გასულ სეზონში აშკარა იყო, რომ „შალკეს" ყველაზე მეტად მარცხენა მცველის პოზიციაზე უჭირდა, რის გამოც გელზენკირხენელებმა არ დაახანეს და ახალი სეზონისთვის პირველ რიგში სწორედ ეს პრობლემატური პოზიცია გააძლიერეს. ლევან ყენიას კლუბმა ავსტრიის ნაკრების კაპიტანი კრისტიან ფუხსი იყიდა - ფეხბურთელი, რომელიც ამ სეზონში „მაინცის" ღირსებას იცავდა. მარცხენა მცველმა, რომელიც იდეალურად ასრულებს საჯარიმო დარტყმებს, გელზენკირხენულ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ფუხსი „მაინცში" „ბოხუმიდან" იყო განათხოვრებული და ეს სეზონი იმდენად კარგად ჩაატარა, რომ მაინცელებმა ის საბოლოოდ გამოისყიდეს. თუმცა „მაინცმა" მისი შენარჩუნება ვერ შეძლო - კრისტიანის
„შალკეში" ტრანსფერი გუშინ მაინცელთა მენეჯერმა კრისტიან ჰაიდელმა დაადასტურა. ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა გაარკვიეს, რომ ფუხსის კონტრაქტში ჩადებული იყო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, გარკვეული თანხის სანაცვლოდ მას „მაინციდან" წასვლა შეეძლებოდა და ჰაიდელი ამბობს, „შალკემ" სწორედ ეს თანხა შემოგვთავაზაო.
„კიკერის" ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 5 მილიონ ევროზე. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ფუხსამდე „მაინცმა" ახალგაზრდა ლიდერი ანდრე შიურლეც დაკარგა, რომელიც მომავალ სეზონში „ლევერკუზენის" ღირსებას დაიცავს. ეს უკანასკნელი ამ სეზონში 15 გოლით „მაინცის" საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ და გაირკვა, რომ „ფარმაცევტებმა" მის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადეს. „მაინცს" კიდევ ერთ წამყვან მოთამაშესთან, ლუის ჰოლტბისთანაც უწევს გამომშვიდობება - ეს უკანასკნელი კარნავალელთა ღირსებას არენდის წესით იცავდა და ახლა ისევ „შალკეში" ბრუნდება.