შენ წადი და აუფ ვიდერზეენ ჩვენზე იყოსო...

AutoSharing Option
ერთი წელია, მიხაელ ბალაკი გერმანიის ნაკრებში დაბრუნებისთვის იბრძვის. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის წინ მიღებულმა ტრავმამ მას არა მარტო მუნდიალი გამოატოვებინა, არამედ ბუნდესგუნდის კარიც მიუხურა – სავარაუდოდ სამუდამოდ. მართალია, გერმანიის ნაკრების მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ხშირად იმეორებს, რომ ბალაკისთვის ეროვნული გუნდის კარი ჯერ არ დახურულა, მაგრამ ყველა ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ 34 წლის ნახევარმცველის სანაკრებო კარიერა დასასრულს უახლოვდება. დღეს ბუნდესგუნდი ავსტრიის ნაკრებს ეთამაშება, მერე კი აზერბაიჯანს (ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი) და ბალაკი ბუნდესნაკრებში ისევ არაა გამოძახებული. ლიოვმა თქვა, ამ შეხვედრების შემდეგ მიხაელს
კიდევ ერთხელ შევხვდები და დაველაპარაკებიო. „შპორტ ბილდის“ ჟურნალისტები კი სანდო წყაროზე დაყრდნობით გვაუწყებენ, რომ ლიოვი მიხაელს გარიგებას შესთავაზებს.

ხსენებული გამოცემა წერს, რომ ლიოვი ბალაკს სანაკრებო კარიერის დასრულებას მოსთხოვს, ოღონდ იმ პირობით, რომ მიხაელმა უნდა თქვას, ნაკრებიდან ჩემი ნებით მივდივარო. სანაცვლოდ კი, იოგი ბუნდესგუნდის ყოფილ კაპიტანს 10 აგვისტოს შტუტგარტში დაგეგმილი ამხანაგური მატჩისთვის (ბრაზილიასთან) გამოიძახებს და ამ შეხვედრას ბალაკის გამოსამშვიდობებელი თამაშის სტატუსიც ექნება.

თუ ბალაკი ამ გარიგებას დათანხმდება, ბრაზილიასთან მატჩი მისთვის რიგით 99-ე შეხვედრა იქნება ბუნდესგუნდში, გერმანელი გულშემატკივრები კი ყოფილ კაპიტანს ტაშით გააცილებენ. თუმცა გერმანელი ექსპერტების გარკვეული ნაწილი მიხაელისთვის გამოსათხოვარი მატჩის მოწყობას არ ამართლებს.

„ამბობენ, მიხაელ ბალაკმა გერმანიის ნაკრებს და ზოგადად გერმანულ ფეხბურთს ძალიან ბევრი რამ გაუკეთაო. მე ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, - ამბობს 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ანდრეას ბრემე, - მიხაელი მართლა კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ რას მიაღწია გერმანიის ნაკრებში? არც არაფერს!“

ბრემე პირდაპირ აცხადებს, ბალაკი გამოსათხოვარ მატჩს არ იმსახურებსო და იმაშიც დარწმუნებულია, რომ თუ სანაკრებო კარიერის დამთავრებაზე უარს იტყვის, გერმანიის ნაკრებში ისედაც აღარასოდეს გამოიძახებენ. გერმანიის ნაკრების მეორე ლეგენდარული ფეხბურთელი ლოთარ მათეუსი კი ლიოვს აკრიტიკებს და მისგან საბოლოო გადაწყვეტილების გახმაურებას ითხოვს.

„ეს ყველაფერი უკვე სასაცილოა. ერთი წელია, ლიოვი ამბობს, ბალაკისთვის ნაკრების კარი ჯერ კიდევ ღიააო, მაგრამ არ იძახებს. ვფიქრობ, იოგის უნდა ეყოს ვაჟკაცობა, აღიაროს, რომ მიხაელს ბუნდესგუნდში დიდი ხანია აღარ მოიაზრებს“, - ამბობს მათეუსი და ბრემესგან განსხვავებით, გერმანიის ნაკრების რეკორდსმენ ლოთარს მიაჩნია, რომ მიხაელ ბალაკი ღირსეულ დამშვიდობებას ნამდვილად იმსახურებს: „ჩემი აზრით, მიხაელმა ბრაზილიასთან აუცილებლად უნდა ითამაშოს, მან ტაშით გაცილება დაიმსახურა. შესაძლოა, მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონი ვერ გახდა, მაგრამ წლების მანძილზე გერმანიის ნაკრების ლამის ერთადერთი სუპერვარსკვლავი იყო და ეს არ უნდა დავივიწყოთ.“

მათეუსს „ბაიერნის“ ვიცე-პრეზიდენტი და გერმანიის ნაკრების კიდევ ერთი ლეგენდარული მოთამაშე, კარლ-ჰაინც რუმენიგეც ეთანხმება. „მან გერმანულ ფეხბურთს და გერმანიის ნაკრებს ბევრი გაუკეთა და ღირსეულ დამშვიდობებას იმსახურებს. მეც არ მჯერა, რომ ბალაკი ბუნდესგუნდში დაბრუნებას მოახერხებს, რადგან ლიოვს ნახევარდაცვაში დღეს ყველაზე ნაკლებად უჭირს. ბასტიან შვაინშტაიგერი, სამი ხედირა, თომას მიულერი, მესუთ იოზილი – მიხაელი ამ მოთამაშეებს უკვე ვეღარ აჯობებს. კრისტიან ტრეშის, ტონი კროოსისა და სვენ ბენდერის სახით კი ლიოვს სათადარიგოთა სკამზეც ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს“, - აცხადებს „შპორტ ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „კალე“.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული