მარკომ პირობა დადო: გამოვსწორდები!

AutoSharing Option
„ვერდერის“ პრობლემატურმა თავდამსხმელმა მარკო არნაუტოვიჩმა კიდევ ერთხელ დადო იმის პირობა, რომ კარგად მოიქცევა და ასი პროცენტით ფეხბურთზე იქნება კონცენტრირებული.

ფაქტია, რომ მის ნიჭში ეჭვი არავის ეპარება, 22 წლის ავსტრიელი ფორვარდის მთავარი პრობლემა მისი არაპროფესიონალიზმი და გართობის ნამეტანი სიყვარულია, რაც ხელს უშლის, რომ მაღალი კლასის ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს, თორემ უკვე წლებია, რაც არნაუტოვიჩი ერთ-ერთ უდიდეს ტალანტად მიიჩნევა, მოიარა „ტვენტე“, „ინტერი“, ახლა კი „ვერდერშია“ იმედების გამართლება კი დღემდე ვერ შეძლო.

„ჩემს შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა. გასულ სეზონში მართლა ცუდად ვიქცეოდი და ვხვდები,
მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბრალია ის, რომ ცუდი სეზონი მქონდა. ძალიან მინდა, რომ შევიცვალო და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ იმედები გავამართლო,“ - უთხრა არნაუტოვიჩმა „კიკერს“.

შეგახსენებთ, რომ ბრემენულმა კლიბმა მარკო ერთი წლის წინ „ტვენტედან“ 6.2 მილიონ ევროდ იყიდა და წესით, „მუსიკოსების“ მთავარი დამრტყმელი ძალა უნდა გამხდარიყო. მან კი, 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 3 გოლი გაიტანა, რაც ცენტრალური თავდამსხმელისთვის, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდი შედეგია. თუმცა მარკო არა მარტო მოედანზე გამოიყურებოდა ცუდად, არამედ მოედანს მიღმაც საშინლად იქცეოდა და ხალხს თავი მხოლოდ სკანდალებით დაამახსოვრა. სწორედ ამის შედეგი იყო ის, რომ მაისში, მორიგი ცუდი საქციელის შემდეგ (დისკოთეკაზე იჩხუბა), „ვერდერის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას შააფმა ის გუნდიდან მოკვეთა. ამავდროულად, არნაუტოვიჩი ავსტრიის ეროვნული ნაკრებიდანაც მოკვეთეს – ეს გადაწყვეტილება ავსტრიის პირველი გუნდის თავკაცმა დიტმარ კონსტანტინიმ მას მერე მიიღო, რაც მარკომ თანაგუნდელები და თავად მწვრთნელი გააკრიტიკა.

ახლა კი, მარკო კიდევ ერთხელ ამბობს, ყველაფერს ნულიდან ვიწყებ, აუცილებლად გამოვსწორდებიო. „ახალი სეზონი კარს მოგვაგდა. ყველაზე მთავარი და სასიამოვნო ის არის, რომ მწვრთნელისგან და მთლიანად კლუბისგან ნდობას ვგრძნობ. სწორედ ამიტომ, მეც მოვინდომებ და მაქსიმუმს გავაკეთებ, - ამბობსნ არნაუტოვიჩი და იქვე დასძენს, - ერთი წლის წინ ვთქვი, ჩემპიონები გავხდებით მეთქი და ახლა ასეთ რამეს აღარ ვიტყვი. თუმცა იმას კი ნაღდად გამოვრიცხავ, რომ მომავალ სეზონშიც მხოლოდ გადარჩენისთვის ვიბრძოლოთ. „ვერდერს“ საკმარისად ძლიერი გუნდი ჰყავს იმისათვის, რომ ჩვენი მიზანი საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა და მინიმუმ ევროპის ლიგაში თამაში იყოს.“

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული