გერმანიის ნაკრები: ბალაკი დამთავრდა!

AutoSharing Option
ის, რაც ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო და რაზეც აქამდეც არაერთხელ დაგვიწერია, ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურებული ამბავია: მიხაელ ბალაკის სანაკრებო კარიერა დამთავრდა, ბუნდესგუნდის ყოფილი კაპიტანი ეროვნულ გუნდში აღარ ითამაშებს. ეს ცნობა გუშინ გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა დაადასტურა.

ამით მთავრდება რამდენიმე თვის განმავლობაში გაწეილილი დისკუსია იმ ფეხბურთელის შესახებ, რომელიც წლების მანძილზე გერმანული ფეხბურთის სუპერვარსკვლავი და ეროვნული გუნდის თავი იყო - ბალაკს ბუნდესგუნდში 98 მატჩში აქვს ჩატარებული, უკანასკნელად კი, ნაკრების ფორმა 2010 წლის 3 მარტს, არგენტინასთან ამხანაგურ შეხვედრაში (0:1) მოირგო. გეხსომებათ, იმ
თამაშის შემდეგ მიხაელმა ინგლისის თასის ფინალში (მაშინ „ჩელსის“ ღირსებას იცავდა) მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეღარ იასპარეზა.

„ბოლო დროს არაერთი ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშე გამოჩნდა, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლიათ. მუნდიალის შემდეგ გუნდის განვითარება ძალიან პოზიტიურად მიდის. სწორედ ეს იყო საუბრის მთავარი თემა მიხაელ ბალაკთან ბოლო შეხვედრის დროსაც, რომელიც მარტის მიწურულს შედგა. მას მერე ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ ტელეფონით და ვფიქრობ, რომ მოვიდა დრო, როცა კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ.

სამწუხაროდ, გერმანიის ნაკრებში მიხაელ ბალაკის ადგილი აღარ არის. მასთან სატელეფონო საუბრების დროს ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ მიხაელი მომხდარს გაგებით ეკიდება, - ასეთია ლიოვის ოფიციალური განმარტება, რომელიც იქვე დასძენს, - ბალაკი ბოლო ათწლეულის საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელია. წლების მანძილზე ის ბუნდესნაკრების უმთავრესი ფიგურა და შეუცვლელი ლიდერი იყო. 2002 წლის მუნდიალიდან მოყოლებული, გერმანია წარმატებით ასპარეზობს მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატებზე, რაშიც მიხაელის დამსახურება უდიდესია. ბალაკის სანაკრებო კარიერის სახით, გერმანიის ეროვნულ გუნდში დიდი ერა სრულდება.“

ლიოვი ბალაკს გამოსათხოვარ მატჩს სთავაზობს: „ცხადია, ძალიან გვინდა, რომ ბალაკი ნაკრებიდან ისე გავაცილოთ, როგორც იმსახურებს. მინდა, რომ მან 10 აგვისტოს, ბრაზილიასთან დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრაში ბუნდესგუნდის ფორმა კიდევ ერთხელ, 99-ედ და უკანასკნელად მოირგოს - ნიშნად მადლიერებისა იმის გამო, რაც მან გერმანული ფეხბურთისთვის გააკეთა,“ - ამბობს იოგი.

თუმცა, ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, ბალაკი გამოსათხოვარ მატჩზე უარის თქმას აპირებს. ლიოვი ამბობს, ეს მიხაელმა დიდი ხანია იცის, მაგრამ პასუხი ჯერ არ უცნობებია და იმედი მაქვს, რომ ბრაზილიასთან ითამაშებსო. სპორტული საინფორმაციო სააგენტო SID იტყობინება, რომ 34 წლის მიხაელი ნაკრებიდან ოფიციალურ გამოთხოვებაზე უარს იტყვის. შეგახსენებთ, რომ ბალაკს ბუნდესგუნდში დებიუტი 22 წლის ასაკში, ერიხ რიბეკის მთავარი მწვრთნელობისას ჰქონდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული