"კაიზერს" მათეუსები მოენატრა

AutoSharing Option
ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა გამოარკვიეს, რომ მიუხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელები ახალი სეზონისთვის კიდევ მხოლოდ ორი ფეხბურთელის შეძენას გეგმავენ.

რეკორდმაისტერის სამიზნეები ამ ეტაპზე „მანჩესტერ სიტისა“ და გერმანიის ნაკრების მცველი ჟერომ ბოატენგი და „ლევერკუზენის“ საყრდენი ნახევარმცველი არტურო ვიდალი არიან. „ბილდი“ ირწმუნება, რომ პრეზიდენტი ული ჰიონესი და ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე ამ ტრანსფერების განხორციელების შემთხვევაში, სხვა მოთამაშეების შეძენაზე აღარ იზრუნებენ. ასეთი ტენდენცია კი აშკარად არ მოსწონს მიუნხენური გრანდის საპატიო პრეზიდენტ ფრანც ბეკენბაუერს. „კაიზერი“ აფასებს იმ მოთამაშეებს, რომლებიც „ბაიერნმა“ აქამდე იყიდა (რაფინია, ნილს პეტერსენი, მანუელ ნოიერი) და
ძალიან მოსწონს როგორც ბოატენგი, ასევე ვიდალიც,
მაგრამ ბეკენბაუერი ისურვებდა, რომ „ბაიერნს“ ეგრეთ წოდებული „აგრესიული ლიდერიც“ ეყიდა.

„მხოლოდ ლაპარაკი საკმარისი არ არის, აშკარაა, რომ „ბაიერნს“ ნამდვილი ლიდერიც ჭირდება. სწორად გამიგეთ, ამ განცხადებით ბასტიან შვაინშტაიგერისა და ფილიპ ლამის გაკრიტიკება სულაც არ მინდა. ისინი ძალიან კარგი ფეხბურთელები, „ბაიერნისთვის“ ფასდაუდებელი მოთამაშეები არიან, მაგრამ ნამდვილი ლიდერობისთვის რაღაც არ ჰყოფნით, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ სეზონში ორივე მათგანმა შეძლოს ჩემ მიერ ნახსენები ლიდერის ფუნქციის შესრულება, - აცხადებს „კაიზერ-ფრანცი“ „შპორტ ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში და იქვე დასძენს, - ბოლოს „ბაიერნში“ ასეთი ფეხბურთელი მარკ ვან ბომელი იყო. შესაძლოა, ეს უკანასკნელი არ იყო მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველი, მაგრამ ლიდერის ფუნქციებს უზადოდ ასრულებდა“.

ბეკენბაუერი მიიჩნევს, რომ არასწორია, როცა შვაინშტაიგერს და ლამს ძალით აიძულებენ იმის გაკეთებას, რაც მათ არ შეუძლიათ და კაიზერი ამაში იმ ფუნქციას გულისხმობს, რომლის შესრულება ახლო წარსულში ერთადერთ ბაიერნელს, ვან ბომელს შეეძლო. „არც ფილიპი და არც ბასტიანი არ არიან ისეთი ტიპები, როგორებიც ლოთარ მათეუსი ან შტეფან ეფენბერგი იყვნენ. ლამი ყოველთვის ლამი იქნება, მისგან ახალი ეფეს გამოძერწვა შეუძლებელია. ვფიქრობ, ჩვენ უნდა მივიღოთ კაპიტნობის ისეთი სტილი, როგორიც ლამს აქვს,“ - ამბობს ბეკენბაუერი.

სხვამხრივ, რეკორდმაისტერის საპატიო პრეზიდენტი, იუპ ჰაინკესის განკარგულებაში მყოფი ფეხბურთელებით კმაყოფილია. კაიზერის აზრით, „ბაიერნი“ კარგადაა დაკომპლექტებული და წესით, მომავალ სეზონში მაღალი მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული