ბრემენში დიდი რეორგანიზაცია გარდაუვალია

AutoSharing Option
ბრემენის „ვერდერი“ წლების მანძილზე ერთ-ერთი საუკეთესო გერმანული კლუბი იყო, მუდმივად ჩემპიონთა ლიგაში თამაშობდა და ცოტა ხნის წინ „ბაიერნის“ ნომერ პირველ კონკურენტად იყო ჩამოყალიბებული, მაგრამ აგერ უკვე სამი წელია, რაც „მუსიკოსებში“ მონასტერი აირია და დღეს „ვერდერის“ მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

არა, გუნდს გაკოტრების ან რაიმე მსგავსი კატასტროფის საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ არც ისაა მცირე პრობლემა, რომ ბრემენში არავინ იცის, რისთვის იბრძოლებს ან სულაც რისთვის უნდა იბრძოლოს გუნდმა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ყველაფერი აწყობილ-დალაგებული ჰქონდა.

კრიზისი და გაურკვეველი სიტუაცია პირველ რიგში არასწორმა
სატრანსფერო პოლიტიკამ გამოიწვია. არადა, „ვერდერის“ მთავარი შეფი კლაუს ალოფსი სწორედ იდეალური ყნოსთვით გამოირჩეოდა. ბრემენულ კლუბს თითქმის ყოველი სეზონის შემდეგ ტოვებდნენ ხოლმე ლიდერები, მაგრამ ალოფსი მათი ღირსეული შემცვლელების პოვნას ახერხებდა. ახლა კი, უკვე ორი წელია, რაც ალოფსის ტრანსფერები ვეღარ ამართლებს. სწორედ ამიტომ, რესურსი კიდევ უფრო შემცირდა და ასე განსაჯეთ, დღეს „ვერდერში“ მეორეხარისხოვანზე მეორეხარისხოვანი ფეხბურთელის, ექს-შალკელი ლუკას შმიტცის ტრანსფერითაც კი უაღრესად კმაყოფილები არიან - თანაც, ტრანსფერი ჯერ კიდევ არ არის ასი პროცენტით გადაწყვეტილი: ბრემენელები ახალგაზრდა ფეხბურთელს ყველაფერზე შეუთანხმდნენ და ახლა „შალკეს“ სატრანსფერო თანხაზე ევაჭრებიან.

შმიტცის ტრანსფერით ბრემენული კლუბი პირველ სერიოზულ პრობლემას გადაჭრის - იყიდის პერსპექტიულ მარცხენა მცველს, რომელმაც დაცვის მარცხენა ფრთაზე მიკაელ სილვესტრი უნდა შეცვალოს. მარცხენა მცველის ძებნა კი „ვერდერში“ უკვე ტრადიციაც ჩამოყალიბდა. ამ პრობლემის გადაჭრის შემდეგ კი, ალოფსი და გუნდის მთავარი მწვრთნელი თომას შააფი სხვა უფრო სერიოზულ სირთულეს უნდა შეეჭიდონ: „ვერდერს“ დაცვის ცენტრშიც სერიოზული პრობლემები აქვს.

ნალდოს კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშაა
ბოლო სამი წლის განმავლობაში ბრემენელებს ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და კარგი ცენტრალური მცველები ჰყავდათ: ბრაზილიელი ნალდო და გერმანიის ნაკრების წევრი პერ მერტეზაკერი. მართალია, ბრემენიდან არცერთი არ წასულა და სხვაგან გადასვლას არც აპირებენ, მაგრამ ორივეს სერიოზული ტრავმა აქვს. განსაკუთრებით მძიმე ნალდოს შემთხვევაა, რომელმაც არ იცის, როდის დაბრუნდება მოედანზე და მეტიც: დაბრუნდება თუ არა საერთოდ. მას მერე, რაც ნალდომ უკანასკნელად ითამაშა, უკვე წელიწადია გასული და მის შესახებ ხან პოზიტიური ინფორმაცია ვრცელდება, ხანაც უკიდურესად ნეგატიური. ერთი რამ კი ფაქტია: შააფი ახლო მომავალს ნალდოსთან ერთად ვერ დაგეგმავს და მას ახალი, მაღალი დონის ცენტრალური უკანახაზელი სჭირდება. სასწაული რომც მოხდეს და ნალდო მალე გამოჯანმრთელდეს, ფორმის აღდგენისთვის ძალიან დიდი დრო დასჭირდება.

პრიოდლი და მერტეზაკერიც ლაზარეთში
გასულ სეზონში ნალდოს უმეტესად ავსტრიელი სებასტიან პრიოდლი ცვლიდა, მაგრამ ახლა ეს უკანასკნელიც ლაზარეთშია - მარტში ოპერაცია გაიკეთა. და რაკი მერტეზაკერსაც საკმაოდ რთული ტრავმა აქვს, შააფი და ალოფსი საგონებელში არიან.

პეტრი პასანენს ბრემენიდან წასვლა გადაწყვეტილი ჰქონდა და დაცვაში სერიოზული პრობლემების წარმოშობის შემდეგ, ალოფსმა მას „ვერდერში“ დარჩენა შესთავაზა, მაგრამ მცველმა უარი შეუთვალა - ფინელი კარიერას ზალცბურგის „რედ ბულში“ გააგრძელებს. „ვერდერს“ დაცვაში ახალგაზრდა დომინიკ შმიდტიც ჰყავს, რომელიც მეოთხეხარისხოვანი ალტერნატივაა, მაგრამ მისი კონტრაქტის საკითხიც არაა მოგვარებული.

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ „ვერდერი“ საკმაოდ რთულ ფინანსურ მდგომარეობაშია. ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენამ ბრემენულ კლუბს უკვე მიაყენა სერიოზული ზარალი, ამასთან, „ვერდერმა“ ევროპის ლიგის საგზურიც კი ვერ მოიპოვა და სეზონის ბოლომდე მხოლოდ გადარჩენისთვის იბრძოდა.

„ვეზერშტადიონის“ რეკონსტრუქციაც მოსალოდნელზე ძვირი დაჯდა და ერთი სიტყვით, ყველა „ბედნიერებასთან“ ერთად, ალოფსს ახალი ფეხბურთელების საყიდლად ფული არ აქვს! ზედმეტი რისკი კი ამ შემთხვევაში გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგომის შანსს გაზრდის, რაც ბრემენში არავის სურს. ალოფსი ამიტომაც ამბობს, გუნდში დიდი რეორგანიზაციის დრო მოვიდაო, რაც იმას ნიშნავს, რომ „ვერდერი“ ყველაფერს ნულიდან იწყებს.

ისევე, როგორც „შტუტგარტსა“ და „ჰამბურგში“, „ვერდერშიც“ იძულებულები არიან, რომ სახელფასო ფონდის შემცირებაზე იფიქრონ. საქმე იმაშია, რომ ბრემენში ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრ მოთამაშეს აქვს იმ დროს გაფორმებული ხელშეკრულებები, როცა „მუსიკოსები“ რეგულარულად ჩემპიონთა ლიგაში თამაშობდნენ და შემოსავალი არ აკლდათ. და ეს მოთამაშეები საკმაოდ მაღალ ხელფასებს იღებენ. ახლა კი, უეფადან შემოსავლის გარანტია აღარ არსებობს, კონტრაქტების ვადა კი ჯერ არ ამოწურულა.

ექიჩის იმედისმომცემი ტრანსფერი
ერთადერთი ტრანსფერი, რომელიც „ვერდერის“ ბოსებსა და ქომაგებს იმედს აძლევს, ძველ დროს ახსენებს, მეჰმეთ ექიჩის ტრანსფერია: მისი სახით „მუსიკოსებმა“ ახალგაზრდა და ნიჭიერი მოთამაშე დაიბევეს. ექიჩიმ „ვერდერში“ ის სიცარიელე უნდა ამოავსოს, რომელიც გუნდში მესუთ იოზილის „რეალში“ გადასვლის შემდეგ, ერთი წლის წინ გაჩნდა. ტორსტენ ფრინგსმა კარიერა დაასრულა და მას „ვერდერში“ ალეკსანდარ იგნიოვსკი შეცვლის, რომელიც გაცილებით იაფი და დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია, თუმცა დიდია რისკი, რომ ბუნდესლიგაში იმედები ვერ გაამართლოს.

რაც შეეხება ყველაზე პრობლემატურ დაცვის ცენტრს (ზოგადად, „ვერდერს“ არც ნახევარდაცვასა და თავდასხმაში ულხინს), ბრემენელებს ჯერ კიდევ აქვთ იმის იმედი, რომ მილანელ პაპასტატოპულოსს გადაიბირებენ. „როსონერის“ ბერძენი მცველი არ სჭირდება, ამ უკანასკნელს კი „ჯენოაში“ დარჩენა არ სურს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
Mag gundt tavmoyvare adamiani rogor unda ugulshematkivrov...
0

სიახლეები პოპულარული