დორტმუნდის "ბორუსია"- ახტუნგ, ბაიერნ!

AutoSharing Option
როგორც ჩანს, საზაფხულო პაუზამ დორტმუნდში გერმანიის ჩემპიონობით გამოწვეული ეიფორია ოდნავადაც არ ჩააცხრო. კვირას, ჩემპიონობიდან ზუსტად 50 დღის შემდეგ, სეზონის ოფიციალურ გახსნას BVB-ს 40 000 გულშემატკივარი დაესწრო.

ქომაგებისთვის მთავარი ის იყო, რომ მათ ფეხბურთელებთან ახლოს მისვლა და სახლში მშვენიერი, ისტორიული სუვენირების წაღება შეეძლოთ. „ბორუსიას“ ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ყველა მსურველს სულ რაღაც 5 ევროდ შეეძლო „ვესტფალენშტადიონის“ მოედნის საჩემპიონო საფარის პატარა ნაწილის (25X25 სმ) ყიდვა. გარდა ამისა, მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა და მოთამაშეებმა ფანებს უამრავი ავტოგრაფი ჩამოურიგეს და არაერთ აქციაში მიიღეს მონაწილეობა. ნაშუადღევს კი,
„ბორუსიამ“ სპეციალურ სცენაზე ახალი შემადგენლობა წარადგინა - ფეხბურთელებს შორის იყვნენ ახალწვეულებიც: ივან პერიშიჩი, ილქაი გიუნდოგანი, მორიტც ლაიტნერი, კრის ლიოვე და მარვინ ბოკალორცი.

კლოპი კი მიუნხენის „ბაიერნს“ დაემუქრა: „ყველამ ვიცით, რომ მიუნხენელები მომავალ სეზონში ძალიან მოინდომებენ, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმის საფუძველი, რომ რეკორდმაისტერს მაგრად დავემუქროთ. არცერთი ჩვენგანი არ დანაყრებულა, ყველანი ძალიან მონდომებულები ვართ და გვინდა, რომ 2011/2012 წლების სეზონის ბოლოსაც მაგრად ვიზეიმოთ. ახლა ჩემპიონთა ლიგაშიც ვითამაშებთ და კიდევ უფრო მეტი შემართება გვმართებს. ქომაგებს ვპირდები, ჩვენ კიდევ ერთ ძალიან მაგარ სეზონს გაჩუქებთ!“

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც კლოპმა სეზონის ოფიციალურ გახსნაზე მოისაკლისა, 26 წლის თავდამსხმელი ლუკას ბარიოსია, რომელიც ახლა პარაგვაის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკაზე თამაშობს. დიდი შანსია, რომ ამის გამო ბარიოსმა ვერც ბუნდესლიგის პირველ ტურში (5 აგვისტოს, „ჰამბურგთან“) ითამაშოს. თუ პარაგვაის ნაკრები მეოთხედფინალში გავა, ბარიოსი 5 აგვისტომდე გერმანიაში ჩასვლას ვერ მოახერხებს.

„ორი აზრი არ არსებობს: ლუკასს დამატებითი შვებულება დასჭირდება. როცა პარაგვაის ნაკრები კოპა ამერიკაზე მოღვაწეობას დაასრულებს, ბარიოსს კიდევ ორ კვირას დავასვენებთ,“ - ამბობს კლოპი.

ბარიოსს ძირითად შემადგენლობაში ან რობერტ ლევანდოვსკი შეცვლის, ანაც 22 წლის ხორვატი ახალწვეული ივან პერიშიჩი, რომელიც „ბორუსიამ“ შემტევი ნახევარმცველის პოზიციისთვის იყიდა, თუმცა მას ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზეც შეუძლია ასპარეზობა. პერიშიჩი გასულ სეზონში 23 გოლით ხომ ბელგიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. „დორტმუნდელმა გულშემატკივრებმა ფანტასტიკური დახვედრა მომიწყვეს. ბედნიერი ვარ, რომ ამ გენიალურ კლუბში აღმოვჩნდი,“ - თქვა პერიშიჩმა წარდგენის შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული