შვაინშტაიგერი "მილანში"?

AutoSharing Option
„ბაიერნი“ უკვე დატოვეს ჰამით ალთინთოფმა (მადრიდის „რეალში“ გადავიდა) და მიროსლავ კლოზემ (რომის „ლაციოს“ მიაშურა). ახლა კი ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, რეკორდმაისტერი ერთ-ერთმა უმთავრესმა ფეხბურთელმა, ბასტიან შვაინშტაიგერმაც დატოვოს.

ჩვენი იტალიელი და გერმანელი კოლეგების ცნობით, „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ლიდერს „მილანი“ უმიზნებს. „კორიერე დელო სპორტი“ გუშინდელ ნომერში წერდა, „როსონერი“ მზადაა, გერმანელ ნახევარმცველში დიდი თანხა გაისროლოსო.

35-დან 40 მილიონამდე
ხსენებულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ „მილანი“ მზადაა, შვაინშტაიგერში 35-დან 40 მილიონამდე გადაიხადოს. აქტიურობას ჯერ მხოლოდ იტალიური მხარე იჩენს, მიუნხენში კი ეს
ცნობა სასაცილოდაც არ ეყოთ - ბავარიელებმა მხოლოდ ის თქვეს, რომ შვაინის გაყიდვა გამორიცხულია. თუმცა ამ შემთხვევაში მთავარი ისაა, რას იტყვის თვითონ 26 წლის ნახევარმცველი, რომელიც ბოლო დროს მიუნხენური ყოფით კმაყოფილი არ იყო. თუმცა დეკემბერში შვაინშტაიგერმა „ბაიერნთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც ვადა 2016 წლამდე აქვს.

ბასტიანს არაერთხელ უთქვამს, რომ მიუნხენში ბედნიერია, მაგრამ გასულმა სეზონმა, რომელშიც რეკორდმაისტერმა ყველას იმედები გაუცრუა, შვაინშტაიგერის განწყობაზეც იმოქმედა. ბასტიანი ღიად ალაპარაკდა იმაზე, რომ მიუნხენელი ქომაგები, ჟურნალისტები და კლუბის ხელმძღვანელები მას ჯეროვნად არ აფასებენ.

გაზაფხულზე შვაინშტაიგერს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს. ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა მას „მოკრძალებული შეფი“ უწოდეს, შვაინიზე გაჟღერებული მესიჯები კი ყოველთვის ასეთი შინაარსის იყო: „ახალი კონტრაქტი, ძველი პრობლემა: ბასტიანი ვერ ჩამოყალიბდა სრულყოფილ ლიდერად!“ სხვადასხვა ექსპერტები ალაპარაკდნენ, შვაინის ლიდერობა არ შეუძლიაო, რის გამოც ბასტიანი ძალიან გაბრაზდა და ყველას და ყველაფერს შეუტია.

„მოკრძალებული შეფი სულაც არ ვარ! საკმარისად დიდი ხანია, რაც „ბაიერნში“ ვთამაშობ და ვფიქრობ, მეტ დაფასებას ვიმსახურებ. ყველა ყველაფერს სხვანაირად ხედავს, სინამდვილეში კი ყველაფერი სხვაგვარადაა. ხანდახან უდიდესი ტკივილებით ვთამაშობ ხოლმე და ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმუმი გავიღო. საბოლოო ჯამში კი მაინც იდიოტი გამოვდივარ - ალბათ იმიტომ, რომ ზედმეტად დიდი ხანია, „ბაიერნში“ ვთამაშობ,“ - თქვა შვაინშტაიგერმა აპრილში.

სწორედ ეს განცხადება გაახსენდათ ჩვენს გერმანელ კოლეგებს და ამიტომაც ფიქრობენ, რომ სულაც არაა გამორიცხული, ბასტიანმა „მილანში“ გადასვლა მართლაც მოისურვოს. ასეთ შემთხვევაში, ბავარიელებს მისი შეჩერება გაუჭირდებათ.

თუმცა ფაქტია ისიც, რომ შვაინშტაიგერი „ბაიერნის“ მთავარი ფიგურაა და რომ ახალ მწვრთნელ იუპ ჰაინკესს ის ძალიან სჭირდება. მიუხედავად ნახევარდაცვაში უდიდესი კონკურენციისა (კროოსი, ტიმოშჩუკი, პრანიჩი, ლუის გუსტავო), შვაინის სასტარტოში ადგილი „დონ იუპის“ ხელშიც გარანტირებული ექნება. ცნობილია ისიც, რომ ბავარიელები „ლევერკუზენის“ საყრდენ ნახევარმცველ არტურო ვიდალსაც უმიზნებენ.

რიბერიც წავა და მას ნასრი შეცვლის?
ზოგადად, „ბაიერნთან“ მიმართებაში სპეკულაციებს ბოლო არ უჩანს. ინგლისურ პრესაში დაიწერა, რომ რეკორდმაისტერი ირლანდიელ თავდამსხმელ შეინ ლონგს (რედინგი) და ნიჭიერ შემტევ ნახევარმცველ დეილ ჯენინგსს (ტრანმერი) უმიზნებს. გუშინ „დეილი მირორი“ წერდა, რომ „ბაიერნმა“ „არსენალის“ ფრანგ გარემარბ სამირ ნასრის დაადგა თვალი - იმის გამო, რომ ფრანკ რიბერი წასვლაზე ფიქრობსო. არადა, არ არსებობს სერიოზული საფუძველი იმისა, რომ რიბერის „ბაიერნიდან“ შესაძლო წასვლაზე ვისაუბროთ - მას რეკორდმაისტერთან კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული