„გუნდს ძალიან კარგად ვიცნობ, ზოგადად კი 12 წელია, მწვრთნელი ვარ. ასე რომ, ახალბედა არ მეთქმის,“ - განაცხადა ზორგმა,
ყველაზე საინტერესო ის იყო, თუ როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა ახალ მწვრთნელზე გუნდის სამიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ახალწვეული დემბელე - ამ უკანასკნელმა ხომ „ფრაის“ თავდასხმა უნდა გააძლიეროს და საჭირო გოლები გაიტანოს. „ერთი ვარჯიშით ფეხბურთელის შესახებ დასკვნების გაკეთება შეუძლებელია, თუმცა რაც ვნახე, იმით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, დემბელეს გადმობირების შემდეგ თავდასხმაში უკვე ძალიან კარგად ვართ დაკომპლექტებულები,“ - თქვა ზორგმა ვარჯიშის შემდეგ.
ახლა ყველაზე საინტერესო ის არის, დარჩება თუ არა გუნდში პაპის დემბა სისე - თავდამსხმელი, რომელმაც გასულ სეზონში 22 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გავიდა, ჩამორჩა რა მხოლოდ მარიო გომესს (28 გოლი). თუ ბრაისგაუელებმა სისეს შენარჩუნება მოახერხეს, ფაქტია, რომ ზორგს ბუნდესლიგაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თავდასხმა ეყოლება. თუმცა სისეს ძალიან ბევრი მთხოვნელი ჰყავს, რომელთაგან რამდენიმე საკმაოდ სერიოზული და „ფრაიბურგზე“ გაცილებით პრესტიჟული კლუბია. ამას წინათ „ფრაის“ ხელმძღვანელებმა თქვეს, სისეს 15 მილიონ ევროზე იაფად არ დავთმობთო და როგორც გაირკვა, ასეთი თანხა სენეგალელის ერთ-ერთ მთავარ მსურველს, კიევის „დინამოს“ სულაც არ ებევრება. „კიკერის“ ინფორმაციით, უკრაინულმა გრანდმა „ფრაიბურგს“ უკვე მიმართა ოფიციალური წინადადებით და ისეთი თანხა შესთავაზა, რომელზეც უარის თქმა გაუჭირდებათ.
დემბელესთან ერთად, პირველ ვარჯიშში მონაწილეობა მიიღეს სხვა ახალწვეულებმაც - მეკარე დანიელ ბატცმა, რომელიც „ფრაიში“ „ნიურნბერგიდან“ გადავიდა და შვეიცარიელმა ნახევარმცველმა ბეგ ფერატიმ (ბაზელიდან იყიდეს). მათთან ერთად, ზორგმა მეორედან პირველ გუნდში ახალგაზრდა მოთამაშეები, სიმონ ბრანდშტეტერი და კრისტიან ბიკელიც გადაიყვანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"