იონინგი: პეტრიჩი უნდა დარჩეს!

AutoSharing Option
„ჰამბურგის“ თავდამსხმელი მლადენ პეტრიჩი ახლა ნიუ იორკშია, სადაც შვებულებას ატარებს და ტრავმას იშუშებს. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაბრუნდება მოედანზე ხორვატი ფორვარდი, რომელსაც ჩრდილოგერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2012 წლამდე აქვს გაფორმებული. სამაგიეროდ, ერთი რამ უკვე ცხადია და წყალი აღარ გაუვა: მლადენი მომავალ სეზონშიც „ჰამბურგში“ ითამაშებს. გადაწყდა, რომ ჰამბურგელები თავიანთ საუკეთესო თავდამსხმელს (11 გოლი გასულ სეზონში) არ შეელევიან.

ბოლო დროს პეტრიჩის „ჰამბურგიდან“ აბარგებაზე არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა და სპეკულაციებს ბოლო HSV-ს მთავარმა მწვრთნელმა მიხაელ იონინგმა მოუღო, რომელმაც ბევრი იფიქრა, თუ ცოტა, გადაწყვიტა, რომ ხორვატი ძალიან
სჭირდება და გუშინ ჩვენს გერმანელ კოლეგებს უთხრა, მლადენი ჩვენთან რჩება, მორჩა და გათავდაო.

30 წლის თავდამსხმელი „ჰამბურგში“ 2008 წლიდან თამაშობს და ამ გუნდის მაისურით ბუნდესლიგაში 73 შეხვედრა ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა. უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში ის ჰამბურგელთა საუკეთესო თავდამსხმელია, მასზე მეტი გოლის გატანა თვით რუუდ ვან ნისტელროიმაც კი ვერ მოახერხა. მიუხედავად ამისა, საკმაოდ ბევრი რამ მეტყველებდა იმაზე, რომ პეტრიჩი ამ ზაფხულს გუნდს დატოვებდა. უპირველესი მიზეზი ის გახლდათ, რომ კლუბის ხელმძღვანელები და მლადენი ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ თანხმდებოდნენ და რაკი პეტრიჩის ხელშეკრულებას ვადა გაისად ეწურება, „ჰამბურგისთვის“ მისი წელს გაყიდვა ფინანსური ხეირის ნახვის უკანასკნელი შანსი გახლდათ. მართალია, კონტრაქტი არ გაგრძელებულა, მაგრამ პეტრიჩი მაინც რჩება.

„მლადენ პეტრიჩი არსად არ წავა. ის მომავალ სეზონშიც აუცილებლად „ჰამბურგში“ იასპარეზებს. ჩვენ არაერთმა ფეხბურთელმა დაგვტოვა, მლადენის გაშვება კი არაფრისდიდებით არ მინდა,“ - თქვა გუშინ იონინგმა.

შესაძლოა, „ჰამბურგი“ და მლადენი ახალ კონტრაქტზე მომავალი სეზონის მიმდინარეობის დროსაც ვერ შეთანხმდნენ, რაც იმის მაუწყებელი იქნება, რომ ერთი წლის შემდეგ პეტრიჩი HSV-ს უფასოდ დატოვებს, მაგრამ „ჰამბურგი“ დიდ ზარალს არ ნახავს, რადგან მლადენის ფასი სატრანსფერო ბაზარზე 3 მილიონი ევროა. ამ ფასად კი, ჩრდილოელები ასეთი კლასის თავდამსხმელს ნაღდად ვერ იყიდდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული