ლევერკუზენელებს ვიდალი არ ეთმობათ და მასთან არსებული კონტრაქტის (2012 წლამდე) გაგრძელება უნდათ, თუმცა რაკი ფეხბურთელზე პრეტენზიას თვით მიუნხენის „ბაიერნი“ აცხადებს, ვიდალს გადაწყვეტილების მიღება უჭირს. რეკორდმაისტერმა „ლევერკუზენს“ უკვე შესთავაზა 10 მილიონი ევრო, მაგრამ „ფარმაცევტებმა“ მიუნხენელებს ცივი უარი შეუთვალეს. „ბაიერის“ შეფი ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერი ამბობს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუ ვიდალი დაგვტოვებს,
ბუნდესლიგის ფეხბურთელის გადაბირება „ბაიერნს“ თითქმის არასდროს უჭირს ხოლმე, რადგან კონკურენტები ფინანსური შესაძლებლობებით რეკორდმაისტერს ყოველთვის ჩამორჩებიან და თანაც, „ბაიერნი“ გერმანიაში ხომ ნებისმიერი მოთამაშისთვის უბრალოდ საუკეთესო მისამართია. ჩვენი გერმანელი კოლეგები ამიტომაც ეჭვობენ, რომ მიუნხენური გრანდი ვიდალსაც ჩაიგდებს ხელში, რადგან ადრე თუ გვიან, „ლევერკუზენი“ უნდა დანებდეს. დანებდეს ისე, როგორც ახლო წარსულში დანებდა „შტუტგარტი“, რომელმაც მარიო გომესი ბავარიულ გრანდს დიდი ბრძოლების შემდეგ მაინც დაუთმო; როგორც დანებდა „შალკე“, რომელმაც საბოლოოდ მაინც დათმო გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი და ა.შ.
„ბაიერნს“ საქმეს ცოტათი ურთულებს ის ფაქტი, რომ ვიდალს სხვა კლუბებიც ეპატიჟებიან. მაგალითად, იტალიური „კორიერე დელო სპორტის“ ცნობით, ჩილელი ნახევარმცველის გადაბირება „ნაპოლისაც“ უნდა და ნეაპოლელები მზად არიან, „ფარმაცევტებს“ ვიდალის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო ჩაუთვალონ. ვიდალის აგენტმა ფერნანდო ფელიჩევიჩმა „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ნეაპოლელებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ასე რომ, რეკორდმაისტერს „ლევერკუზენისთვის“ ახალი, გაუმჯობესებული წინადადებით მიმართვა მოუწევს.