორტული დირექტორი იყო, ახლა კი გადადგა და უმუშევარია.

ვილი სანიოლი
2001 წელს სანიოლი „ბაიერნში“ ახალი გადასული იყო და პირველივე სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ფრანგი მარჯვენა მცველი თავიდანვე „ბაიერნის“ ქომაგების ერთერთი უსაყვარლესი მოთამაშე გახდა. რაც შეეხება ფინალს: „ვალენსიასთან“ სანიოლმა მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა, შესვენებაზე კი თავდამსხმელით, კარსტენ იანკერით შეცვალეს. მას მერე სანიოლმა „ბაიერნში“ 2007 წლამდე ითამაშა და გუნდის ერთერთი ლიდერი გახლდათ, 2007-ში კი უმძიმესი ტრავმა მიიღო, რამაც იძულებული გახადა, 2009-ში კარიერა დაესრულებინა. დღეს სანიოლი რეკორდმაისტერის სკაუტი და მრჩეველია.

ოუენ ჰარგრივსი
ახალგაზრდა ინგლისელმა ნახევარმცველმა ფინალში ტრავმირებული იენს იერემისი შეცვალა, რაც მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობა გახლდათ. თუმცა ჰარგრივსმა „ვალენსიასთან“ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რის შემდეგაც, ოტმარ ჰიტცფელდმა მას თავისი საუკეთესო მოწაფე უწოდა. თუმცა მერე ინგლისელი ტრავმებმა გატანკეს. ჰარგრივსი დღეს 30 წლისაა, მაგრამ ფეხბურთს ვეღარ თამაშობს. 2007 წელს ოუენი „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 25 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ ოთხი წლის მანძილზე, მანკუნიანელთა ფორმა მხოლოდ 30-ჯერ მოირგო. ახლა კი იძულებულია, „მანჩესტერი“ დატოვოს, რადგან მწვრთნელ სერ ალექს ფერგიუსონს მისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმება არ სურს. ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ჰარგრივსი კარიერას დაასრულებს.

შტეფან ეფენბერგი
„ბაიერნის“ ქომაგების უსაყვარლესი ფეხბურთელი ოლივერ კანთან ერთად - ეფე ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ხან სატელევიზიო ექსპერტის რანგში გვევლინება, ხან სხვადასხვა სარეკლამო რგოლებში იღებენ, ახლა კი მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ პრეზიდენტობაც უნდა. ათი წლის წინაც ასე იყო: შტეფანი „ბაიერნის“ შეუცვლელი ფიგურა და ლიდერი გახლდათ. ფინალში კი სწორედ მან გაათანაბრა ანგარიში გენიალური საჯარიმო დარტყმით და თავი არც თერთმეტმეტრიანების სერიაში შეირცხვინა. ჩემპიონთა ლიგის მოგებიდან ერთი წლის შემდეგ ეფე „ვოლფსბურგში“ გადავიდა, მერე კი ყატარში გადაინაცვლა, სადაც „ალ არაბის“ ღირსებას იცავდა. მოკლედ, დამატებითი მილიონები იშოვა და კარიერაც დაამთავრა.

ბიქსენ ლიზარაზუ
ათი წლის წინ ფრანგი მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო მარცხენა მცველი იყო და „ბაიერნის“ ერთერთი ლიდერიც გახლდათ. ჰიტცფელდმა ლიზარაზუ ფინალში შემტევ მარცხენა მცველად ათამაშა და ვალენსიელთა ლიდერის, გაისკა მენდიეტას გაუვნებელყოფა დაავალა. ფრანგმა ამ ამოცანას თავი შესანიშნავად გაართვა - მენდიეტას ბევრი არაფერი გააბედინა, ესპანელების საჯარიმოშიც ძალიან ხშირად აწვდიდა და პენალტების სერიაშიც იხეირა. 2004 წელს ლიზარაზუ „მარსელში“ გადაბარგდა, მაგრამ მალე ისევ რეკორდმაისტერში დაბრუნდა, რადგან ფილიპ ლამი მძიმედ დაშავდა და მიუნხენელებს მისი სამსახური დასჭირდათ. ბიქსენმა კარიერა 2006 წელს დაასრულა და დღეს საფრანგეთში სატელევიზიო ექსპერტია.

ჰასან სალიჰამიჯიჩი
ჯოვანი ელბერი? შტეფან ეფენბერგი? მეჰმეთ შოლი? ოლივერ კანი? არა! რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, „ბაიერნის“ გულშემატკივრებს ყველაზე მეტად სწორედ ჰასან სალიჰამიჯიჩი, იგივე „ბრაცო“ უყვარდათ. ბოსნიელი ნახევარმცველი საუკეთესო მაგალითი იყო იმისა, თუ როგორი მშრომელი უნდა მოთამაშე. ჰასანი არასდროს მიიჩნეოდა „ბაიერნის“ ძირითადი შემადგენლობის მუდმივ წევრად, მაგრამ თითქმის ყოველთვის თამაშობდა - განსაკუთრებით ოტმარ ჰიტცფელდის ხელში. ფინალში სალიჰამიჯიჩი თავიდან წინ წაწეული ნახევარმცველი გახლდათ, რომელსაც ელბერისთვის დახმარება ევალებოდა, მეორე ტაიმში კი, როცა ჰიტცფელდმა მოედანზე იანკერის სახით მეორე ცენტრალური თავდამსხმელიც შეუშვა, „ბრაცომ“ ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლა.

სალიჰამიჯიჩი 2007 წელს ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდა, სადაც ისე ხშირად არა, მაგრამ საკმაოდ სტაბილურად თამაშობდა და თამაშობს. მას ხელი მხოლოდ ტრავმებმა შეუშალეს. დღეს 34 წლისაა და ისევ „იუვეს“ ფეხბურთელია. თუმცა, ივნისის ბოლოს „ბებერ ქალბატონთან“ კონტრაქტი უმთავრდება და დიდი შანსია, რომ გერმანიაში დაბრუნდეს.

მეჰმეთ შოლი
ფინალის დაწყებიდან ექვსი წუთი იყო გასული, როცა „ვალენსიას“ კარში პენალტი დაინიშნა, რომლის შესრულება სწორედ შოლმა ითავა, მაგრამ ვერ გაიტანა - კანისარესმა აუღო. ასე რომ, მეჰმეთს, რომელიც „ბაიერნის“ ერთერთი ლიდერი იყო, ფინალის გმირს ვერ ვუწოდებთ. შოლმა „ბაიერნში“ 2007 წლამდე ითამაშა, რის შემდეგაც რეკორდმაისტერის 13-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი გახდა. წინა სეზონში შოლმა „ბაიერნის“ მოყვარულთა გუნდი ჩაიბარა, მაგრამ იმედები ვერ გაამართლა და ახლა მხოლოდ სატელევიზიო ექსპერტის რანგშია დაკავებული.

ჯოვანი ელბერი
ბრაზილიელი „ბაიერნის“ ისტორიაში ერთერთი საუკეთესო თავდამსხმელია, მაგრამ „ვალენსიასთან“ ფინალში ისე ვერ ითამაშა, როგორც მისგან ქომაგები მოითხოვდნენ და ელოდნენ. ელბერმა მიუნხენური გრანდი 2003 წელს იმის გამო დატოვა, რომ „ბაიერნმა“ როი მაკაი იყიდა და ბრაზილიელს ძირითადში თამაშის გარანტიას ვეღარ მისცემდნენ. მას მერე ელბერმა „ლიონშიც“ ითამაშა, მოგვიანებით „გლადბახის“ ფეხბურთელი იყო, ბოლოს კი „კრუზეიროს“ მიაშურა, მაგრამ იდეალურად არსად აღარ უთამაშია. მუშაობდა „ბაიერნის“ სკაუტად ბრაზილიაში, მაგრამ ორი წელია, ეს პოსტიც აღარ უკავია, რადგან ლუის ვან გაალს ბრაზილიელი ფეხბურთელები არ სჭირდებოდა. დღეს ელბერიც მხოლოდ სატელევიზიო ექსპერტის რანგში მუშაობით შემოიფარგლება.

კარსტენ იანკერი
რაკი პირველი ტაიმის შემდეგ, „ბაიერნი“ „ვალენსიასთან“ 0:1-ს აგებდა, ჰიტცფელდმა მოედანზე მეორე თავდამსხმელი შეიყვანა და ეს სწორედ იანკერი გახლდათ. კარსტენმა „ბაიერნის“ წინა ხაზს დიდი ძალა შემატა და საბოლოო ჯამში, ფინალის ერთერთი გმირი გახდა. ერთი წლის შემდეგ კი რეკორდმაისტერი დატოვა და სად აღარ სცადა ბედი: „უდინეზე“, „კაიზერსლაუტერნი“, „შანხაი“, „მატერსბურგი“ - მაგრამ მაღალ დონეზე ვერსად ვეღარ ითამაშა და კარიერა 2010 წელს დაასრულა. დღეს კარსტენი ავსტრიაში მუშაობს და ვენის „რაპიდის“ 15-წლამდელთა გუნდის მწვრთნელია.

ალექსანდერ ციკლერი
თავდამსხმელი, რომელსაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ დიდი გოლეადორი ვერაფრით გახდა, ჰიტცფელდმა 2001 წლის ფინალში მოედანზე მე-100 წუთზე, ელბერის ნაცვლად შეუშვა. ციკლერმა პენალტების სერიაში ერთერთი თერთმეტმეტრიანის გატანა შეძლო.

ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფის შემდეგ მან რეკორდმაისტერში 2005 წლამდე ითამაშა, მერე კი ზალცბურგში გადავიდა, სადაც სამჯერ გახდა ავსტრიის ჩემპიონი. დღეს „ციკო“ უკვე 37 წლისაა და ფეხბურთს ჯერ კიდევ თამაშობს - ლინცის „ლასკში“.

პაულო სერჟიო
მიუხედავად იმისა, რომ ფინალში მოედანზე მხოლოდ 108-ე წუთზე გამოჩნდა (შოლის ნაცვლად), ბრაზილიელს „ვალენსიასთან“ ჰიტცფელდისგან ერთერთი მთავარი როლი ჰქონდა მინიჭებული. მოედანზე შესვლიდან რამდენიმე წამში ასპროცენტიანი საგოლე მომენტი შეექმნა, რომელიც ვერ გამოიყენა. პენალტების სერიაც სწორედ მან დაიწყო, მაგრამ კანისარესის კარს ბურთი ზემოდან გადააცილა. თუმდა რეკორდმაისტერმა ფინალი მაინც მოიგო, პაულო სერჟიო კი ცხარე ცრემლებით ტიროა და თანაგუნდელებს უბოდიშებდა, კინაღამ დაგღუპეთო. არადა, ბრაზილიელმა იმ სეზონში ძალიან მნიშვნელოვანი გოლების გატანა შეძლო - მარტო „მანჩესტერთან“ გატანილი ისტორიული, გამარჯვების გოლის გახსენება რად ღირს. ტრიუმფიდან ერთი წლის შემდეგ მან კარიერა ემირატებში გააგრძელა, ბუცემი კი ლურსმანზე სამშობლოში ჩამოკიდა. დღეს პაულო სერჟიო „ბაიერნის“ ერთ ერთი სკაუტია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული