მაგათი ჩემპიონობაზე ალაპარაკდა

AutoSharing Option
„ვოლფსბურგის“ ნერვიულობით გატანჯულმა გულშემატკივრებმა უკვე იციან, რისთვის იბრძოლებს მათი საყვარელი კლუბი ახალ სეზონში.

მოგეხსენებათ, გუნდი, რომელიც 2009 წელს გერმანიის ჩემპიონი გახდა, გასულ სეზონში გადარჩენისთვის იბრძოდა და კინაღამ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდა. სეზონის ბოლოს კი „მგლებში“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სწორედ ის ფელიქს მაგათი დაბრუნდა, რომელმაც ორი წლის წინ „ქვემო საქსონიელებს“ სენსაციური ჩემპიონობა მოაპოვებინა და აქედან გამომდინარე, „ვოლფსბურგის“ ფანები იმედენიანად არიან განწყობილები. „ვოლფები“ ახლა ფლენსბურგში, ოვერზეეზე იმყოფებიან, სადაც ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ შეკრებას გადიან.

„წარმატების მისაღწევად ძალიან დიდი შრომაა საჭირო. ამიტომაც ვშრომობთ. ჩვენი მიზანი
ისაა, რომ „ვოლფსბურგი“ დაბრუნდეს იქ, სადაც ამ გუნდის ადგილია. თუ ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც საჭიროა, ეს გუნდი მომავალ სეზონში გადარჩენისთვის კი არა, გერმანიის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს,“ - აცხადებს „მგლების“ 57 წლის დამრიგებელი.

მოთამაშეებს სულაც არ გაჰკვირვებიათ ის, რომ მაგათმა შეკრების დაწყებისთანავე დააძრო თავისი სპეციალური სამედიცინო ბურთები (თითო 3-4 კილოს იწონის) და მას მერე შეგირდებს ყოველდღე სასტიკად აწვალებს. ეს ფელიქსის სტილია, რომლითაც მან 2005 და 2006 წლებში „ბაიერნი“ ზედიზედ ორჯერ გახადა გერმანიის ჩემპიონი, 2009 წელს კი „ვოლფსბურგის“ ისეთი გუნდი გააჩემპიონა, მანამდე მთელი არსებობის ისტორიაში სერიოზული რომ არაფერი ღირსებია.

შეკრებაზეა ბრაზილიელი გამთამაშებელი დიეგოც. მიუხედავად იმისა, რომ 26 წლის შემტევ ნახევარმველს „ვოლფსბურგში“ მომავალი აღარ აქვს (მაგათმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ დიეგო მის გუნდში აღარასოდეს ითამაშებს), ის მაინც ვარჯიშობს და თანაც, საკმაოდ დიდი მონდომებით იტანჯება. მაგათი ამბობს, რასაც სხვები აკეთებენ, დიეგოც იგივეს აკეთებს და აღარ წუწუნებსო. ბრაზილიელის ფასი 10 მილიონი ევროა, მაგრამ ჯერ არ გამოჩენილა კლუბი, რომელიც „ვოლფსბურგს“ ამ თანხას გადაუხდის. ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ დიეგოს გადაბირება ბრაზილიურ კლუბებს, „სანტოსსა“ და „ბოტაფოგოს“ უნდათ, მაგრამ ამ კლუბების ხელმძღვანელები მაგათს ჯერ არ შეხმიანებიან. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, დიეგოზე „ლივერპულშიც“ ფიქრობენ. მაგრამ ჯერ მხოლოდ ფიქრობენ...

გაირკვა, რომ ახალი სეზონის დაწყებამდე „ვოლფსბურგი“ აუცილებლად იყიდის ახალ ცენტრალურ მცველს. მაგათი ადასტურებს, რაკი არნე ფრიდრიხი ტრავმირებულია, დაცვის ხაზში მინიმუმ ერთი კარგი ახალწვეული გვჭირდებაო. „ბილდის“ ინფორმაციით, ფელიქსი მეორე ბუნდესლიგაში გავარდნილი ფრანკფურტის „აინტრახტის“ 25 წლის უკანახაზელ მარკო რუსს უმიზნებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული