რაც შაჰინს არ შეეძლო

AutoSharing Option
დასრულდა თუ არა სეზონი, „კიკერმა“ ბუნდესლიგა 2010/2011-ის სტატისტიკისა და შედეგების შეჯამება დაიწყო და ტრადიციული ბალანსიც გამოაქვეყნა, თუმცა აქამდე თქვენი ყურადღება სეზონის შემაჯამებელ ციფრებზე და ანალიზებზე არ გაგვიმახვილებია, რადგან სასაუბრო და განსახილველი სხვაც ბევრი იყო.

ახლა კი, როცა შედარებით „მკვდარი სეზონია“ და სატრანსფერო ორომტრიალიც არ გახურებულა ისე, როგორც ეს ივლის-აგვისტოშია ხოლმე, თამამად შეგვიძლია, ამა თუ იმ საინტერესო ფაქტებს დავუთმოთ. დღეს რუბრიკის მთავარი თემა ბუნდესლიგის გასულ სეზონში შესრულებული თერთმეტმეტრიანი დარტყმებია.

მეკარეებს, მცველებს და საერთოდ გუნდებს პენალტების აკიდება ყველაზე ნაკლებად „ლევერკუზენთან“ მატჩების დროს
სურდათ, რადგან სწორედ „ლევერკუზენშია“ ფეხბურთელი, რომელიც თერთმეტმეტრიანი დარტყმების ნამდვილი ოსტატია. ეს გახლავთ ზოგადად მთელი სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, „ლევერკუზენის“ 24 წლის ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი (სწორედ ის, რომელსაც ახლა „ბაიერნი“ და „ნაპოლი“ ეპატიჟებიან), რომელმაც ამ სეზონში ყველაზე მეტი, ექვსი პენალტი დაარტყა და ექვსივე გაიტანა. მისი ანტიპოდი კი არც მეტი, არც ნაკლები, ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული ნური შაჰინია (დორტმუნდის „ბორუსიადან“ მადრიდის „რეალში“ გადავიდა) - ამ უკანასკნელმა 3 პენალტი დაარტყა და ვერცერთი (!) ვერ გაიტანა.

ვიდალს „კიკერის“ გოლს პლუს პასის რეიტინგში 22 ქულა დაუგროვდა (10 გოლი, 12 პასი) და ამ მხრივ საუკეთესო ხუთეულში შევიდა, რაშიც, ცხადია, პენალტებიც ძალიან წაადგა. აღსანიშნავია ისიც, რომ არტურომ ექვსივე თერთმეტმეტრიანი პირველ წრეში გაიტანა, სეზონის მეორე ნახევარში კი ლევერკუზენელებს ერთი პენალტიც კი არ მოუპოვებიათ.

პენალტისტების რეიტინგში ვიდალს სამი ისეთი ფეხბურთელი მოსდევს, რომელთა გუნდები მთელი სეზონის განმავლობაში გადარჩენისთვის იბრძოდნენ - თეოფანის გეკასი (აინტრახტი), ზდრავკო კუჟმანოვიჩი (შტუტგარტი) და ფილიპ დემსი (მიონხენგლადბახის ბორუსია). ამ სამიდან ორის გუნდი მართლა გადაურჩა მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას, გეკასი და „აინტრახტი“ კი ელიტიდან გავარდნენ. რაც შეეხება რეიტინგს: სამივემ ოთხ-ოთხი პენალტი დაარტყა და ყველა გაიტანა.

ვიდალის დარი შედეგის ჩვენება (ექვსი გატანილი პენალტი) „ფრაიბურგის“ გოლეადორ პაპის დემბა სისეს და „ვერდერის“ ვეტერან კაპიტან ტორსტენ ფრინგსსაც შეეძლოთ, მაგრამ პირველმა ექვსი მცდელობიდან ოთხი გაიტანა, მეორემ კი სულაც მხოლოდ სამი.

ყველაზე მეტი გაცუდებული თერთმეტმეტრიანი კი, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ნური შაჰინისაა - ფეხბურთელი, რომელიც პირველ, მეორე და მესამე ბუნდესლიგებში მოასპარეზე მოთამაშეებმა სეზონის საუკეთესოდ აღიარეს, ჯიუტად ურტყამდა პენალტებს და ვერცერთი ვერ გაიტანა. ისე, „ბორუსიას“ თავკაცმა იურგენ კლოპმა მესამე გაცუდებული თერთმეტმეტრიანის შემდეგაც თქვა, ასჯერ რომ დაარტყას და ვერცერთი ვერ შეაგდოს, ჩვენი პენალტისტი მაინც ნური შაჰინი იქნებაო - აი, ასეთი კარგი ფსიქოლოგია კლოპი. სამაგიეროდ, შაჰინმა მთელი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ამიტომაც იყიდა „რეალმა“. მთავარია, თამაში გააგრძელოს ასე, თორემ პენალტებს სხვები დაარტყამენ...

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ორჯერ ისე მოხდა, შაჰინი მოედანზე არ იმყოფებოდა, დორტმუნდელებს კი პენალტი უნდა დაერტყათ. ნიშნულთან ერთხელ ლუკას ბარიოსი მივიდა, ერთხელ კი - დედე. გაგიკვირდებათ და თერთმეტმეტრიანები მათაც ვერ გამოიყენეს. მოკლედ, გერმანიის ჩემპიონებს ამ სეზონში პენალტების გატანა არ ეწერათ.

გასული სეზონის ყველა პენალტისტი
ფეხბურთელი დაარტყა/გაიტანა
არტურო ვიდალი (ლევერკუზენი) 6/6
თეოფანის გეკასი (აინტრახტი) 4/4
ფილიპ დემსი (ბორუსია მ) 4/4
ზდრავკო კუჟმანოვიჩი (შტუტგარტი) 4/4
პაპის დემბა სისე (ფრაიბურგი) 4/6
ანდრე შიურლე (მაინცი) 3/4
ტორსტენ ფრინგსი (ვერდერი) 3/6
დიდიე ია კონანი (ჰანოვერი) 2/2
სეიად სალიჰოვიჩი (ჰოფენჰაიმი) 2/2
გილფი სიგურდსონი (ჰოფენჰაიმი) 2/2
ლუკას პოდოლსკი (კიოლნი) 2/2
ფლორიან ბრუნსი (ზტ. პაული) 2/2
სანდრო ვაგნერი (ვერდერი) 2/3
ფილიპ ლამი (ბაიერნი) 2/3
აარონ ჰანტი (ვერდერი) 1/1
მლადენ პეტრიჩი (ჰამბურგი) 1/1
რუუდ ვან ნისტელროი (ჰამბურგი) 1/1
ზე რობერტო (ჰამბურგი) 1/1
სერჟიო პინტუ (ჰანოვერი) 1/1
ვედად იბიშევიჩი (ჰოფენჰაიმი) 1/1
ივო ილიჩევიჩი (კაიზერსლაუტერნი) 1/1
ტიმი სიმონსი (ნიურნბერგი) 1/1
მანუელ ხურადო (შალკე) 1/1
მათიას ლემანი (ზტ. პაული) 1/1
ტიმო გებჰარდტი (შტუტგარტი) 1/1
კრისტიან გენტნერი (შტუტგარტი) 1/1
მარიო გომესი (ბაიერნი) 1/2
ხავიერ პინოლა (ნიურნბერგი) 1/2
კლაას იან ჰუნტელაარი (შალკე) 1/2
ლუკას ბარიოსი (ბორუსია დ) 0/1
დედე (ბორუსია დ) 0/1
სრდიან ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი) 0/1
ოიგენ პოლანსკი (მაინცი) 0/1
ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი) 0/1
კრისტიან ვოლფი (ნიურნბერგი) 0/1
ედინ ჯეკო (ვოლფსბურგი) 0/1
გრაფიტე (ვოლფსბურგი) 0/1
კაკაუ (შტუტგარტი) 0/2
დიეგო (ვოლფსბურგი) 0/2
ნური შაჰინი (ბორუსია დ) 0/3
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული