პირველ ვარჯიშზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გერმანიის ნაკრების წევრების გარდა, ყველა ფეხბურთელი შეკრიბა - ბუნდესგუნდის მოთამაშეები კი „ბორუსიას“ 3 ივლისს შეუერთდებიან. სამაგიეროდ, გუშინ კლოპის ხელმძღვანელობით პირველად ივარჯიშეს დორტმუნდელთა ახალწვეულებმა: ილქაი გიუნდოგანმა, ივან პერიშიჩმა, მორიტც ლაიტნერმა და კრის ლიოვემ. ცხადია, ეს მოთამაშეები ყურადღების ცენტრში მოექცნენ.
კლოპი „ბორუსიას“ ახალი სეზონისთვის უკვე მეოთხედ ამზადებს და მართალია, BVB-ს ეიფორია არც ადრე აკლდა, მაგრამ წელს ყველაზე დიდი საგიჟეთი იყო, რადგან
მოკლედ, ეიფორია უდიდესია, მაგრამ ცორკი, კლოპი და გენერალური მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე წნეხის ქვეშ არ მოექცევიან. მიუნხენიდან უკვე გაისმა მუქარები - „ბაიერნმა“ მზადება ორშაბათს დაიწყო და რეკორდმაისტერის ფეხბურთელებმა არაერთხელ თქვეს, ახალ სეზონში „ბორუსიას“ ტახტიდან ჩამოვაგდებთო.
„კარგად ვიცი, რაც თქვა თომას მიულერმა და თუ სიმართლე გაინტერესებთ, მისი მოსაზრება ფეხებზე მკიდია, - ასეთი იყო 44 წლის კლოპის რეაქცია კითხვაზე, რა პასუხს გასცემდა ის „ბაიერნის“ ფეხბურთელს, - ფაქტია, რომ ჩვენ ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყოთ. გასული სეზონი ფანტასტიკურად რომ ჩავატარეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონშიც თავისთავად ასე კარგად ვითამაშებთ. დღეს კი იმიტომაც შევიკრიბეთ, რომ შრომას შევუდგეთ.“
ბოსი ვატცკე კლოპს ასი პროცენტით დაეთანხმა და აღნიშნა, თუ მიუნხენელები ჩვენგანაც სკანდალურ განცხადებებს ელოდებიან, კოვზი ნაცარშუ ჩაუვარდათ, კამათში არ ავყვებით და ყველაფერს ისევ მოედანზე დავამტკიცებთო.
ამრიგად, კლოპი, ვატკცე და ცორკი მხოლოდ დორტმუნდის „ბორუსიაზე“ საუბრობენ, კონკურენტების ხსენება კი არ სურთ. მათი თქმით, „დორტმუნდი“ აუცილებლად ტიტულის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ლიდერი და გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ნური შაჰინი მადრიდის „რეალში“ გადავიდა, კლოპი ფიქრობს, რომ მისი გუნდი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო.
„არ დაგიმალავთ, ისეთი განცდა მაქვს, რომ ახლა გაცილებით ძლიერები ვართ. რამდენიმე ძალიან კარგი ფეხბურთელი ვიყიდეთ: პერიშიჩი, გიუნდოგანი, ლაიტნერი და სხვები. შარშან ამხელა არჩევანი არ მქონდა,“ - ამბობს იურგენი.
თუმცა ფაქტია ისიც, რომ წელს დორტმუნდელებს ჩემპიონთა ლიგაშიც მოუწევთ თამაში, ორ ფრონტზე ბრძოლა კი ადვილი ნაღდად არ არის. თანაც, „ბორუსია“ ევროპის ელიტარულ საკლუბო ლიგაში გერმანიის ჩემპიონის სტატუსით წარსდგება და ვალდებულია, ჩემპიონთა ლიგაში კარგად ითამაშოს.
დორტმუნდელთა პირველი ვარჯიში ერთ საათს გაგრძელდა. „ბორუსიას“ პირველი ოფიციალური მატჩი 30 ივლისს, გერმანიის თასის პირველ ეტაპზე მესამელიგელ „ზანდჰაუზენთან“ ელის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"