შვაინი: ჩვენ დავბრუნდებით!

AutoSharing Option
ბასტიან შვაინშტაიგერს მარცხენა ფეხზე ტრავმა ჯერ კიდევ აწუხებს, მაგრამ სერიოზული არაფერია და რეკორდმაისტერის 26 წლის ნახევარმცველი ახალი სეზონის სტარტს მოუთმენლად ელის - შვაინის „ბაიერნთან“ ერთად მომავალ სეზონში დიდი გეგმები აქვს.

„აუცილებლად გერმანიის ჩემპიონები უნდა გავხდეთ, ნებისმიერი სხვა შედეგი მიუღებელი იქნება. ახლა უკვე ისეთი შემადგენლობა გვყავს, რომ მხოლოდ პირველობისთვის უნდა ვიბრძოლოთ. თუკი ისე ვითამაშებთ, როგორც გასული სეზონის მიწურულს ვთამაშობდით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონები გავხდებით, თანაც ზუსტად ისეთი უპირატესობით, როგორიც „ბაიერნს“ ეკადრება,“ - აცხადებს შვაინშტაიგერი „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

რეკორდმაისტერის დამრიგებელი ახლა იუპ
ჰაინკესია - მწვრთნელი, რომელიც მესამედ ჩაუდგა „ბაიერნს“ სათავეში. „დონ იუპი“ მიუნხენურ გრანდს ბოლოს 2008/2009 წლების სეზონის მიწურულს, დროებით ავარჯიშებდა და ხუთი მატჩიდან შვაინშტაიგერმა და კომპანიამ მაშინ ოთხი მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა.

შვაინი ამბობს, იმედია, ჰაინკესის ხელში ახლაც ისე კარგად ვითამაშებთ, როგორც მაშინო. აღსანიშნავია, რომ ჰაინკესმა „ბაიერნში“ მოღვაწეობა მაშინაც მიონხენგლადბახის „ბორუსიასთან“ მატჩით დაიწყო, რომელიც მიუნხენელებმა 2:1 მოიგეს, ანგარიში კი სწორედ შვაინშტაიგერმა გახსნა. შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონში რეკორდმაისტერის პირველი მეტოქე ასევე „გლადბახი“ იქნება - 7 აგვისტოს, ბუნდესლიგის პირველ ტურში.

საინტერესოა ისიც, რომ პირველად სწორედ ჰაინკესმა გარისკა შვაინშტაიგერის ნახევარდაცვის ცენტრში გადაყვანა. მართალია, ბასტიანს მანამდეც ჰქონდა ამ პოზიციაზე ნათამაშები, მაგრამ უმეტესად მაინც ფლანგზე ამწესებდნენ ხოლმე. 2009 წლის შემდეგ კი, მუდმივად ცენტრში თამაშობს - როგორც „ბაიერნში“, ისე გერმანიის ნაკრებშიც.

„მიხარია, რომ ჰაინკესის სახით გვყავს მწვრთნელი, რომელიც ყოველთვის ერთი და იგივე სტილის ფეხბურთის თამაშს არ მოგვთხოვს, როგორც ეს ლუის ვან გაალის შემთხვევაში იყო. თუ გვინდა, რომ სერიოზულ წარმატებებს მივაღწიოთ, ხანდახან დაცვაშიც უნდა ჩავდგეთ და საერთოდ, გაცილებით კომპაქტური ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, ვიდრე ბოლო ორი წლის მანძილზე ვთამაშობდით,“ - ამბობს შვაინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული