ბალაკი არასდროს მალავდა ლიოვით უკმაყოფილებას, ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ კი, გერმანიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ბირჰოფთან იჩხუბა და მას ხელითაც შეეხო - მიზეზი: ბალაკს მიაჩნდა, რომ წაგებული ფინალის შემდეგ ზეიმი უადგილო იყო და ბირჰოფი და ლიოვი უაზრო პოპულისტობაში დაადანაშაულა.
თუმცა ეს ძალიან ძველი ამბავია,
„ფორმა და შინაარსი იმ განცხადებისა, რომლითაც ლიოვმა საფეხბურთო გერმანიას ოფიციალურად ამცნო, რომ მე აღარ ვჭირდები, ზუსტად, ასი პროცენტით ასახავს იმას, თუ როგორ მექცეოდა გერმანიის ნაკრების თავკაცი იმ მძიმე ტრავმის შემდეგ, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, შარშან მივიღე,“ - აცხადებს ბალაკი თავის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც მან პარასკევს საღამოს გააკეთა და რომელშიც ლიოვის მიერ მისთვის შეთავაზებულ გამოსათხოვარ მატჩს ბრაზილიასთან, ფარსს უწოდებს, თავად იოგის კი ფარისევლად მოიხსენიებს.
„ფორმამ და შინაარსმა მეც ნეგატიურად გამაკვირვა, რადგან ბუნდესმწვრთნელის ქცევა აბსოლუტურად არ შეესაბამება იმას, რასაც ჩვენ, მიხაელს და მე გვეუბნებოდა,“ - ეს კი ბალაკის მრჩევლის, მიხაელ ბეკერის სიტყვებია, ბალაკი კი ამბობს, ლიოვს ამ ერთი წლის განმავლობაში თავი ისე ეჭირა და ისეთ განცხადებებს აკეთებდა, თითქოს ჩემთან მიმართებაში ღიად და გულახდილად იქცეოდა, ახლა კი, ამ ყველაფრის შემდეგ, არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ იოახიმ ლიოვი ფარისეველიაო.
„იმ ამხანაგური შეხვედრის გამოსათხოვარ მატჩად მოხსენიება, რომელიც დიდი ხანია, დაგეგმილია, ჩემი აზრით ფარსია. ვიცი, რომ ჩემი გულშემატკივრების წინაშე ვალდებული ვარ, გამოსათხოვარ მატჩში მონაწილეობა მივიღო, მაგრამ ამ წინადადების მიღება არ შემიძლია, რადგან ყველაზე მეტად ფარსს და ფარისევლობას ვერ ვიტან. ევროპის 2008 წლის ფინალის შემდეგ გამართული ზეიმიც ფარსი იყო, რადგან ფინალი წაგებული გვქონდა და იმ ზეიმშიც ამიტომ არ მივიღე მონაწილეობა,“ - განმარტავს 34 წლის ბალაკი.
მიხაელ ბალაკის განცხადება სიტყვასიტყვით
„გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური განცხადებით შევიტყვე, რომ ბუნდესმწვრთნელს აღარ ვჭირდები. ფორმა და შინაარსი ამ განცხადებისა ასი პროცენტით ასახავს იმას, თუ როგორ მექცეოდა გერმანიის ნაკრების თავკაცი იმ მძიმე ტრავმის შემდეგ, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, შარშან მივიღე. ლიოვს სურს, ყველა დააჯეროს, რომ მე, როგორც გერმანიის ნაკრების კაპიტანს გულახდილად მექცეოდა, რომ ჩემთან ყოველთვის ღია იყო და რომ ჩემთვის გერმანიის ნაკრების კარიც ღია იყო. ეს კი იოგის მხრიდან ნამდვილი ფარისევლობაა!
ბრაზილიასთან ამხანაგური მატჩი დიდი ხნის დაგეგმილია და ახლა ამ შეხვედრის გამოსათხოვარ მატჩად მონათვლა, ჩემი აზრით, ფარსია, რომელსაც ვერაფრით მივიღებ - მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ფანების წინაშე ვალდებული ვარ, გამოსათხოვარ თამაშში ვიასპარეზო.“
გერმანიის საფეხბურთო კავშირის რეაქცია
გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ბალაკის ასეთ შეტევაზე პასუხის გაცემა, ცხადია, არ დააგვიანა. გენერალური მდივანი ვოლფგანგ ნირსბახი მიიჩნევს, რომ მიხაელის ასეთი რეაქცია ძალიან სამწუხაროა. „მარტის შემდეგ ლიოვს რეგულარული კავშირი ჰქონდა მიხაელ ბალაკთან და შექმნილ სიტუაციაზე აბსოლუტურად გულახდილად ესაუბრებოდა, რადგან როგორც გერმანიის ნაკრების კაპიტანმა, მიხაელმა ეს დაიმსახურა. ბრაზილიასთან ტესტ-მატჩისთვის ბალაკის გამოსათხოვარი შეხვედრის სტატუსის მინიჭება კი ლიოვმა ნამდვილად გულახდილად იგულისხმა და ჩვენ ყველას ძალიან გვინდოდა, რომ ბალაკს ეს წინადადება მიეღო,“ - აცხადებს ნირსბახი.
ყველაზე საინტერესო კი ალბათ თვითონ ლიოვის კომენტარია, რომელსაც აქვე გთავაზობთ: „მე ზუსტად ვიცი, რის შესახებ ველაპარაკებოდი ბალაკს, რას შევპირდი და რა შევთავაზე. არაფრის შეცვლას არ ვაპირებ,“ - თქვა იოგიმ შაბათს.
ნირსბახმა კი უფრო მკაცრი განცხადებაც გააკეთა: „არ მესმის და ვერასდროს გავიგებ, რატომ იხმარა ბალაკმა ისეთი სიტყვები, როგორებიცაა „ფარსი“ და „ფარისევლობა“. ჩემი აზრით, მას აბსოლუტურად კორექტულად ვექცეოდით. მიხაელს ყველაფერი შევთავაზეთ, ყველა კარი ღია დავუტოვეთ. მას უბრალოდ უნდა გადაეწყვიტა, როდის სურდა ნაკრებიდან წასვლა.“
შესთავაზა თუ არა ლიოვმა ბალაკს მე-100 მატჩიც?
როგორც იცით, მიხაელ ბალაკს გერმანიის ნაკრებში 98 მატჩი აქვს ჩატარებული. ლიოვი და ნირსბახი იმასაც ამბობენ, რომ მათ მიხაელს არა მარტო ბრაზილიასთან თამაში, არამედ ურუგვაისთან ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობაც შესთავაზეს, რათა მას პრესტიჟული, 100-მატჩიანი კვოტა შეესრულებინა და ისტორიაში დარჩენილიყო როგორც ფეხბურთელი, რომელმაც ბუნდესგუნდში 100 მატჩი ჩაატარა. ურუგვაისთან მატჩი 29 მაისს შედგა (2:1 გერმანიის სასარგებლოდ), ბალაკს კი ამაზეც უარი უთქვამს.
„მიხაელმა გვითხრა, ჩემთვის ნაკრებში 100-მატჩიანი კვოტის შესრულებას მნიშვნელობა არ აქვსო და ურუგვაისთან თამაშზე უარი თქვა, - ამბობს ნირსბახი და იქვე დასძენს, - ავსტრიასთან და აზერბაიჯანთან მატჩების შემდეგ კი მასთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა. მიხაელი არც ტექსტურ შეტყობინებებზე გვპასუხობდა და არც სატელეფონო ზარებზე. პირადად მეც და ლიოვმაც, არაერთხელ დავუტოვეთ შეტყობინება, რომ დაერეკა, მაგრამ მისგან არაფერი გვსმენია. ჩვენ ბალაკთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება გვსურს.“
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"