როგორ გვიდნენ ახალი ცოცხები

AutoSharing Option
დასრულდა თუ არა სეზონი, „კიკერმა“ ბუნდესლიგა 2010/2011-ის სტატისტიკისა და შედეგების შეჯამება დაიწყო და ტრადიციული ბალანსიც გამოაქვეყნა, თუმცა აქამდე თქვენი ყურადღება სეზონის შემაჯამებელ ციფრებზე და ანალიზებზე არ გაგვიმახვილებია, რადგან სასაუბრო და განსახილველი სხვაც ბევრი იყო. ახლა კი, როცა შედარებით „მკვდარი სეზონია“ და სატრანსფერო ორომტრიალიც არ გახურებულა ისე, როგორც ეს ივლის-აგვისტოშია ხოლმე, თამამად შეგვიძლია, დრო და ადგილი ამა თუ იმ საინტერესო ფაქტებს დავუთმოთ.

დღეს რუბრიკის მთავარი თემა წინა ზაფხულში და ზამთარში განხორციელებული ტრანსფერებია. მოდით, ერთად გადავხედოთ, ვინ როგორ ითამაშა გასულ სეზონში ახალწვეულებიდან.

პირველ რიგში ფრანკფურტის „აინტრახტის“ ბერძენი თავდამსხმელი თეოფანის გეკასი უნდა გამოვყოთ, რომელიც ფრანკფურტულ კლუბში ზუსტად ერთი წლის წინ, „ლევერკუზენიდან“ გადავიდა. გამოცდილმა თავდამსხმელმა, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (მაშინ „ბოხუმის“ ღირსებას იცავდა), სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და მთელი პირველი წრე მაღალ დონეზე ჩაატარა, სეზონის მეორე ნახევარში კი წარმოუდგენელი რეგრესი განიცადა.

ახალწვეულთაგან საუკეთესოდ კი უდავოდ კაიზერსლაუტერნელი კრისტიან ტიფერტი უნდა დავასახელოთ, რომელსაც ლომის წვლილი მიუძღვის იმაში, რომ „წითელი ეშმაკები“ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას გადაურჩნენ. მასთან ერთად, გამოსაყოფია რაულიც, რომელმაც შარშან „შალკეს“ მადრიდის „რეალიდან“ მიაშურა და საკმაოდ კარგი სეზონი ჩაატარა. სამაგიეროდ, იმედები გაგვიცრუა „იუვენტუსიდან“ „ვოლფსბურგში“ გადასულმა დიეგომ. სეზონის მთავარი აღმოჩენა დორტმუნდის „ბორუსიას“ იაპონელი გამთამაშებელი შინჯი კაგავა გახდა, მაგრამ მის თამაშს მთელი სეზონის მასშტაბით მაინც ვერ შევაფასებთ, რადგან კაგავამ ზამთარში უმძიმესი ტრავმა მიიღო და მეორე წრეში აღარ უთამაშია - მხოლოდ ბოლო ტურისთვის შეძლო მომჯობინება და შეცვლაზე რამდენიმე წუთი იასპარეზა.

გეკასით დავიწყოთ: ერთი შეხედვით, „აინტრახტის“ ბერძენმა თავდამსხმელმა საკმაოდ კარგი სეზონი ჩაატარა, რადგან 34 მატჩში 16 გოლის გატანა მოახერხა, რაც ნამდვილად არ არის ურიგო შედეგი. ეს საკმაოდ კარგი კვოტაა - მით უმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ „აინტრახტი“ მე-17 ადგილზე გავიდა და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდა. თუმცა ისევე, როგორც მისი კლუბის, გეკასის შედეგიც ფატალურია, რადგან ბერძენმა მეორე წრეში სასტიკი რეგრესი განიცადა. თვითონ განსაჯეთ: მეორე წრის 17 შეხვედრაში მან მხოლოდ ორი გოლის გატანა მოახერხა. 14 გოლი პირველ წრეში, მხოლოდ 2 მეორეში - გეკასი სეზონის მეორე ნახევარში იმედგაცრუების საუკეთესო მაგალითი გახლდათ. ისევე, როგორც მთლიანად „აინტრახტი“ - ფრანკფურტელებმა პირველი წრე ცხრილის შუაში დაასრულეს და ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებაზე ოცნებობდნენ, მაგრამ მეორე წრეში მხოლოდ 8 ქულას მოუყარეს თავი და გავარდნენ.

ელიტაში შარშან აღზევებული „კაიზერსლაუტერნი“ კი გავარდნას გადაურჩა და ეს პირველ რიგში „ეშმაკების“ ახალი ნახევარმცველის, კრისტიან ტიფერტის დამსახურებაა, რომელმაც გასულ სეზონში 17 (!) საგოლე პასი გააკეთა. მასთან ერთად აუცილებლად უნდა ვახსენოთ პოლონელი მარჯვენა მცველი ლუკაშ პიჟჩეკიც, რომელმაც ერთი წლის წინ დორტმუნდის „ბორუსიას“ ბერლინის „ჰერტადან“ მიაშურა. პიჟჩეკი დორტმუნდელებმა ტრავმირებული პატრიკ ოვომოიელას შემცვლელად იყიდეს და პოლონელმა იმდენი ქნა, რომ ოვომოიელა ძირითადი შემადგენლობიდან ფაქტობრივად სამუდამოდ ამოაგდო. პიჟჩეკმა ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა და ის ფაქტი, რომ „ბორუსია“ გერმანიის ჩემპიონი გახდა, სხვებთან ერთად, მისი დამსახურებაცაა.

ნორმალური სეზონი ჰქონდა რაულსაც, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ „შალკემ“ გერმანიის ჩემპიონატში თავი ვერაფრით გამოიჩინა, 13 გოლის გატანა შეძლო. იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით დიეგოზე, რომელმაც „ვოლფსბურგში“ ვერაფერი გააწყო და ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ 2009 წლის გერმანიის ჩემპიონს დატოვებს.

„ბაიერნის“ ყოფილი მეკარე და ერთ დროს ოლივერ კანის შემცვლელად მონათლული მიხაელ რენზინგი ამ სეზონის პირველ ნახევარში უკლუბოდ იყო - „ბაიერნიდან“ წასვლის შემდეგ სამსახურის შოვნა ძალიან გაუჭირდა. ზამთარში რენზინგი „კიოლნმა“ აიყვანა და მიხაელმაც დაამტკიცა, რომ კარგი კიპერია. „თხები“ მეორე ბუნდესლიგაში რომ არ გავარდნენ, სხვებთან ერთად ეს რენზინგის დამსახურებაცაა. იმედები გაამართლა მისმა თანაკლუბელმა კრისტიან აიხნერმაც, რომელმაც „კიოლნს“ ალექსანდრე იაშვილის „კარლსრუედან“ მიაშურა. ქების ღირსები არიან მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ ახალწვეულები ჰავარდ ნორდტვეიტი და მარტინ შტრანცლიც.


ზაფხულის ახალწვეულები
ფეხბურთელი თამაში გოლი შეფასება
თეოფანის გეკასი (აინტრახტი) 34 16 3.82
რაული (შალკე) 34 13 3.57
იენს ჰეგელერი (ნიურნბერგი) 34 3 3.47
ტიმი სიმონსი (ნიურნბერგი) 34 2 3.43
ჰაიკო ვესტერმანი (ჰამბურგი) 34 2 3.97
რობერტ ლევანდოვსკი (ბორუსია დ) 33 8 3.58
მაჰამადუ იდრისუ (ბორუსია მ) 33 5 3.84
კრისტიან ტიფერტი (კაიზერსლაუტ.) 33 2 2.98
ლარს შტინდლი (ჰანოვერი) 33 2 3.75
ლუკაშ პიჟჩეკი (ბორუსია დ) 33 0 3.09
მარტინ ჰარნიკი (შტუტგარტი) 32 9 3.68
მეჰმეთ ექიჩი (ნიურნბერგი) 32 3 3.52
სებასტიან რუდი (ჰოფენჰაიმი) 32 1 3.38
სიმონ კიაერი (ვოლფსბურგი) 32 1 3.80
კრისტოფ მეტცელდერი (შალკე) 32 1 3.80
კრისტიან გენტნერი (შტუტგარტი) 31 5 4.02
ფინ ბარტელსი (ზანკტ პაული) 31 2 4.02
კრისტიან ფუხსი (მაინცი) 31 0 3.15
სიდნი სემი (ლევერკუზენი) 30 7 3.41
დიეგო (ვოლფსბურგი) 30 6 3.53
პენიელ მლაპა (ჰოფენჰაიმი) 30 4 4.0
ლუის ჰოლტბი (მაინცი) 30 4 3.29
მატო ჟაჟალო (კიოლნი) 30 2 3.94

ზამთრის ახალწვეულები
ფეხბურთელი თამაში გოლი შეფასება
დავიდ ალაბა (ჰოფენჰაიმი) 17 2 3.59
მარტინ შტრანცლი (ბორუსია მ) 17 1 3.26
მიხაელ რენზინგი (კიოლნი) 17 0 2.74
კრისტიან აიხნერი (კიოლნი) 17 0 3.65
ჰავარდ ნორდტვეიტი (ბორუსია მ) 16 1 3.69
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული