დორტმუნდის ახალი სამიზნე: ეკდალი

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრების ახალგაზრდა, 22 წლის ფეხბურთელ ივან პერიშიჩთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ (შემტევი ნახევარმცველი გერმანიის ჩემპიონმა „ბრიუგედან“ 5 მილიონ ევროდ შეიძინა), დორტმუნდის „ბორუსიას“ ხელმძღვანელებმა თქვეს, ამით ჩვენი სატრანსფერო აქტივობები დამთავრდა, ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ შეკრებას სწორედ ამ შემადგენლობით დავიწყებთ და დიდი შანსია, რომ ზაფხულში აღარავინ ვიყიდოთო.

თუმცა დორტმუნდის ბოსებმა ახლავე დაიწყეს ზრუნვა კიდევ ერთ ტრანსფერზე, რომლის განხორციელების შემთხვევაში, გერმანიის ჩემპიონი კიდევ ერთ უაღრესად ნიჭიერ ფეხბურთელს ჩაიგდებს ხელში.

იმის გამო, რომ 29 წლის საყრდენი ნახევარმცველი მარკუს ფოილნერი დორტმუნდიდან მიდის და მომავალ სეზონს „ნიურნბერგში“
გაატარებს, ხოლო თავდამსხმელ მოჰამედ ზიდანის გაყიდვა ფაქტობრივად გადაწყვეტილია, „ბორუსიას“ ერთის მხრივ დამატებითი შემოსავალი უჩნდება, მეორე მხრივ კი აუცილებლად დასჭირდება ახალი ცენტრალური ნახევარმცველი. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, „ბორუსია“ 21 წლის შვედ ფეხბურთელს, ალბინ ეკდალს უმიზნებს. ეს უკანასკნელი ახალგაზრდა, მაღალი (1.86 მეტრი), საკმაოდ ტექნიკური და მებრძოლი სულისკვეთების მქონე მოთამაშეა, რითაც ასი პროცენტით ჯდება „ბორუსიას“ მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის გემოვნებაში.

გასულ სეზონში მან „ბოლონიას“ მაისურით სერია A-ში 22 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ეკდალს „ბოლონიასთან“ კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული. მისი სატრანსფერო უფლებების 50-პროცენტიან პაკეტს ტურინის „იუვენტუსი“ ფლობს, მეორე ნახევარს კი „ბოლონია“. საერთო ჯამში კი, ალბინ ეკდალი დაახლოებით 3.5 მილიონი ევრო ღირს. ეს ის თანხაა, რომელსაც დორტმუნდელები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდიან, თუ მოჰამედ ზიდანი გაიყიდება (ეგვიპტელი 2 მილიონი ღირს).


კაგავა და მანჩესტერი
ამასობაში, „ბორუსიას“ ხელმძღვანელებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ. საქმე იმაშია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ დორტმუნდელთა 22 წლის იაპონელ ფლეიმეიქერს, გასული სეზონის ერთერთ უმთავრეს აღმოჩენას (8 გოლი 17 მატჩში), შინჯი კაგავას დაადგა თვალი. ჩვენი იაპონელი კოლეგების ცნობით, „მანჩესტერის“ თავკაც სერ ალექს ფერგიუსონს კაგავას ყიდვა ან ახლავე სურს, ანაც ერთი წლის შემდეგ. ამ შემთხვევაში ყველაზე საინტერესო თვითონ ახალგაზრდა იაპონელი ფეხბურთელის კომენტარია:

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ევროპის ერთერთი უძლიერესი კლუბია და ჩემთვის დიდი პატივია ის, რომ მანჩესტერელები ჩემით დაინტერესდნენ. თუ კონკრეტული წინადადებით მომმართავენ, სიამოვნებით მოვუსმენ. პრემიერლიგა და მით უმეტეს „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემთვის ძალიან საინტერესოა,“ - უთხრა კაგავამ იაპონელ ჟურნალისტებს და ამ განცხადებით მთელი დორტმუნდი ააღელვა.

შინჯი კაგავა „ბორუსიაში“ ზუსტად ერთი წლის წინ, „ოსაკადან“ გადავიდა და დორტმუნდელებს ეს ტრანსფერი სულ რაღაც 350 000 ევრო დაუჯდათ, დღეს კი კაგავა გაცილებით ძვირად, დაახლოებით 15-20 მილიონ ევროდ ფასობს. ამ სეზონში იაპონელს არაერთი მთხოვნელი გამოუჩნდა – „მანჩესტერის“ გარდა მისით „ვილიარეალი“, „ატლეტიკო“, „ტოტენჰემი“ და „იუვენტუსი“ არიან დაინტერესებულები. კაგავას BVB-სთან კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული და „ბორუსიას“ ხელმძღვანელებს ახლავე ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურთ.

ინგლისურ და გერმანულ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, „მანჩესტერი“ მზადაა, „ბორუსიას“ 20 მილიონი ევრო გადაუხადოს. თუმცა დორტმუნდელთა ბოსი ჰანს-იოახიმ ვატცკე ამბობს, მანჩესტერელებს შანსი არ აქვთ, შინჯის არაფრისდიდებით არ გავყიდითო. მაგრამ თუ თვითონ ფეხბურთელი მოინდომებს წასვლას?..
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული