ბალაკის ბოლო სეზონი?

AutoSharing Option
ორი აზრი არ არსებობს: მიხაელ ბალაკს საშინელი სეზონი ჰქონდა. 34 წლის ნახევარმცველმა ორი უმძიმესი ტრავმა გადაიტანა და ფაქტობრივად მთელი სეზონი გაუცდა, მსოფლიოს ჩემპიონატზეც სწორედ ამ ტრავმის გამო არ უთამაშია, ჯერ ნაკრების კაპიტნობა ჩამოართვეს, ახლა კი ბუნდესგუნდიდან საერთოდ მოკვეთეს.

ვითომ, ამაზე უარესი რაღა უნდა მომხდარიყო, მაგრამ ფაქტია, რომ ბალაკის მდგომარეობა მხოლოდ მძიმდება.

„ლევერკუზენთან“ მას კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს და თუ კარიერის დამთავრება ჯერ არ უნდა, სწორედ მომავალ სეზონში უნდა დაამტკიცოს ის, რომ ჯერ კიდევ უმაღლეს დონეზე თამაშის ღირსია. წინააღმდეგ შემთხვევაში,
მას არც „ლევერკუზენში“ დატოვებენ და ტორსტენ ფრინგსის დარად, ან ამერიკაში ან სხვა, ვეტერანთა მორიგ თავშესაფარში წასვლა მოუწევს, ანაც ბურთების ლურსმანზე ჩამოკიდება. ფაქტი ის არის, რომ დღევანდელი გადასახედიდან, „ლევერკუზენის“ ხელმძღვანელები მიხაელს ახალ ხელშეკრუკებას არაფრისდიდებით არ გაუფორმებენ. თამამად უნდა ითქვას, რომ „ბაიერმა“ ბალაკით ხეირი დღემდე ვერ ნახა. ცხადია, მიხაელის გადაბირებას არც სხვა რომელიმე გერმანული კლუბი მოისურვებს.

ერთი სიტყვით, მიხაელი სერიოზული საფრთხის წინაშე დგას: ნაკრებიდან ხომ ფაქტობრივად შერცხვენილი და შეურაცხყოფილი წავიდა და დიდი შანსია, რომ ახლა ბუნდესლიგაშიც იგივე დაემართოს. ცხადია ისიც, რომ ბალაკი ძალიან მონდომებულია და აშკარად უნდა, რომ ყველას ყველაფერი დაუმტკიცოს. თანაც, მას უნდა, რომ კიდევ ერთხელ გაიბრწყინოს ჩემპიონთა ლიგაში და მთელ საფეხბურთო ევროპას თავი შეახსენოს. არადა, „ლევერკუზენის“ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა საკმაოდ გაუჭირდება, რადგან სიმონ როლფესის, არტურო ვიდალისა და ლარს ბენდერის სახით ძალიან სერიოზული კონკურენტები ჰყავს. ამას იცის ემატება, რომ ლევერკუზენელთა ახალ დამრიგებელ რობინ დუტს არ უყვარს მუდმივად ერთი და იგივე შემადგენლობით თამაში, როტაციას ხშირად მიმართავს ხოლმე. ფეხბურთელებს კი სასტარტოში თამაშის გარანტიას არასდროს აძლევს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული