დღესდღეობით ბავარიული გრანდისთვის ყველაზე პრობლემატური და შესაბამისად აქტუალური საკითხი დაცვის ცენტრი და მისი გაძლიერებაა. „ლელოს“ მკითხველები ინფორმირებულები არიან იმის შესახებ, რომ „ბაიერნს“ „სიტისა“ და გერმანიის ნაკრების მცველ ჟერომ ბოატენგის ყიდვა უნდა, მაგრამ ამას წინათ გაცნობეთ, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. მართალია, მიუნხენელები ბოატენგს უკვე შეუთანხმდნენ და ამ უკანასკნელმაც თქვა, „ბაიერნში“ გადასვლა ძალიან მინდაო, მაგრამ
ახლა ირკვევა, რომ „სიტიმ“ 22 წლის ბოატენგის (13 მატჩი გერმანიის ნაკრებში) სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო მოითხოვა, რაც ბავარიელებს კატასტროფულად ეძვირათ. „მანჩესტერ სიტიმ“ ჟერომ ბოატენგში შარშან 12.5 მილიონი გადაიხადა და მას მერე გერმანელმა მცველმა „სიტის“ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 16 მატჩი (38-დან) ჩაატარა, რის გამოც მისი ფასის გაორმაგება არალოგიკურია.
„კიკერის“ ინფორმაციით, „სიტიმ“ ბოატენგის შემცვლელის ძებნა დაიწყო და როგორც კი იპოვნის, ჟერომს „ბაიერნს“ შედარებით იაფად დაუთმობს. შეგახსენებთ, რომ ბოატენგი ბავარიელებს უკვე მოურიგდა ოთხწლიან კონტრაქტზე.
ალტერნატივებზე კი მიუნხენელები ახლა მხოლოდ ზერელედ ფიქრობენ. ამ დღეებში ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ „ბაიერნს“ ბრაზილიელი ლუსიოს დაბრუნება უნდოდა. ეს უკანასკნელი რეკორდმაისტერის ღირსებას 2004-დან 2009 წლამდე იცავდა, ახლა „ინტერშია“ და ამას წინათ თქვა, რაკი ლუის ვან გაალი „ბაიერნის“ მწვრთნელი აღარ არის, მიუნხენში დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდიო. მაგრამ „კიკერი“ წერს, რომ 33 წლის ბრაზილიელმა მცველმა „ბაიერნის“ შეფებს ზედმეტად მაღალი ხელფასი მოსთხოვა. ამბობდნენ, „ბაიერნს“ „ჩელსის“ მცველი ალექსი და ბარსელონელი გაბრიელ მილიტოც აინტერესებსო - ეს ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"