”მგლებმა” სალიჰამიჯიჩი გადაიბირეს

AutoSharing Option
როგორც ყოველთვის, ფელიქს მაგათი სატრანსფერო ბაზარზე ამ ზაფხულსაც ყველაზე აქტიურია. გუშინ, მისმა „ვოლფსბურგმა“ ახალი სეზონისთვის რიგით მეოთხე ახალწვეული წარადგინა: „მგლებმა“ ყველასათვის კარგად ცნობილი ბოსნიელი ნახევარმცველი, გამოცდილი ჰასან სალიჰამიჯიჩი გადაიბირეს.

„ბრაცო“, რომელიც ადრე წლების მანძილზე მიუნხენის „ბაიერნის“ ღირსებას იცავდა, გერმანიაში იტალიიდან ბრუნდება, სადაც ტურინის „იუვენტუსში“ თამაშობდა. „ბებერ ქალბატონთან“ მას კონტრაქტი ამოეწურა, ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კი მისთვის ახალი ხელშეკრულების გაფორმება არ მოისურვა. შესაბამისად, სალიჰამიჯიჩმა „ვოლფსბურგს“ უფასოდ მიაშურა. ჰასანი „ვოლფსბურგის“ ფეხბურთელის რანგში გუშინ, შლეზვიგ ჰოლშტაინის მხარეში წარადგინეს - „მგლები“ ახალი სეზონისთვის
მოსამზადებელ შეკრებას სწორედ იქ გადიან. 34 წლის სალიჰამიჯიჩმა „ვოლფსბურგთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„ბრაცო არის ფეხბურთელი, რომელმაც თავისი კარიერის განმავლობაში არაერთ კლუბში უმაღლეს დონეზე ითამაშა და შრომისმოყვარეობის თვალსაზრისით ყველგან ყოველთვის სამაგალითო ფეხბურთელი იყო. შესაბამისად, ძალიან მიხარია, რომ ეს ფეხბურთელი ხელში უფასოდ ჩავიგდეთ. გარდა იმისა, რომ ჰასანი მონდომებული ფეხბურთელია და მოედანზე თავს არასდროს ზოგავს, არაერთ პოზიციაზე შეუძლია თამაში, რაც ჩვენს გუნდს ტაქტიკურად კიდევ უფრო მოქნილს გახდის. დარწმუნებული ვარ, რომ მისი გამოცდილება ჩვენს გუნდს ძალიან გამოადგება,“ - განაცხადა მაგათმა სალიჰამიჯიჩის წარდგენისას.

სალიჰამიჯიჩის ყიდვის შემდეგ, გერმანიაში ეჭვი აღარავის ეპარება იმაში, რომ „ვოლფები“ საშა რიტერს შეელევიან. „კიკერი“ წერს, რომ მაგათი „კიოლნს“ თითქმის ყველაფერზე მოურიგდა.

„ჩემთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ „ბაიერნისა“ და „იუვენტუსის“ შემდეგ ნებისმიერ კლუბში არ გადავიდოდი. ფელიქს მაგათმა დაარწმუნა, რომ „ვოლფსბურგს“ ძალიან ვჭირდები და მეც სწორედ ეს მიხარია. ბედნიერი ვარ, რომ ვიქნები იმ პროექტის მონაწილე, რომელსაც სათავეში მაგათი უდგას,“ - ეს კი თვითონ სალიჰამიჯიჩის სიტყვებია. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, „ბაიერნამდე“, სალიჰამიჯიჩი „ჰამბურგშიც“ სწორედ მაგათმა გადაიყვანა.

„ჰამბურგის“ რიგებში ბრაცომ 72 მატჩში 19 გოლის გატანა შეძლო (14 პასი), „ბაიერნში“ კი ცხრა წელი გაატარა და 234 შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა (36 საგოლე პასი). მიუნხენურ გრანდთან ერთად ის ექვსჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, ოთხჯერ მოიგო გერმანიის თასი და 2001 წელს კი ჩემპიონთა ლიგაც მოიგო - ფინალში, „ვალენსიას“ პენალტიც გაუტანა. ჰასანმა რეკორდმაისტერი 2007 წელს დატოვა და „იუვენტუსს“ მიაშურა. „ბებერ ქალბატონთან“ მას ოთხწლიანი კონტრაქტი აკავშირებდა და ტურინში სწორედ ოთხი წელი გაატარა.

ჰასან სალიჰამიჯიჩი პატრიკ ოხსის, სრდიან ლაკიჩისა და მატეუშ კლიხის შემდეგ, „ვოლფსბურგისთვის“ რიგით მეოთხე ახალწვეულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული