იოგის კლოზეც გამოაკლდა

AutoSharing Option
წამყვანი საყრდენი ნახევარმცველების შემდეგ, გერმანიის ნაკრებს თავდამსხმელიც დაუშავდა. კვირას ბუნდესგუნდმა ურუგვაის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა და ამ მატჩში „ბაიერნის“ 32 წლის ფორვარდმა მიროსლავ კლოზემ ტრავმა მიიღო, ორშაბათს კი ცხადი გახდა, რომ მირო (109 თამაში ბუნდესგუნდში) გერმანიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში (3 ივნისს ავსტრიასთან, 7 ივნისს აზერბაიჯანთან) ვერ დაეხმარება.

„კლოზეს ტრავმამ ძალიან დამამწუხრა, თუმცა დამღლელი სეზონის შემდეგ ტრავმის მიღების რისკი ყოველთვის მაღალი ხოლმე და ეს ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მიროს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, ავსტრიას და აზერბაიჯანს კი მის გარეშეც
უნდა მოვუგოთ,“ - განაცხადა ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

კლოზეს ტრავმა უთუოდ გაახარებდა მის კონკურენტ მარიო გომესს, რომელსაც ახლა ორივე შეხვედრაში თამაში გარანტირებული აქვს. ლიოვს კლოზეს შემცვლელი ჯერ არ გამოუძახია, რადგან ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გომესის გარდა, სამი ვარიანტი ვარიანტი აქვს. ამ პოზიციაზე თამაში ხომ თომას მიულერს, ლუკას პოდოლსკის და ანდრე შიურლესაც შეუძლიათ. თუმცა ეს ფეხბურთელები იოგის შემტევი ნახევარმცველების პოზიციებისთვის სჭირდება და დიდი შანსია, რომ ახალ ცენტრფორვარდს მაინც უხმოს.

ამასობაში, გერმანული პრესაც იუწყება, რომ კლოზეს იტალიური გრანდები ეპატიჟებიან. გუშინდელ ნომერში იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია გამოვაქვეყნეთ, გუშინ კი, ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმაც დაწერეს, რომ მიროს გადაბირება რომის „ლაციოს“ და „მილანს“ სურთ. შეგახსენებთ, რომ 32 წლის კლოზეს „ბაიერნთან“ კონტრაქტი 1 ივლისს უმთავრდება და ჯერ ახალი ხელშეკრულება არ გაუფორმებია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ტრანსფერზე დათანხმდა, „ლაციო“ ან „მილანი“ მას ხელში უფასოდ ჩაიგდებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული