განაწყენებული ზიდანი მიდის

AutoSharing Option
დორტმუნდის „ბორუსიამ“ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და გერმანიის ჩემპიონი გახდა, მაგრამ ყველაზე პრესტიჟული ნომერის (10) მქონე ფეხბურთელს ამ ზღაპრულ წარმატებაში ფაქტობრივად არანაირი როლი არ უთამაშია.

29 წლის ეგვიპტელ თავდამსხმელ მოჰამედ ზიდანს ძალიან ცუდი სეზონი ჰქონდა და BVB-სთვის ფაქტობრივად უსარგებლო მოთამაშე იყო, თუმცა ეს მისი საკმაოდ მძიმე ტრავმის ბრალიცაა, რომელიც, მართალია, მალევე მოიშუშა, მაგრამ ფორმის აღდგენა და სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნება კი ვერაფრით მოახერხა - გამოჯანმრთელების შემდეგ ზიდანი იდეალურად ფუნქციონირებად გუნდში ვეღარ ჩაჯდა.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეგვიპტელს ძირითადში ადგილი არც მომდევნო
სეზონში ექნება გარანტირებული, რის გამოც კმაყოფილი ნამდვილად არ არის და პირდაპირ ამბობს, თამაში მინდა, ისეთ ასაკში ვარ, რომ დასაკარგი დრო აღარ მაქვსო. თუმცა ზიდანი იქვე ხაზს უსვამს იმასაც, რომ „დორტმუნდის“ „ათიანობა“ მაგრად ეამაყება.

ამრიგად, საკითხავია, დარჩება თუ არა ზიდანი „ბორუსიაში“, სადაც მას კონტრაქტის ვადა გაისად ეწურება? ფაქტია, რომ 22 წლის ხორვატი შემტევი ნახევარმცველის, ივან პერიშიჩის ტრანსფერის შემდეგ, რომელიც „ბორუსიას“ 5.5 მილიონი დაუჯდა, ზიდანის შანსები, ითამაშოს ძირითად შემადგენლობაში, კიდევ უფრო შემცირდა. მოჰამედით დაინტერესებას ჯერ-ჯერობით მხოლოდ ეგვიპტური კლუბი, „ალ კაირო“ იჩენს...

თუკი ზიდანის საკითხი ჯერ კიდევ ღიაა, 28 წლის ფორვარდ დიმიტარ რანგელოვის საკითხი გადაწყვეტილია: „დორტმუნდში“ მისი ადგილი აღარ არის. ბულგარელი რომელიც „ბორუსიაში“ 2009 წელს „კოტბუსიდან“ ერთ მილიონ ევროდ გადავიდა და BVB-სთან კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში თელ ავივის „მაქაბიში“ გახლდათ განათხოვრებული. დორტმუნდელები მზად არიან, რანგელოვი ისევ გაანათხოვრონ, ან სულაც გაყიდონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული