გერმანიაში დიდი ნომრები აიკრძალა

AutoSharing Option
ჩვენი აზრით, ასეთი აკრძალვა სხვა ქვეყნებშიც უნდა იყოს დაწესებული, რადგან ფეხბურთში დიდი ნომრები ცოტა უხერხული სანახავია. თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და მართალია, ამას ჯერ მხოლოდ გერმანიაში მიხვდნენ, მაგრამ იმედია, გერმანიის საფეხბურთო ლიგის გადაწყვეტილებას სხვა ქვეყნების საფეხბურთო ლიგებიც მიბაძავენ.

ბუნდესლიგაში კი, გუნდებს 40-ზე მაღალი ნომრების გაცემა აეკრძალათ. ბუნდესლიგის შეფების აზრით, კლუბს პირველი გუნდის განაცხადში 40-ზე მეტი ფეხბურთელი არასდროს ჰყავს და როცა მაგალითად, 21-ე ნომერი თავისუფალია, 88-ე ნომრის გაცემა არ უნდა იყოს დასაშვები.

თუმცა გერმანელები ამ შემთხვევაში მაინც ლოიალურები არიან და
იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც უკვე 40-ზე მაღალი ნომრები აქვთ, მაისურების გამოცვლას არ ავალდებულებენ. მაგალითად, „ბაიერნის“ უკრაინელი საყრდენი ნახევარმცველი ანატოლი ტიმოშჩუკი 44-ე ნომრით ასპარეზობს და შეუძლია, ეს ნომერი შეინარჩუნოს. იგივე ეხება ბერლინის „ჰერტას“ ნახევარმცველ გიოკო კაჩარსაც, რომელიც ასევე 44-ნომრიანი მაისურით თამაშობს.

სამაგიეროდ, გერმანიის საფეხბურთო ლიგა არაფერს დაუთმობს დორტმუნდის „ბორუსიას“ ახალწვეულ ივან პერიშიჩს. ხორვატი შემტევი ნახევარმცველი გერმანიის ჩემპიონში ახლა გადავიდა და საყვარელი ნომრის, ასევე 44-ის აღება სურდა, მაგრამ იძულებულია, საფეხბურთო ლიგის ახალ კანონს დაემორჩილოს. ამრიგად, პერიშიჩი 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ბუნდესლიგის შეფებმა გამონაკლისი შემთხვევებიც გაითვალისწინეს: თუკი რომელიმე კლუბს პირველი გუნდის განაცხადში 40-ზე მეტი ფეხბურთელი ეყოლება, ნომრები რიგრიგობით უნდა გაიცეს: 41, 42 და ასე შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული