კონკურენციის გაზრდა იმიტომ იყო საჭირო, რომ დორტმუნდელები სექტემბრიდან ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებენ და რაკი არ უნდათ, რომ თავი შეირცხვინონ და ერთდროულად სამ ფრონტს (ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, ჩემპიონთა ლიგა) კარგად გაუმკლავდნენ, სათადარიგოთა სკამიც გრძელი და რაც მთავარია, ხარისხიანი უნდა ჰქონდეთ.
ახალი სეზონისთვის მზადება „ბორუსიამ“ 28 ფეხბურთელით დაიწყო და
აქედან ხუთი ფეხბურთელი უმაღლესი კლასისაა და ხუთივე ძალიან ამბიციურია: 19 წლის უნიჭიერესი მარიო გიოტცე, 23 წლის კევინ გროსკროიტცი, 22 წლის იაპონელი ტალანტი შინჯი კაგავა და ახალწვეულები, 22 წლის ხორვატი ივან პერიშიჩი და 20 წლის ილქაი გიუნდოგანი. მათ გარდა, ძირითად შემადგენლობაში თამაშის პრეტენზია აქვთ 25 წლის პოლონელ გარემარბ იაკუბ ბლაშჩიკოვსკის, 18 წლის ტალანტ მორიტც ლაიტნერს, 30 წლის საყრდენ სებასტიან კელს, 29 წლის მოჰამედ ზიდანს და 33 წლის ანტონიო და სილვას.
„თითქმის ყველა პოზიციაზე ორი მაღალი კლასის მოთამაშე მყავს. წინა სეზონის დასრულების შემდეგ კონკურენციის გაზრდა მინდოდა და მიხარია, რომ ეს შევძელი. სიმართლე გითხრათ, ჯერ არ მიფიქრია, ვინ უნდა ვათამაშო სასტარტოში. ყველა პოზიციაზე ჯანსაღი კონკურენცია მსურს და ვინ ითამაშებს ძირითადში, ეს მხოლოდ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული,“ - აცხადებს კლოპი.
სამაგიეროდ, იურგენს დაცვაში ყველაფერი გარკვეული და დალაგებული აქვს: მარჯვენა მცველი ისევ 26 წლის პოლონელი ლუკაშ პიჟჩეკი იქნება, რომელმაც წინა სეზონი ძალიან კარგად ჩაატარა, დაცვის ცენტრს კვლავ სამაგალითო უკანახაზელები 22 წლის ნევენ სუბოტიჩი და მატს ჰუმელსი (ასევე 22) გაამაგრებენ, დაცვის მარცხენა ფლანგზე კი 23 წლის მარსელ შმელცერი ითამაშებს. წყალი არ გაუვა იმასაც, რომ
„დორტმუნდის“ მეკარე ახალ სეზონშიც გამოცდილი რომან ვაიდენფელერი იქნება.
ერთადერთი ცენტრფორვარდის ადგილზე კლოპი უპირატესობას ისევ 26 წლის ლუკას ბარიოსს მიანიჭებს, თუმცა მისი შეცვლა ნებისმიერ დროს შეეძლება 22 წლის პოლონელ თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის, რომელიც გასულ სეზონშიც ძალიან ნაყოფიერი იყო - მიუხედავად იმისა, რომ ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ათამაშებდნენ. ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაში ზიდანსაც შეუძლია, მაგრამ ეგვიპტელი მნიშვნელოვან შეხვედრებში ნაკლებად სანდოა. შესაბამისად, გამორიცხული არაა, რომ „ბორუსიამ“ სექტემბრამდე ერთი ახალი თავდამსხმელი იყიდოს. ფაქტია, რომ სხვა პოზიციებზე BVB-ს გაძლიერება ნამდვილად არ სჭირდება.
კაგავა: მანჩესტერი არ მაინტერესებს!
ადრეც გაცნობეთ, რომ შინჯი კაგავას ძალიან ბევრი მთხოვნელი გამოუჩნდა. იაპონელი გამთამაშებელი გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩენა იყო, რის გამოც სხვადასხვა გრანდებთან ერთად, მას თვალი „მანჩესტერ იუნაიტედმაც“ დაადგა. თუმცა 22 წლის კაგავა ამბობს, რომ „დორტმუნდიდან“ წასვლაზე ერთი წამიც არ უფიქრია.
„გაზეთში მეც წავიკითხე, რომ თურმე „მანჩესტერ იუნაიტედი“ სერიოზულად დაინტერესდა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ „ბორუსიაში“ თავს იდეალურად ვგრძნობ. „დორტმუნდის“ სახით ისეთი კლუბი ვიპოვნე, საიდანაც წასვლა, არა მგონია, ოდესმე მომინდეს,“ - აცხადებს კაგავა „ვესტფალიშე ცაითუნგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
კაგავამ გასულ სეზონში მხოლოდ პირველ წრეში ითამაშა, რადგან იანვარში აზიის თასზე მძიმე ტრავმა მიიღო და სეზონი ნაადრევად დაასრულა. პირველ წრეში კი, 17 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა და ერთ-ერთი საუკეთესო დორტმუნდელი იყო. „ახლა ჩემი მიზანი „ბორუსიას“ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაბრუნებაა. წინ ძალიან მაგარი სეზონი გველის, რადგან ჩემპიონთა ლიგაშიც უნდა ვითამაშოთ,“ - ამბობს კაგავა, რომელსაც „ბორუსიასთან“ კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"