იმედგაცრუებული შტეფანი მიონხენგლადბახიდან გაიქცა

AutoSharing Option
შტეფან ეფენბერგი გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ერთერთი ყველაზე მებრძოლი ფეხბურთელი იყო. სწორედ ამიტომ გაოცდა მთელი საფეხბურთო გერმანია მის საქციელზე - ამბობენ, ეფეს ასეთი რამ არ ეკადრებაო. როგორც იცით, 42 წლის შტეფანი მიონხენგლადბახის „ბორუსიაში“ სერიოზულ რევოლუციას გეგმავდა - მას სპორტული დირექტორობა სურდა, პრეზიდენტ როლფ კიონიგსისთვის და მოქმედი სპორტული დირექტორისთვის, მაქს ებერლისთვის კი იმპიჩმენტი უნდა მოეწყო. სწორედ ამ მიზნით ჩამოაყალიბა მან საინიციატივო ჯგუფი, რომლის მოთხოვნითაც, კვირას „ბორუსია პარკზე“ კენჭისყრა გაიმართა - კენჭისყრა, რომლის შედეგიც ეფენბერგისთვის კატასტროფული მარცხია.

4769 ხმიდან ეფემ მხოლოდ 335 მიიღო
- მისი ინიციატივის წინააღმდეგ კი ხმა კლუბის 4269 წევრმა მისცა, 165-მა კი თავი შეიკავა. არადა, შტეფანს მინიმუმ ხმათა ორი მესამედი სჭირდებოდა. როცა სტადიონზე კენჭისყრის შედეგები გამოაცხადეს, ეფენბერგი იქ უკვე აღარ იყო - მას შედეგი შედარებით ადრე შეატყობინეს და ეფემ „ბორუსია პარკი“ ე.წ. უკანა გასასვლელიდან“ დატოვა - რბილად რომ ვთქვათ, გაიქცა!

„კენჭისყრის დროს ხალხის რეაქციას ვაკვირდებოდი და მივხვდი, რომ უმრავლესობა ცვლილებების წინააღმდეგი იყო. ეს ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია. ცეცხლზე ნავთის დასხმა ნამდვილად არ მინდოდა, უბრალოდ, მე ვფიქრობ, რომ კლუბში ყველაფერი შესაცვლელია და იმედი მქონდა, რომ წევრები მხარს დამიჭერდნენ. თუკი ფიქრობენ, რომ რევოლუცია საჭირო არ არის, ღმერთმა ხელი მოუმართოთ. „გლადბახი“ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ამ გუნდს წარმატებებს ვუსურვებ. რაც შეეხება იმას, თუ რატომ დავტოვე „ბორუსია პარკი“ ნაადრევად - როცა ვხვდები, რომ გარკვეულ ადგილზე ყოფნას აზრი არ აქვს, არც ვრჩები ხოლმე,“ - უთხრა ეფემ „ბილდს“.

რამდენჯერაც სტადიონზე შტეფანის გვარი გამოაცხადეს, იმდენჯერ გამაყრუებელი სტვენა გაისმა, მოქმედ პრეზიდენტ კიონიგსს კი უმრავლესობა ტაშს უკრავდა. რაკი „გლადბახი“ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას გადაურჩა, როგორც ჩანს, კლუბის წევრები ამით კმაყოფილები არიან და ძირეულ ცვლილებებზე უარი ამიტომაც თქვეს. 63 წლის ჰორსტ კიოპელი, რომელიც ეფეს გამარჯვების შემთხვევაში კლუბის პრეზიდენტი უნდა გამხდარიყო, ამბობს, „ბოხუმთან“ მოგებული ორრაუნდიანი დუელის შემდეგ მოქმედ ხელმძღვანელებს უკვე ძალიან კარგი არგუმენტები ჰქონდათ და ვხვდებოდი, რომ ვერ გავიმარჯვებდითო. ეს კომენტარი ისე ჟღერს, თითქოს ეფენბერგსა და კომპანიას უნდოდა, რომ „ბორუსია“ პირველი ბუნდესლიგიდან გავარდნილიყო, რაც ეფეს მართლა არ ეკადრება...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული