მაგათი: ველიტონი და კრანჩარიც!

AutoSharing Option
ტრანსფერებში გერმანიაში ყველაზე მეტად „ვოლფსბურგი“ აქტიურობს. დღე არ გავა, რომ ფელიქს მაგათის კლუბზე ახალი ჭორი თუ მართალი არ გავრცელდეს.

როგორც იცით, გრაფიტეს „ალ აჰლიში“ გადასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია. ბრაზილიელი თავდამსხმელის შეცვლა კი მაგათს ბრაზილიელითვე სურს და თვალი მოსკოვის „სპარტაკის“ 24 წლის ფორვარდ ველიტონს დაადგა, რომელსაც „რუსეთის სახალხო გუნდთან“ კონტრაქტი 2012 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

ველიტონის გარდა, „დესპოტ ფელიქსს“ პოლონური კლუბის, „კარკოვიას“ ფეხბურთელ მატეუშ კლიხის გადაბირებაც უნდა – „ვოლფსბურგერ ალგემაინე ცაითუნგის“ ცნობით, ახალგაზრდა პოლონელი გამთამაშებელი გერმანიაში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ამ კვირაშივე ჩავა.
21 წლის კლიხმა პოლონეთის ჩემპიონატის 27 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 5 იცნისს კი პოლონეთის ეროვნულ ნაკრებში დებიუტიც ჰქონდა (2:1 არგენტინასთან). ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, „ვოლფსბურგს“ კლიხი 1.5 მილიონი ევრო დაუჯდება.

რამდენიმე კვირაა, რაც მაგათი ტოტენჰემელი ნიკო კრანჩარის ტრანსფერზეც მუშაობს, დაცვის ცენტრის გაძლიერება კი მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებული „აინტრახტის“ მცველით, მარკო რუსით უნდა. ფელიქსს მაიკ ფრანცისა და კიოლნელი პედრო ჟერომელის ყიდვა უნდოდა, მაგრამ პირველმა „ჰერტას“ მიაშურა, უკანასკნელმა კი თქვა, „კიოლნიდან“ წასვლას არ ვაპირებო. რაც შეეხება წამსვლელებს: გრაფიტეს შემდეგ, გადაწყვეტილია, რომ „ვოლფსბურგს“ თურქი შემტევი ნახევარმცველი თუნჯაი სანლიც დატოვებს, რომელიც სავარაუდოდ ისევ „ფენერბაჰჩეში“ დაბრუნდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული