გაჭირვება მაჩვენე, როზენბერგს გაჩვენებ...

AutoSharing Option
კითხვაზე, სურს თუ არა ბრემენის „ვერდერში“ დაბრუნება, 28 წლის შვედმა თავდამსხმელმა მარკუს როზენბერგმა უპასუხა, რატომაც არაო. ამ სეზონში „როზი“ „ვერდერიდან“ სანტანდერის „რასინგში“ იყო განათხოვრებული და ახლა ორი ვარიანტი აქვს: ან ბრემენში უნდა დაბრუნდეს, ანაც ესპანურ კლუბში უნდა დარჩეს.

როზენბერგის მრჩეველი, თვითონ ყოფილი და ყველასათვის კარგად ცნობილი ფეხბურთელი მარტინ დალინი ამბობს, დიდი შანსია, რომ მარკუსმა თავი ისევ „ვერდერში“ ამოყოსო. მისი თქმით, როზენბერგის დაბრუნება თვითონ ბრემენულმა, კერძოდ მთავარმა ბოსმა კლაუს ალოფსმა მოისურვა.

როზენბერგი „ვერდერში“ თავს მხოლოდ იშვიათად იჩენდა ხოლმე, რის გამოც მასზე
ხელი ჩაიქნიეს, აი, პრიმერადივიზიონში კი დაამტკიცა, რომ თავდამსხმელია და გოლების გატანა შეუძლია – 33 ოფიციალურ შეხვედრაში მის ანგარიშზე 9 გოლი და 8 საგოლე პასია. სწორედ ამიტომ, სანტანდერელებს როზენბერგის შენარჩუნება უნდათ და აქამდე ფიქრობდნენ, რომ „ვერდერი“ არენდის გაგრძელებას უპრობლემოდ დათანხმდებოდა, მაგრამ ბრემენულ კლუბსაც ძალიან გაუჭირდა, ახალ ფეხბურთელებს ვერ ყიდულობს, რის გამოც „როზის“ დაბრუნება დადგა დღის წესრიგში.

შეგახსენებთ, რომ როზენბერგი „ვერდერში“ ამსტერდამის „აიაქსიდან“ 2007 წელს გადავიდა და მას შემდეგ, ბუნდესლიგაში ჩატარებულ 90 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ევროტურნირებზე კი 31 შეხვედრაში მხოლოდ 6-ჯერ იხეირა. „მუსიკოსების“ მთავარმა მწვრთნელმა თომას შააფმა მარკუსი შარშან იმის გამო გაანათხოვრა, რომ ფიქრობდა, ჩვენთან თამაშის შანსი აღარ აქვსო, ახლა კი, შვედი თავდამსხმელი გაცილებით მარტივ სიტუაციაშია.

„ვერდერის“ თავდასხმაში ნომერ პირველი კაცი 32 წლის კლაუდიო პისაროა, ოღონდ მაშინ, როცა ჯანმრთელია, რადგან პერუელი ხშირად იღებს ტრავმებს. პისაროს გარდა კი, ბრემენულ კლუბს ფაქტობრივად არცერთი თავდამსხმელი არ უვარგა: 23 წლის სანდრო ვაგნერს მაღალი კლასის ფორვარდობამდე ჯერ კიდევ ბევრი ალია, იგივე ეხება 22 წლის დენი ავდიჩსაც, რომელიც სხვათა შორის, როზენბერგის თანამემამულეა, ერთი წლის წინ დიდი იმედებით ნაყიდმა ავსტრიელმა მარკო არნაუტოვიჩმა კი ყველას იმედები გაუცრუა. შესაბამისად, როზენბერგს „ვერდერის“ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შესანიშნავი შანსი აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული