ლევერკუზენელები წინა ხაზში შიურლესა და კისლინგის იმედად არიან

AutoSharing Option
ახალი სეზონისთვის „ლევერკუზენიც“ გულმოდგინედ ემზადება, ყურადღების ცენტრში კი „ბაიერის“ ახალ მწვრთნელ რობინ დუტთან ერთად, ახალი თავდამსხმელი ანდრე შიურლეცაა, რომელიც „ფარმაცევტებში“ „მაინციდან“ გადავიდა და ახალ გუნდში თავს უკვე ისე გრძნობს, თითქოს დიდი ხანია, „ლევერკუზენის“ ღირსებას იცავდეს.

ვარჯიშებზე აშკარად თვალშისაცემია ის, რომ მიიღებს თუ არა ბურთს, შიურლე მაშინვე შტეფან კისლინგს ეძებს ხოლმე. ეს არცაა გასაკვირი: ახალ სეზონში „ლევერკუზენის“ თავდასხმის დუეტი ხომ სწორედ კისლინგისა და შიურლეს წყვილი უნდა იყოს.

„ანდრე ძალიან სწრაფი, ტექნიკური
და მოაზროვნე ფორვარდია, რომელსაც ყველაფერთან ერთად, მოედნის ჩინებული ხედვა აქვს და მშვენივრად აწოდებს ფლანგიდან. მას შეუძლია როგორც გარემარბის, ისე მეორე ფორვარდის ან გამთამაშებლის პოზიციაზე თამაშიც. თუ საჭირო გახდა, საჯარიმოს თავდამსხმელის ფუნქციებსაც მშვენივრად ითავსებს. ფაქტია, რომ შიურლესთან ერთად სულ სხვა გუნდი ვიქნებით და შეტევაში მეტი პოტენციალი გვექნება,“ - ამბობს კისლინგი.

დუტს ორი ფორვარდით თამაში უყვარს და სავარაუდოდ, „ლევერკუზენის“ ტაქტიკასაც შეცვლის - 4-2-3-1-დან, რომელსაც იუპ ჰაინკესი იყენებდა, 4-4-2-ზე გადაერთვება, სადაც წინა ხაზში ყველაფერი სწორედ გოლეადორ კისლინგზე და მეპასე შიურლეზე იქნება დამოკიდებული. „ლევერკუზენში“ შიურლე თავს უკვე იდეალურად გრძნობს, ყველაზე მეტად კი ის ახარებს, რომ ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს ცოცხლად მოისმენს.

კისლინგი: „ბოლოს და ბოლოს, ტიტულის მოგება მინდა. მომავალ სეზონში უტიტულოდ აღარ უნდა დავრჩეთ. ბუნდესლიგა, ჩემპიონთა ლიგა, გერმანიის თასი - თუ ჭკვიანურად ვითამაშებთ, ყველა ფრონტზე შეგვიძლია წარმატებისთვის ბრძოლა. რაც შეეხება გოლების რაოდენობას - ამაზე არ ვფიქრობ. თუ რომელიმე ტიტულს მოვიგებთ, ჩემთვის აბსოლუტურად სულერთი იქნება, რამდენ გოლს გავიტან.“

შიურლეს კი უკვე საკმაოდ ხშირად იძახებენ ხოლმე გერმანიის ნაკრებშიც. მართალია, ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას ჯერ ვერავინ აძლევს, მაგრამ დასაწყისისთვის სათადარიგოთა სკამზე ჯდომაც არ არის ურიგო. „იოახიმ ლიოვი ამ ბოლო დროს ხშირად მენდობა და უყურადღებოდ არასდროს მტოვებს. ჩემი მთავარი კონკურენტი ნაკრებში ლუკას პოდოლსკია, მაგრამ ახლა მისი მისამართით მუქარას არ ვაპირებ,“ - ამბობს ანდრე. მას ურჩევნია, ჯერ კისლინგთან ერთად „ლევერკუზენის“ წინა ხაზში კარგი ტანდემი შექმნას და ლიოვს ყველაფერი საქმით დაუმტკიცოს. ევროპის ჩემპიონატამდე წელიწადია დარჩენილი და გამორიცხული ნამდვილად არ არის, რომ ევრო 2012-ზე გერმანიის ნაკრების სასტარტოში პოდოლსკის ნაცვლად სწორედ შიურლე ვიხილოთ.

ბარნეტა დაშავდა!
თუმცა „ლევერკუზენში“ ყველაფერი იდეალურად არ არის. მართალია, გერმანიის ვიცე-ჩემპიონებმა ავსტრიის ვიცე-ჩემპიონი ზალცბურგის „რედ ბული“ 4:0 გაანადგურეს, მაგრამ ამ გამარჯვებით გამოწვეული სიხარული სრულად გადაფარა შვეიცარიელი გარემარბის, გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის, ტრანკუილიო ბარნეტას ტრავმამ, რომელიც 27 წლის ნახევარმცველმა გუშინ მიიღო. პირველი შემოწმების შემდეგ ცხადი გახდა, რომ მას მცირე ოპერაცია დასჭირდება, ოღონდ „ლევერკუზენის“ ექიმებმა ჯერ არ იციან, რამდენ ხანს მოუწევს ლაზარეთში ყოფნა. ასეთი ოპერაცია ბარნეტამ იანვარშიც გაიკეთა და მაშინ ორი თვე დაისვენა.

ამასობაში, ჯერ კიდევ არაა გამორიცხული, რომ შვეიცარიელმა გარემარბმა „ლევერკუზენი“ დატოვოს. მის კონტრაქტში წერია, რომ წელს „ბაიერიდან“ წასვლა სულ რაღაც 3 მილიონი ევროდ შეუძლია, რაც ბარნეტასთვის საკმაოდ დაბალი ფასია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული