გიოტცე მესის გზაზე?

AutoSharing Option
ერთი წლის წინ დორტმუნდის „ბორუსიას“ 18 წლის ნახევარმცველ მარიო გიოტცეს არავინ იცნობდა, გარდა იმ მცირერიცხოვანი ქომაგებისა, რომლებიც „ბორუსიას“ ბავშვთა გუნდების მატჩებს ესწრებიან ხოლმე. ერთი წლის წინ, გიოტცე ბუნდესლიგის ვარსკვლავებს არიენ რობენს, ფრანკ რიბერის ან რაულს მხოლოდ ტელევიზორის ეკრანიდან იცნობდა და მათთან ერთად მოედანზე ყოფნაზე ოცნებობდა. დღეს კი, გერმანული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად წოდებული ნახევარმცველი თითქმის მათ სიმაღლეზეა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სებასტიან დაისლერის შემდეგ გერმანიას ასეთი ტალანტი არ ჰყოლია.

ეს სეზონი მარიოსთვის ბუნდესლიგაში პირველი იყო და აქედან გამომდინარე, მისი მიღწევები ორმაგად
გამაოგნებელია. გიოტცემ, რომელსაც ერთი წლის წინ BVB-ს განაცხადშიც კი არ მოიაზრებოდა, ბუნდესლიგაში 33 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი მიითვალა. „ბორუსიამ“ „ვერცხლის სინი“ რომ მოიპოვა, სხვებთან ერთად ეს მარიოს დამსახურებაცაა და სხვათა შორის, მას საკმაოდ ბევრ თანაგუნდელზე გაცილებით დიდი წვლილიც მიუძღვის. შესაბამისად, გასაკვირი სულაც არ არის ის, რომ გიოტცეს გერმანიის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში ადგილი უკვე გარანტირებული აქვს.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გიოტცე არა მარტო დორტმუნდში, არამედ მთელ გერმანიაში ძალიან უყვართ. თავად განსაჯეთ: გერმანიის საფეხბურთო ლიგის მიერ ჩატარებული მასშტაბური გამოკითხვის შედეგად, მარიო გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია. 18 მწვრთნელიდან, გიოტცე 12-მა საუკეთესო სამეულში დაასახელა, ხუთმა კი სულაც პირველ ადგილზე გაიყვანა!

„ჰამბურგის“ მთავარი მწვრთნელი მიხაელ იონინგი, რომელიც ერთერთია იმ ხუთეულიდან, ვინც მარიო სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა, ამბობს: „თავისი დრიბლინგებითა და ტექნიკით გიოტცე პირადად მე ლიონელ მესის მაგონებს. 18 წლის ასაკში არგენტინელმაც სწორედ ასე დაიწყო აღმასვლა, დღეს კი უდავოდ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. იმედი მაქვს, რომ მარიოც ასეთი სუპერმოთამაშე გახდება.“

გიოტცეს „ჰანოვერის“ თავკაცი მირკო სლომკაც აქებს: „დარწმუნებული ვარ, რომ მარიო ძალიან მალე გახდება ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ბუნდესლიგაში ის ყველაზე დინამიკური და ტექნიკურად სრულყოფილი ფეხბურთელია. ამასთან, გიოტცემ ისიც დაამტკიცა, რომ გადამწყვეტი გოლების გატანა შეუძლია.“

...და რას ამბობს თვითონ ახალგაზრდა ვარსკვლავი? „ამდენი კომპლიმენტი, რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს. ჩემთვის საამაყოა, რომ მაღალი დონის სპეციალისტები ასეთი ეპითეტებით მამკობენ, მაგრამ ვიცი, რომ საკუთარ თავზე კიდევ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშავო,“ - ამბობს 18 წლის ვარსკვლავი.

გიოტცე უკვე გერმანიის ნაკრებსაც გაუშინაურდა, თანაც იმდენად, რომ ბუნდესმწვრთნელი იოახიმ ლიოვი მასზე ამბობს, ერთადერთი დორტმუნდელია, რომელსაც ნაკრებში ადგილი უკვე განაღდებული აქვსო. „ამ ერთ წელიწადში გიოტცემ უდიდესი პროგრესი განიცადა, ის უდავოდ საუკეთესო ტალანტია. გერმანიას ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი დიდი ხანია არ ჰყოლია, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბევრმა ტალანტმა იმედები ვერ გაამართლა. ამით იმის თქმა მინდა, რომ მარიომ ძალიან ბევრი უნდა იშრომოს,“ - ამბობს ბუნდესგუნდის 51 წლის დამრიგებელი.

მოკლედ, გიოტცეს ყველა წინაპირობა აქვს იმისათვის, რომ უმაღლესი კლასის ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული