შაჰინი პირველია, გიოტცე მეორე

AutoSharing Option
ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ, ბუნდესლიგის ფეხბურთელთა გაერთიანება პირველ, მეორე და მესამე ბუნდესლიგების მოთამაშეებს შორის მასშტაბურ გამოკითხვას ატარებს და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს ავლენს ხოლმე.

ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა და გამარჯვებულიც გამოვლინდა: გერმანიაში მოთამაშე ფეხბურთელებმა 2010/2011 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დორტმუნდის „ბორუსიას“ თურქი ნახევარმცველი ნური შაჰინი დაასახელეს - როგორც იცით, ეს უკანასკნელი ახლახან მადრიდის „რეალში“ გადავიდა და მომავალი სეზონიდან სწორედ „სამეფო გუნდში“ ითამაშებს.

შაჰინმა, რომელიც თურქეთის ნაკრების ლიდერია, ხმების 30.3 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე კი მისი თანაკლუბელი და გასული სეზონის მთავარი აღმოჩენა,
„ბორუსიას“ 19 წლის ნახევარმცველი, გერმანული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად შერაცხული მარიო გიოტცე გავიდა, რომელსაც ხმათა 16.1 პროცენტი ერგო. მესამე ადგილი კი „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების თავდამსხმელმა, ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა მარიო გომესმა დაიკავა (12.9%).

გამოკითხვა მხოლოდ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენას როდი ისახავდა მიზნად. გერმანიის ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებმა წლის მთავარ აღმოჩენად, როგორც მოსალოდნელი იყო, მარიო გიოტცე დაასახელეს, რომელმაც ეს სტატუსი უდიდესი უპირატესობით მოიპოვა - გიოტცემ ამ კატეგორიაში ხმების 83.6 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე „მაინცისა“ და გერმანიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ანდრე შიურლე გავიდა, რომელმაც ხმების მხოლოდ 3.1 პროცენტი მიიღო, მესამეზე კი „ნიურნბერგის“ ყოფილი ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი (2.5%), რომელიც დორტმუნდში გადავიდა და იქ ნური შაჰინს შეცვლის.
რაც შეეხება სეზონის საუკეთესო მწვრთნელს: ცხადია, ეს წოდება „ბორუსიას“ თავკაცმა იურგენ კლოპმა ასევე უდიდესი უპირატესობით მიიღო (70.4%). მეორე ადგილზე „ჰანოვერის“ მწვრთნელი მირკო სლომკა გავიდა (11.3%), მესამეზე კი „მაინცის“ დამრიგებელი თომას ტუხელი (5.0%).

გამოკითხვის შედეგად შედგა სეზონის სიმბოლური ნაკრებიც, რომელიც კლასიკური 4-4-2 ტაქტიკური სქემით ასე გამოიყურება: მანუელ ნოიერი (შალკე) - ფილიპ ლამი (ბაიერნი), ნევენ სუბოტიჩი (ბორუსია დ), მარსელ შმელცერი (ბორუსია დ) - არიენ რობენი (ბაიერნი), ნური შაჰინი (ბორუსია დ), არტურო ვიდალი (ლევერკუზენი), მარიო გიოტცე (ბორუსია დ) - მარიო გომესი (ბაიერნი), პაპის დემბა სისე (ფრაიბურგი).


რეკორდი: 42 000 მაყურებელი საშუალოდ ერთ მატჩზე!
ამასობაში, ბუნდესლიგა მაყურებლების რაოდენობის მხრივ რეკორდებს რეკორდებზე ამყარებს. გასული სეზონის მონაცემებით, გერმანიის ჩემპიონატმა საშუალოდ ერთ მატჩზე დასწრების მხრივ, თავისივე რეკორდი კიდევ უფრო გააუმჯობესა. გერმანიის საფეხბურთო ლიგის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბუნდესლიგის გასულ სეზონში საშუალოდ ერთ მატჩს 42 101 მაყურებელი ესწრებოდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ევროპის მასშტაბით. რეკორდსმენი შარშანაც ბუნდესლიგა იყო, ოღონდ შედარებით უარესი მაჩვენებლით: საშუალოდ 41 905 მაყურებელი ერთ მატჩზე.

საერთო ჯამში, გერმანიის საფეხბურთო ლიგამ პირველი ბუნდესლიგის მასშტაბით 12.88 მილიონი მაყურებელი დაითვალა. შარშან ეს მაჩვენებელი 12.79 მილიონი იყო, რაც 0.7-პროცენტიან ზრდას ნიშნავს. გაუმჯობესდა სეზონური აბონემენტების გაყიდვების რაოდენობაც - 58-დან 60 პროცენტამდე. აქვე იმასაც ვიტყვით, რომ ბუნდესლიგის მატჩზე დასასწრები ერთი ბილეთის საშუალო ფასი 22.75 ევროა.

„ბოლო ათ წელიწადში ეს უკვე მე-9 შემთხვევაა, როცა ბუნდესლიგას მთელი ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი მაყურებელი ესწრება. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გერმანიის ჩემპიონატის პროგრესს და იმ ბუმს, რომელიც ბუნდესლიგაში უკვე წლებია შეინიშნება. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი სტადიონები და ინფრასტრუქტურა საუკეთესოა ევროპაში და რომ ბუნდესლიგა საუკეთესო სანახაობის გარანტიაა,“ - აცხადებს გერმანიის საფეხბურთო ლიგის თავმჯდომარე კრისტიან ზაიფერტი და იქვე დასძენს, ბუნდესლიგაში 94-პროცენტიანი დასწრებაა, რაც უდავოდ იდეალური შედეგიაო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული