ტორსტენი "ტორონტოში" წავიდა

AutoSharing Option
ბრემენის „ვერდერმა“ ახალი სეზონისთვის მზადება ოთხშაბათს ვეტერანი კაპიტნის, ბოლო წლებში გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლის, ტორსტენ ფრინგსის გარეშე დაიწყო.

როგორც იცით, 34 წლის ფრინგსზე უარი ჯერ გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა თქვა, გასული სეზონის მიწურულს კი „ვერდერის“ თავკაცმა თომას შააფმაც განაცხადა, რომ ბრემენული კლუბი ვეტერან საყრდენ ნახევარმცველს ახალ ხელშეკრულებას არ გაუფორმებდა. ფრინგსმა უკვე იპოვნა ახალი კლუბი, ოღონდ იქ, სადაც მხოლოდ ასაკოვანი, კარიერის ფინიშის სწორზე მდგარი მოთამაშეები იყრიან ხოლმე თავს - როგორც მიხვდით, საუბარი აშშ-ის ლიგა MLS-ზეა.

ამრიგად, ტორსტენმა საბოლოო
უარი თქვა ბუნდესლიგაზე, სადაც მას რამდენიმე გუნდი ეპატიჟებოდა, თუმცა მსურველებს შორის არცერთი არ იყო მაღალი დონის კლუბი. ფრინგსი კარიერას „ტორონტოში“ გააგრძელებს. დამთხვევა ნამდვილად არ არის ის, რომ „ტორონტო“ იურგენ კლინსმანის ყოფილი გუნდია. კლინსი ახლა ამ გუნდის მრჩევლად მუშაობს და სწორედ მან ურჩია, როგორც ტორონტოელებს, ისე ტორსტენ ფრინგსსაც ამ კლუბში გადასვლა.

„ტორონტოს“ ხელმძღვანელებს პირველად სწორედ კლინსმანის მეშვეობით დავუკავშირდი. იურგენმა ამ კლუბის შესახებ ბევრი კარგი რამ მიამბო. მასთან საუბრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ თუ შევთანხმდებოდით, ამ ნაბიჯს აუცილებლად გადავდგამდი,“ - უთხრა ჩვენს გერმანელ კოლეგებს ფრინგსმა, რომელიც „ტორონტოში“ დანი კუვერმანსთან ერთად ითამაშებს. გუნდის მთავარი მწვრთნელი, ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი აარონ ვინტერია, რომელიც ამბობს: „ფრინგსისა და კუვერმანსის დარი ფეხბურთელების გადმობირებას დიდი ხანია ვცდილობთ და მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს მიზანს მივაღწიეთ.“

ფრინგსი არ მალავს, რომ ევროპაშიც ბევრი მსურველი ჰყავდა: „ამერიკისა და ემირატების გარდა, არაერთი წინადადება მქონდა ევროპიდანაც. აქტიურობდნენ ბუნდესლიგური კლუბებიც. ზოგიერთი შემოთავაზება მართლაც ძალიან საინტერესო და სარფიანი იყო, მაგრამ ყველაზე მეტად „ტორონტოს“ წინადადებამ გამაოცა.“

ტორსტენ ფრინგსი, რომელსაც „ვერდერის“ ფორმით ბუნდესლიგაში 326 მატჩი აქვს ჩატარებული, „ტორონტოში“ ოფიციალურად გუშინ წარადგინეს. კანადურ კლუბთან ტორსტენმა ორწლინახევარიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი დებიუტი კი 21 ივლისს, „დალასთან“ საშინაო მატჩში შედგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მლს აშშ-ს კი არა, ჩრდილოამერიკული ლიგაა. ტორონტო კი კანადაშია.
dudu
20:18 01-07-2011
0

სიახლეები პოპულარული