დებიუტანტმა პირველმა დაიწყო

AutoSharing Option
ბუნდესლიგის ახალი სეზონისთვის მზადება 18 კლუბიდან პირველმა „აუგსბურგმა“ დაიწყო - გუნდმა, რომელმაც გასულ სეზონში გაიფორმა პირველი ბუნდესლიგის საგზური და ელიტაში დებიუტანტი იქნება.

პირველივე ოფიციალურ ვარჯიშზე, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა იოს ლუჰუკაიმ შაბათს ჩაატარა, აუგსბურგელებმა რეკორდი დაამყარეს - კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად მოხდა ისე, რომ გუნდის ვარჯიშს 2000 გულშემატკივარი დაესწრო. ფანები თავიანთ გმირებს უდიდესი აპლოდისმენტით შეეგებნენ.

პირველი ვარჯიშის შემდეგ, „აუგსბურგის“ მენეჯერმა ანდრეას რეტიგმა განაცხადა, რომ აგვისტოს ბოლომდე გუნდს მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს და მაქსიმუმ 2 ახალწვეული შეემატება. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, აუგსბურგელები
„შალკეს“ ნახევარმცველ ალბერტ შტრაიტს ეპატიჟებიან, რომელიც გელზენკირხენულ კლუბში ორი წლის წინ „აინტრახტიდან“ დიდი იმედებით გადავიდა, მაგრამ იმედგაცრუების გამო მოყვარულებში გადაისროლეს და პირველ გუნდში დღემდე არ დაუბრუნებიათ. „შალკეს“ შტრაიტის თავიდან მოშორება უნდა - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

მოგეხსენებათ, „აუგსბურგმა“ „ვოლფსბურგის“ ახალგაზრდა ფეხბურთელი, წარმოშობით ქართველი, ისე კი გერმანიის მოქალაქეობის მქონე და გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ნახევარმცველი აკაკი გოგია გადაიბირა. ამ უკანასკნელმა შაბათს გერმანიის ახალგაზრდული ჩეპიონატის ფინალში ითამაშა და გერმანიის A იუნიორთა შორის ჩემპიონი გახდა: „ვოლფსბურგმა“ „კაიზერსლაუტერნი“ 4:2 დაამარცხა, გოგიამ კი მეოთხე გოლი გაიტანა. შესაბამისად, აკაკი გოგიას „აუგსბურგის“ პირველ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია. მასთან ერთად, ლუჰუკაის კანადელი მარსელ დე იონგი (შვებულებაშია) და ალბანელი თავდამსხმელი ედმონდ კაპლანიც (სანაკრებო პაუზა) დააკლდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული