კლოზემ გადაწყვიტა: მივდივარ!

AutoSharing Option
მაშ ასე, როგორც მოსალოდნელი იყო, მიროსლავ კლოზემ „ბაიერნთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა, რაც იმას ნიშნავს, რომ 32 წლის თავდამსხმელი ოთხწლიანი მოღვაწეობის შემდეგ რეკორდმაისტერს დატოვებს. მიროს მიუნხენური გრანდის ფორმით ბუნდესლიგაში 98 მატჩი აქვს ჩატარებული ( 24 გოლი, 17 პასი). ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ფორვარდი, რომელიც ხუთშაბათს 33 წლის ხდება.

გასულ სეზონში კლოზე უმეტესად „ბაიერნის" სათადარიგოთა სკამს ხეხავდა - მიუნხენელთა ყოფილი მწვრთნელი ლუის ვან გაალი მას ძალიან იშვიათად ენდობოდა. ამ სეზონში კლოზემ ბუნდესლიგის 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და აქედან მხოლოდ
9-ჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში (ერთი გოლი), რაც ძალიან ცუდი შედეგია ისეთი თავდამსხმელისთვის, რომელიც ჯერ კიდევ გერმანიის ნაკრებში ასპარეზობს და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე არა მარტო განაცხადში ყოფნა, არამედ თამაშიც უნდა.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამისა, კლოზეს, რომელსაც გერმანიის ნაკრებში 109 მატჩში 61 გოლი აქვს გატანილი, „ბაიერნში" დარჩენა უნდოდა. რეკორდმაისტერის ხელმძღვანელებთან შეთანხმებას კი იმის გამო ვერ მიაღწია, რომ ბავარიელები მას მხოლოდ ერთწლიან ხელშეკრულებას და მინიმუმ 20 მატჩში სასტარტოში გამწესებას სთავაზობდნენ, კლოზეს კი მინიმუმ ორწლიანი კონტრაქტი სურდა.

„კლოზესთან ახალი კონტრაქტის გაფორმება ძალიან გვინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ ხელშეკრულების ვადაზე ვერ შევთანხმდით, - აცხადებს „ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე და დასძენს, - მიუნხენის „ბაიერნის" სახელით მიროს წარმატებებს ვუსურვებ და დიდ მადლობას ვუხდი ამ 4 წლის მანძილზე გაწეული სამსახურისთვის."

რეკორდმაისტერის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა კლოზეს კომენტარიც გაავრცელა: „მიუნხენში ოთხი არაჩვეულებრივი წელი გავატარე, რისთვისაც კლუბს და მიუნხენელ გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი. „ბაიერნის" ფეხბურთელობა ჩემს კარიერაში განსაკუთრებული მოვლენა იყო." მიროს მომავალთან დაკავშირებით ჯერ არაფერია ცნობილი. მას რამდენიმე წინადადება აქვს, ყველაზე მეტად კი რომის „ლაციო" აქტიურობს, თუმცა რამდენიმე დღეა, რაც „ვალენსიაც" გააქტიურდა. ესპანურ კლუბს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვს, რამაც, შესაძლოა, კლოზეს გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს. „ბილდის" ცნობით, მირო უპირატესობას სწორედ „ვალენსიას" ანიჭებს.

გარკვეულია ისიც, რომ მიუხედავად კლოზეს დაკარგვისა, „ბაიერნი" ახალ თავდამსხმელს არ იყიდის. რამდენიმე დღის წინ რუმენიგემ ჩვენს გერმანელ კოლეგებს უთხრა, თუ მირო დაგვტოვებს, მომავალ მწვრთნელ იუპ ჰაინკესთან უკვე შეთანხმებულები ვართ იმაზე, რომ „ბაიერნი" ახალ თავდამსხმელს არ იყიდის და ახალი სეზონისთვის სამი ცენტრფორვარდით, მარიო გომესით, ივიცა ოლიჩითა და „კოტბუსიდან" ახლახან ნაყიდი ნილს პეტერსენით მოვემზადებითო.

მართალია, რეკორდმაისტერის დარი კლუბისთვის სამი ცენტრალური თავდამსხმელი ცოტაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ პოზიციაზე თამაში მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდიერს, 21 წლის თომას მიულერსაც შეუძლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული