ბენდტნერი გერმანიის ჩემპიონში?

AutoSharing Option
ბარიოსს ბევრი მთხოვნელი ჰყავს და დორტმუნდელები თავს იზღვევენ
დორტმუნდის „ბორუსიას“ ხელმძღვანელები კი ამბობენ, სატრანსფერო ბაზარზე აღარ გავაქტიურდებითო, რის გამოც ბოლო დროს გერმანიის ჩემპიონის სატრანსფერო გეგმებზე არანაირი სპეკულაციები აღარ ყოფილა, მაგრამ აი, გუშინ გერმანულ და ინგლისურ პრესაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ფაქტი ერთია: თუ ეს ტრანსფერი განხორციელდა, თამამად უნდა ვთქვათ, რომ დორტმუნდელებმა მეგა-ტრანსფერი გაჩარხეს.

მოკლედ, ინგლისური და გერმანული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, დორტმუნდელები ლონდონის „არსენალის“ 23 წლის თავდამსხმელ ნიკლას ბენდტნერს უმიზნებენ. და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ცნობა ფეხბურთელის მამამ და მრჩეველმა დანიური გაზეთისთვის
მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა: „დიახ, დორტმუნდის „ბორუსიას“ მართლაც სურს ჩემი შვილის გადაბირება. რამდენადაც ვიცი, გერმანელებსა და „არსენალის“ ხელმძღვანელებს შორის უკვე შედგა პირველი მოლაპარაკება.“

დანიელი ფორვარდი ლონდონურ კლუბში 2005 წლიდან თამაშობს და დიდი ხანია, დანიაში უდიდეს ტალანტად მიიჩნევა. გასული სეზონი კი მისთვის არცისე წარმატებული, მეტიც, ფაქტობრივად წარუმატებელი იყო, რადგან პრემიერლიგაში მხოლოდ 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა. ინგლისელმა ჟურნალისტებმა ბენდტნერი არაერთხელ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მას მერე, რაც ცნობილი ფეხბურთელი გახდა, ფეხბურთზე სერიოზულად აღარ ფიქრობს და ღამეებს დისკოთეკებზე ათენებს. ჩვენი ინგლისელი კოლეგები მის კარიერულ ჩავარდნას სწორედ ცხოვრების ასეთ წესს აბრალებენ.

რა აზრი ექნება ამ ტრანსფერს „დორტმუნდისთვის“? ეს ალბათ მხოლოდ „ბორუსიას“ თავკაცმა იურგენ კლოპმა იცის – სწორედ მან მოისურვა დანიელი თავდამსხმელის ყიდვა. ექსპერტების აზრით კი, ბენდტნერის ყიდვას დორტმუნდელებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ BVB-ს ლუკას ბარიოსი დატოვებს. მართალია, 26 წლის გოლეადორს გერმანიის ჩემპიონთან კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ ძალიან ბევრი სერიოზული მთხოვნელი ჰყავს. საკმარისია, რომელიმე სუპერგრანდმა „ბორუსიას“ ბარიოსის სანაცვლოდ მინიმუმ 20 მილიონი ევრო შესთავაზოს, რომ ვესტფალიელები ორი წლის წინ 4 მილიონად ნაყიდ თავდამსხმელს თვალის დაუხამხამებლად შეელევიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული