კლოპის მორიგი მარგალიტი

AutoSharing Option
თუ ასე გაგრძელდა, დორტმუნდის „ბორუსია“ ევროპაში ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების მთავარი ნავსაყუდელი გახდება. BVB ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდული გუნდით გახდა გერმანიის ჩემპიონი და გუნდის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ახალ ფეხბურთელებსაც ისეთებს ყიდულობს, რომლებსაც დიდი მომავალი აქვთ.

თანაც, დორტმუნდელები ტოპ-ტალანტებს ძალიან იაფად ყიდულობენ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ უნიჭიერესი მწვრთნელი კლოპი მათგან ნამდვილ ვარსკვლავებს გამოთლის. შარშან „ბორუსიას“ სუპერ-შენაძენი იაპონელი შინჯი კაგავა იყო, რომლის ტრანსფერი სულ რაღაც 350 000 ევრო დაჯდა, ახლა კი მინიმუმ 15 მილიონად ფასობს. წელს იგივე ბედის გაზიარებას ექსპერტები დორტმუნდელთა
მორიგი შენაძენისგან ელიან, რომლის ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

საუბარია 18 წლის ავსტრალიელ ფეხბურთელ მუსტაფა ამინიზე, რომელიც კლოპმა მარტში სინჯებზე მიიწვია. ამინიმ იურგენს თავი იმდენად მოაწონა, რომ დორტმუნდელებმა მისი ყიდვა გადაწყვიტეს, მოლაპარაკებები კი უკვე დასასრულს უახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ავსტრალიის 20-წლამდელთა ნაკრების ლიდერი მომავალი სეზონიდან „შავ-ყვითლებში“ იასპარეზებს.

„ახლახან ამინის კლუბ „ცენტრალ ქოუსთს“ მორიგი, განახლებული და გაუმჯობესებული წინადადებით მივმართეთ. დარწმუნებული ვარ, რომ დაგვთანხმდებიან და მუსტაფა „ბორუსიას“ ფეხბურთელი გახდება,“ - ეს BVB-ს სპორტული დირექტორის, მიხაელ ცორკის სიტყვებია.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ „ბილდის“ ინფორმაციით, „დორტმუნდს“ ამინის ტრანსფერი 250 000 ევრო უჯდება. ამინი ნახევარმცველია და შეუძლია როგორც ფლეიმეიქერის, ისე საყრდენისა თუ გარემარბის პოზიციაზე თამაში – სწრაფია, ტექნიკური და მებრძოლი. ამინის დედა ნიკარაგუელია, მამა კი ავღანელი. მუსტაფა აცხადებს: „თუ „ბორუსიაში“ ჩავირიცხები, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იარსებებს. ძალიან მინდა, რომ ამ ბწრყინვალე კლუბის გენიალური ფანები ხშირად გავახარო და წარმატებები მათთან ერთად ვიზეიმო.“

„მუსტაფა უდიდესი ტალანტია. ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია და მიხარია, რომ ამინი ჩვენთან მოდის,“ - ეს კი თავად კლოპის სიტყვები გახლავთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული