თუმცა ახლა ხმა თვითონ ფეხბურთელმა აიმაღლა და „ბაიერნში“ გაშვებას უკვე კატეგორიულად ითხოვს. „ბაიერნმა“ ლევერკუზენს ჩემი ყიდვის სურვილით ოფიციალურად მიმართა. არ
ლევერკუზენის შეფები ჯიუტობენ
ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, „ბაიერნმა“ „ლევერკუზენს“ ვიდალის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო შესთავაზა, რაც „ნაპოლის“ წინადადებაზე ორი მილიონით ნაკლებია. თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს თავად მოთამაშის სურვილი თამაშობს, რომელიც ღიად საუბრობს იმის შესახებ, რომ ნეაპოლს მიუნხენი ურჩევნია.
თუმცა „ლევერკუზენის“ ხელმძღვანელებს 10 მილიონი ძალიან ეცოტავებათ და არ მალავენ, რომ ვიდალის სანაცვლოდ მინიმუმ 14 მილიონი ევრო სურთ. თანაც, „ფარმაცევტებმა“ სატრანსფერო თანხის გარკვეული ნაწილი, ძველი შეთანხმების საფუძველზე, ვიდალის ყოფილ კლუბს, „კოლო კოლოს“ უნდა გადაურიცხონ. ეს უკანასკნელი არტუროს სატრანსფერო უფლებების 30-პროცენტიან პაკეტს ფლობს.
გარდა სატრანსფერო თანხისა, ლევერკუზენელებს არ უნდათ, რომ წამყვანი ფეხბურთელი, რომელმაც გასულ სეზონში 10 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა, უშუალო კონკურენტს დაუთმონ. „ფარმაცევტების“ ხელმძღვანელები პირდაპირ ამბობენ, „ბაიერნს“ ვიდალს მხოლოდ იმ შემთხვევაში მივყიდით, თუ მიუნხენელები ბევრ ფულს გადაიხდიანო.
„არტურო ვიდალის სიტუაცია არ შეცვლილა. მიუნხენელთა წინადადება არ არის ისეთი, რომ დაგვასუსტოს და ტრანსფერისთვის მწვანე შუქი აგვანთებინოს,“ - ამბობს „ლევერკუზენის“ სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი.
„არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც ჩვენ უკვე ვეღარ ვივაჭრებთ და აუცილებლად დავთანხმდებით, მაგრამ ამ ზღვრამდე ჯერ კიდევ მილიონებია,“ - ეს კი მენეჯერ ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერის სიტყვებია. ჩვენი გერმანელი კოლეგები ვარაუდობენ, რომ ეს ზღვარი 14 მილიონი ევროა.
ვიდალი გაისად უფასო იქნება
თვითონ ფეხბურთელი „ბარსელონაში“ თამაშზე ოცნებობს, მაგრამ კატალონიური გრანდი მისი შეძენით დაინტერესებული არ არის. ამიტომაცაა, რომ ჩილელი ნახევარმცველი პრიორიტეტს „ბაიერნს“ ანიჭებს, „ნაპოლი“ კი არ აინტერესებს. „რაკი „ბაიერნში“ გადასვლის შანსი გამიჩნდა, მისი ხელიდან გაშვება დიდი შეცდომა იქნება. მიუნხენური კლუბი ყველა მოთამაშისთვის საოცნებო ნავსაყუდელია. თანაც, „ბაიერნს“ ჩემი საყვარელი სპეციალისტი, იუპ ჰაინკესი ჩაუდგა სათავეში. მის ხელში თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში, - ამბობს ვიდალი და იქვე დასძენს, - იმედია, გამიშვებენ. არ მესმის, რატომ არ უნდა გამიშვან. რა სარგებელს ნახავს „ლევერკუზენი“ იმ შემთხვევაში, თუ არ გამყიდის? მე ახალ კონტრაქტს არ გავაფორმებ, გაისად კი წასვლა უფასოდ შემეძლება, რადგან ხელშეკრულებას ვადა ეწურება და „ლევერკუზენი“ ჩემი ტრანსფერით ფინანსურ ხეირს ვეღარ ნახავს.“
როგორც ხედავთ, არტურო ვიდალი „ლევერკუზენის“ ხელმძღვანელებს ულტიმატუმს უყენებს. საქმეს კი ისეთი პირი უჩანს, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც არტუროს და მიუნხენის „ბაიერნს“ უნდათ – მთავარია, რეკორდმაისტერმა ჯიბეზე ხელი უფრო მაგრად გაიკრას და „ლევერკუზენისთვის“ შეთავაზებულ 10 მილიონს მინიმუმ 3-4 მილიონიც წაამატოს.
ბოატენგის ტრანსფერი იწელება
როგორც იცით, „ბაიერნი“ დაცვის გაძლიერებასაც ცდილობს და მიუნხენში გადასვლის უპირველესი კანდიდატი „მანჩესტერ სიტისა“ და გერმანიის ნაკრების 22 წლის მცველი ჟერომ ბოატენგია. სიახლე ის არის, რომ ბავარიელები ჟერომს უკვე ყველაფერზე შეუთანხმდნენ, რაც თვითონ ფეხბურთელმა დაადასტურა. „ბაიერნსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის შეთანხმება კი ვერ ხერხდება, რადგან ინგლისელებს ჟერომი იაფად არ ეთმობათ. ბოატენგს „სიტისთან“ კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული, „ბაიერნი“ მზადაა, მასში 12.5 მილიონი ევრო გადაიხადოს, მანჩესტერელები კი 20 მილიონს ითხოვენ.
ალექსი ბოატენგის ნაცვლად?
შეთავაზებულ და მოთხოვნილ თანხას შორის კი სხვაობა იმდენად დიდია, რომ ექსპერტები ტრანსფერის ჩაშლას ვარაუდობენ. ბავარიელებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ჟერომ ბოატენგში ფანტასტიკურ თანხას არ გადაიხდიან – მათ მიაჩნიათ, რომ ბოატენგი 12.5 მილიონზე მეტად არ ფასობს. უახლესი ინფორმაციით, თუ ამ დღეებში „სიტისთან“ შეთანხმება ვერ მოხერხდა, ბავარიელები მიზანს ლონდონის „ჩელსის“ ცენტრალური მცველისკენ, 28 წლის ალექსისკენ მიმართავენ. ეს უკანასკნელი კი 15 მილიონი ევრო ღირს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"